Accessibility links

მობეტონება - მდინარის ეკოლოგიური საფრთხე თუ წყალგამტარიანობის გაზრდა?


მდინარე ოღასკურის მობეტონებული კალაპოტი

“საავტომობილო გზა ან ველობილიკი არ გეგონოთ. ეს მდინარე ოღასკურაა ქუთაისში, რომლის ფსკერი მოაბეტონეს“ - დაწერა 24 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციის „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა და ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრმა ხვიჩა ვაშაყმაძემ საკუთარ ფეისბუკგვერდზე. ამ სტატუსით ხვიჩა ვაშაყმაძემ ჟურნალისტ ქეთევან ბერძენიშვილის ფოტო გააზიარა და გარემოს დამცველებს მიმართა კითხვით, თუ უნახავთ მსგავსი სადმე. ხვიჩა ვაშაყმაძის პოსტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, ათეულობით კომენტარში მოქალაქეებმა ფაქტი უარყოფითად შეაფასეს. ხვიჩა ვაშაყმაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მიუღებელია მდინარის კალაპოტში მსგავსი ჩარევა, რადგან ფსკერისა და ჯებირების ბეტონით მოპირკეთება ანადგურებს მდინარის ეკოსისტემას და ხელს უშლის მასში ცოცხალი ორგანიზმების წარმოქმნასა და გამრავლებას:

„გაუმართლებლად მიმაჩნია კალაპოტის მობეტონება, მდინარე ოღასკურა არის ცოცხალი ორგანიზმი, იქ არის მცენარეები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები და ვთვლი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დანაშაულია. უარყოფითია ის, რომ მსგავსი მშენებლობები მიმდინარეობს ისე, რომ სპეციალისტებს არ ეკითხებიან, არ ეცნობიან გამოცდილებას და ვდგებით ფაქტის წინაშე“.

მდინარე ოღასკურის კალაპოტი
მდინარე ოღასკურის კალაპოტი

მდინარე ოღასკურის კალაპოტის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა, გაღრმავება და მოპირკეთება ზაფხულში დაიწყო სამშენებლო კომპანია „კონსტანტამ“, პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 582 ათასი ლარი გამოიყო. სამუშაოები ორ ეტაპად უნდა შესრულდეს და მომავალ გაზაფხულზე დასრულდეს. როგორც ეკოლოგი თემურ კეპულაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, მდინარის კალაპოტის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტის იდეა მისაღებია, რადგან იგი მოსახლეობის წყალმოვარდნისგან დაცვას გულისხმობს. თემურ კეპულაძისავე განცხადებით, ის პროექტს არ იცნობს, მისი განხილვა ქალაქში მომუშავე სპეციალისტების ჩართულობით არ მომხდარა, ამიტომ შეფასებისგან თავს შეიკავებს:

„პროექტს არ ვიცნობ, მისი განხილვა სპეციალისტების ჩართულობით არ მომხდარა. იდეა კარგია, მაგრამ როგორ ხორციელდება, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ქუთაისში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ყველასთვის უცნობია“.

უმჯობესია მდინარე იყოს თავას ჭალაში და კალაპოტში. ბეტონებში და მსგავს მარწუხებში მოქცევა, ბუნებრივია, არც ერთ მდინარეს არ უხდება - არა აქვს მნიშვნელობა, დიდი იქნება თუ პატარა. ოღასკურა უკვე არხი იქნება. ეკოსისტემა შეიცვლება მთლიანად ქალაქში...
ავთანდილ ქვაჩაკიძე

მდინარე ოღასკურის კალაპოტის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას განხორციელებული ფსკერის მობეტონება მიუღებელია გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ხელმძღვანელისთვის. ავთანდილ ქვაჩაკიძის განცხადებით, ფსკერისა და ჯებირების ბეტონის საფარით მოპირკეთების შემთხვევაში მდინარე ექცევა მარწუხებში, რაც ნებისმიერი ზომის მდინარისთვის სიცოცხლისუნარიანობის შემაფერხებელია. ავთანდილ ქვაჩაკიძის განცხადებით, მსგავსი ჩარევით შეიცვლება ეკოსისტემა და მდინარე არხის სახეს მიიღებს:

„უმჯობესია მდინარე იყოს თავას ჭალაში და კალაპოტში. ბეტონებში და მსგავს მარწუხებში მოქცევა, ბუნებრივია, არც ერთ მდინარეს არ უხდება - არა აქვს მნიშვნელობა, დიდი იქნება თუ პატარა. ოღასკურა უკვე არხი იქნება. ეკოსისტემა შეიცვლება მთლიანად ქალაქში“.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ ქვაჩაკიძე განმარტავს, მდინარე ოღასკურის კალაპოტის რეკონსტრუქციის პროექტს არც ის იცნობს და არ შეუძლია თქვას, წყალმოვარდნის შემთხვევაში კალაპოტი გაატარებს თუ არა მდინარის წყალს და რამდენად იქნება დაცული მოსახლეობა. გარემოს დამცველის საპასუხოდ ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მდინარე ოღასკურის კალაპოტის მოწყობა მონოლითური ბეტონით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს როგორც ჯებირების, ასევე ფსკერის მოწყობას. შესაბამისად, მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და არ მოხდება მოსახლეობის დატბორვა. ამასთან, მომავალში მდინარის კალაპოტში მოგროვებული ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება.

მდინარე ოღასკურის კალაპოტი
მდინარე ოღასკურის კალაპოტი

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მირზა ხიდაშელის განმარტებით, წლების განმავლობაში დაგროვებული სილითა და ნატანით კალაპოტი 3-4 მეტრამდე იყო შემცირებული, ახლა კი ის 7 მეტრამდე გაფართოვდა და ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ამასთან, მდინარის კალაპოტში მოიჭრა ერთ მეტრამდე მიწა და გაიზარდა მისი სიმაღლე. მირზა ხიდაშელის განცხადებით, ქალაქის ტერიტორიაზე, ჯავახიშვილის ქუჩიდან ავტოქარხნის დასახლებამდე, მდინარის კალაპოტის ნაწილი ორჯერ მოეწყო იმავე მეთოდით, როგორც ამჟამად მიმდინარეობს:

„მდინარე ოღასკურის რიგ ადგილებში შემორჩენილია ბეტონის ძველი კალაპოტი. მაგალითად, ჯავახიშვილის ქუჩიდან ბუხაიძის ქუჩამდე მონაკვეთში არის ბეტონის კალაპოტი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებშია მოწყობილი. მთავრობის სახლიდან პარლამენტამდეც არის მთლიანად ბეტონის კალაპოტი, რომელიც 2012 წლამდეა აგებული. გადაწყდა, რომ იმ მონაკვეთებში, სადაც არ არსებობდა ბეტონის საფარი, მოპირკეთებულიყო, რაც გაზრდის მდინარის წყლის გამტარუნარიანობას და მოხსნის დატბორვის საფრთხეს“.

მდინარე ოღასკურის კალაპოტი
მდინარე ოღასკურის კალაპოტი

მირზა ხიდაშელის აზრით, ცოცხალი ორგანიზმებისთვის დროთა განმავლობაში ოღასკურის კალაპოტში ბუნებრივად შეიქმნება გარემო, ისევე როგორც ეს მოხდა წლების წინ მოწყობილ მდინარის კალაპოტის სხვა მონაკვეთებში:

„ამ მონაკვეთში, სადაც ბეტონი მოეწყო, დროთა განმავლობაში შეიქმნება ბუნებრივი გარემო და ამ მხრივ საფრთხეს ვერ ვხედავ“.

მდინარე ოღასკურის ნაპირსამაგრი სამუშაოები უტარდება ჯავახიშვილის ქუჩიდან ნომერ 32-ე საჯარო სკოლამდე, ქალაქის იმ ტერიტორიაზე, სადაც მდინარესთან ახლოს ცხოვრობს მოსახლეობა და რამდენიმე ბაგა-ბაღი და სკოლა მდებარეობს. მდინარის კალაპოტის მოწყობას წლების განმავლობაში ითხოვს მოსახლეობა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ოღასკურა წყალუხვობით არ გამოირჩევა, პერიოდულად, ძლიერი წვიმების შემდეგ, წყალმოვარდნები ახასიათებს და მის ახლომდებარე კერძო და საჯარო ობიექტებს უქმნის საფრთხეს. ერთი წლის წინ მდინარის წყალმა დატბორა რამდენიმე საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის ეზო და პირველი სართული, რის შემდეგაც საჭირო გახდა მოსწავლეების ევაკუაცია. მდინარის წყალი შევარდა ახლოს მდებარე მრავალსართულიანი ბინების სარდაფებსა და საჯარო რეესტრის შენობაში, დაიტბორა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და ბუხაიძისა და ავტოქარხნის დასახლებების ცენტრალური ქუჩები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG