Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელია თუ არა მოსკოვსა და ერევანს შორის კავშირების გაწყვეტა?


ვლადიმირ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი. მოსკოვი, 25 მაისი, 2023 წელი
ვლადიმირ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი. მოსკოვი, 25 მაისი, 2023 წელი

სომხეთის ხელმძღვანელობამ არსებითად აღიარა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კუთვნილებაა, ასე რომ, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 12 სექტემბერს, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.

„და სომხეთის ხელისუფლებამაც ამის შესახებ საქვეყნოდ განაცხადა, აზერბაიჯანის სსრ-ს ფარგლებში აღიარა რა 1991 წლამდე არსებული მთელი ტერიტორია და დაასახელა რიცხვი, რომელშიც თავად ყარაბაღის ტერიტორია შედის. ეს მოხდა. ეს არ ყოფილა ჩვენი გადაწყვეტილება - ეს სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, სექტემბრის დასაწყისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, კერძოდ, რუსეთზე, დამოკიდებულებას.

გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა უკვე იგემა ამ სტრატეგიული შეცდომის „მწარე ნაყოფი“ და ამჟამად ცდილობს უსაფრთხოების სტრატეგიის „დივერსიფიკაციას“.


სომხეთის ლიდერს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა 2020 წლის 44-დღიანი ომი, რომლის დროსაც აზერბაიჯანმა შეძლო მთიან ყარაბაღში მნიშვნელოვან ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა.

ერევანში დასავლეთისკენ ჯერჯერობით „არავინ არ მიდის“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 8 სექტემბერს გამოიძახეს სომხეთის ელჩი ვაგარშაკ არშაკუნიანი. რუსული მედიის თანახმად, მას „მიეცა მკაცრი გაფრთხილება“ იმ „არამეგობრული ნაბიჯების სერიის“ გამო, რომელიც, კრემლის აზრით, ერევანმა გადადგა.

სომხეთში არ არის არანაირი წინაპირობა ისეთი კონსტიტუციური ძვრებისა, რომლებიც საქართველოში იყო 2004 წელს.
ვადიმ დუბნოვი

ჩამოთვლილ პრეტენზიებს შორის მოხვდა ასევე აშშ-ის მონაწილეობით დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, რომელიც 11 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბრამდე გასტანს.

მოსალოდნელია თუ არა მოსკოვსა და ერევანს შორის კავშირების გაწყვეტა და სომხეთის საგარეო კურსის დასავლეთისკენ გადახრა?

ექსპერტების აზრით, სომხეთ-რუსეთს შორის მზარდი უკმაყოფილება ჯერჯერობით არ იძლევა ასეთი შორსმიმავალი დასკვნების გაკეთების საფუძველს.

„აქ ორი საკითხი უნდა გავარჩიოთ. არსებობს გარკვეული სუბიექტური მდგენელი: ადამიანების ნაწილს კრემლში მართლა არ უყვარს ფაშინიანი, ჯერ კიდევ 2018 წლიდან არ უყვართ სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება. ესაა ერთგვარი ფონი, რომელზეც ვითარდება ურთიერთობა, მაგრამ ის არ არის გადამწყვეტი. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ის, ცხადია, წინ გამოდის და ექსპლუატაციას განიცდის“, - ამბობს ჟურნალისტი ვადიმ დუბნოვი, კავკასიის საკითხების ექსპერტი.

იგი ასეთად მიიჩნევს ამერიკულ-სომხურ სამხედრო სწავლებას, რომლის ჩატარებაც დიდი ხნის წინ გადაწყდა და მიმდინარე კრიზისთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„მოსკოვმა მშვენივრად იცოდა, რომ ასეთი წვრთნა ტარდებოდა. მეორეც, ეს მანევრები არცთუ ისეთი შთამბეჭდავია. ისინი ტარდება იმ ბაზაზე, რომელიც ამერიკელებმა თავად ააშენეს სომხეთში. და სამშვიდობო სწავლებებიც არ ტარდება პირველად. და ის, რომ სომხეთი მონაწილეობს გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში, ესეც ყოველთვის იყო ცნობილი. მეორე ისტორიაა - სომხეთის პირველი ლედის გამგზავრება კიევში. ეს იყო ერევნის მხრიდან შეგნებული ჟესტი, მაგრამ მასშიც უფრო მეტი სიმბოლიზმია, ვიდრე რაიმე პოლიტიკური აზრი. ისევე, როგორც ყველაფერ დანარჩენში, რასაც მოსკოვი სომხეთის დასავლეთისკენ წასვლის გარკვეულ ანტირუსულ სიმპტომებად განიხილავს. ერევანში დასავლეთისკენ ჯერჯერობით „არავინ არ მიდის“. სომხეთში არ არის არანაირი წინაპირობა ისეთი კონსტიტუციური ძვრებისა, რომლებიც საქართველოში იყო 2004 წელს. აქ [სომხეთში] ყველაფერი ეფუძნება წყენას რუსეთზე, რომელმაც არ აღმოუჩინა [სომხეთს] ე.წ. მოკავშირული დახმარება არც 2020 წელს და არც ახლა“, - ამბობს ვადიმ დუბნოვი.


ზოგიერთი კომენტატორის შეფასების პასუხად, რომ დასავლეთის ზოგიერთი ძალები ერევანს რუსეთთან დაშორებისკენ უბიძგებენ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „რუსეთი თავად ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს“.

„ეს სომხეთისთვის ეგზისტენციალური კრიზისია“

სომხეთის მთავრობის მეთაურის განცხადებების ფონია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ასევე ყარაბაღში ვითარების მორიგი ესკალაცია

რუს მშვიდობის დამცველებს ბოლომდე არ ძალუძთ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც რუსეთმა 2020 წლის 9-10 ნოემბრის შეთანხმებით იკისრა.
ალექსანდრ ისკანდერიანი

სომხეთი რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო ალიანსის (ОДКБ) წევრად, რომელიც აერთიანებს რუსეთსა და რიგ სხვა ქვეყნებს, მაგრამ მის ფარგლებში თანამშრომლობა ფაქტობრივად გაყინულია. სომხეთმა უარი თქვა ამ ორგანიზაციის ფარგლებში წვრთნების ჩატარებაზე თავის ტერიტორიაზე, ხოლო გასულ წელს ერევანში ორგანიზაციის სამიტზე უარი თქვა ხელი მოეწერა ერთობლივ დოკუმენტებზე, რადგან, ერევნის თანახმად, მოკავშირეებმა სომხეთს არ გაუწიეს საკმარისი მხარდაჭერა ყარაბაღის გარშემო განვითარებულ სიტუაციაში.

„ჩემი აზრით, პოლიტიკურად სერიოზული არაფერი მომხდარა. სომხეთი კვლავაც არის ОДКБ-ს წევრი, "ევრაზესის“ და დსთ-ს წევრი. ურთიერთქმედების ორმხრივი ფორმატები კვლავ არსებობს. სომხეთსა და რუსეთს სხვადასხვა სახის ორმხრივი შეთანხმებების საკმაოდ ფართო ბაზა აქვთ. და ეს ყველაფერი მუშაობს“, - ამბობს ალექსანდრ ისკანდერიანი, ერევნის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი.

მისი აზრით, სომხეთში არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული კრიზისი, რომელიც ერევნისათვის ეგზისტენციალური კრიზისია.

„საუბარია მუდმივ შეტაკებაზე აზერბაიჯანის საზღვართან, სროლაზე, ადამიანების დაღუპვაზე. და ეს ხდება არა მხოლოდ აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის საზღვარზე, არამედ უშუალოდ სომხეთის საზღვართან. არსებობს მთიანი ყარაბაღის ბლოკადის პრობლემა, იქ ჩვენ ვხედავთ ჰუმანიტარულ კრიზისს. ხოლო რუს მშვიდობის დამცველებს ბოლომდე არ ძალუძთ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც რუსეთმა 2020 წლის 9-10 ნოემბრის შეთანხმებით იკისრა. და ეს იწვევს გარკვეულ უკმაყოფილებას თავად სომხეთში“, - ამბობს ალექსანდრ ისკანდერიანი.


კრემლი და პირადად პუტინი კი ცდილობენ საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს რუსეთსა და სომხეთს შორის არაფერი დრამატული არ ხდება.

12 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე პუტინმა განაცხადა, რომ მუდმივ კონტაქტზე იმყოფება სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და ცოტა ხნის წინ მისგან ვრცელი წერილიც მიიღო.

„ჩვენ მასთან კონტაქტში ვიმყოფებით, ამ თვალსაზრისით, სომხეთთან და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, - განაცხადა პუტინმა.

მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ პუტინი კარგად არის ინფორმირებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის თაობაზე. ხოლო უცხოეთის ლიდერებთან მისი სატელეფონო ზარების მთავარ აზრი სწორედ ამ ინფორმაციის მიტანაა იმ კოლეგებამდე, ვინც „არ ფლობს ინფორმაციას ამა თუ იმ ნიუანსის“ შესახებ.

საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე, აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთის შუამავლობით, 2020 წლის 10 ნოემბერს, 44-დღიანი სისხლისმღვრელი ომის შემდეგ შეთანხმდნენ, რასაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „წარმოუდგენლად მტკივნეული“ შეთანხმება უწოდა. სამმხრივ შეთანხმებაში ნათქვამი იყო, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის უსაფრთხოებას რუსეთის 1650-კაციანი სამშვიდობო ქვედანაყოფი დაიცავს.

ამ ომის შედეგად, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის 1/3 და კიდევ, ეთნიკური სომხებით დასახლებული 7 მიმდებარე რაიონი აზერბაიჯანის ხელში გადავიდა.


12 სექტემბერს პუტინმა სომხეთის ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ თავის დროზე ერევანმა არ მიიღო რუსეთის წინადადება, აზერბაიჯანთან მოლაპარაკების გზით გადაეწყვიტა ლაჩინისა და ქელბაჯარის სომხეთის იურისდიქციის ქვეშ დარჩენის საკითხი.

„ჩვენს შეკითხვაზე - რის გაკეთებას აპირებთ? - გვპასუხობდნენ „ვიომებთო“. კარგი მაშინ-მეთქი. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მივიდა იმ სიტუაციამდე, რომელიც დღეს არის შექმნილი“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

სომხეთის ხელისუფლებიდან რუსეთის პრეზიდენტის ამ სიტყვებზე ჯერჯერობით კომენტარი არავის გაუკეთებია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG