Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსაცდელები და ტრანსპორტი - მგზავრების უკმაყოფილება ზაფხულში იზრდება


საქალაქო ტრანსპორტი ქუთაისში
საქალაქო ტრანსპორტი ქუთაისში

ქუთაისში ტრანსპორტის მოსაცდელები მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეა. გარეუბნებში, საიდანაც ცენტრამდე რამდენიმე მიკროავტობუსი და ავტობუსი მოძრაობს, მოქალაქეებს წვიმის ან გაუსაძლისი სიცხის დროს ტრანსპორტის ლოდინი ღია ცის ქვეშ უწევთ. მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მოსაცდელების მოწყობას მოითხოვენ:

„წელს ძალიან ცხელი ზაფხულია, კიდევ მეტი მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი და, ფაქტობრივად, შეიძლება სავალალო შედეგი მივიღოთ და გაჩერებაზე მდგომი ადამიანი წაიქცეს ქუჩაში“;

ჩვენს შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის მიხედვით, აღებული ვალდებულება უნდა შეასრულოს და, ჯამში, 111 მოსაცდელი უნდა მოაწყოს 30 დღის ვადაში.
გიორგი გიორგობიანი

„ზამთარშიც და ახლაც, როცა ძლიერი სიცხეა, ფაქტობრივად, შეუძლებელია გარეთ დგომა და ღია ცის ქვეშ ტრანსპორტის დალოდება. ვფიქრობ, რომ აუცილებელია გარეუბნებშიც მოწესრიგდეს მოსაცდელები“.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში 111 მოსაცდელის მოწყობის ვალდებულება 2010 წელს აიღო კომპანია „ვისოლის“ შვილობილმა „ფერტუნა მედიამ“, რომელმაც ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე 41 მოსაცდელი დაამონტაჟა. მერიასთან 2016 წელს განახლებული ხელშეკრულებით, კომპანიას 2017 წლის ბოლომდე უნდა მოეწყო დარჩენილი მოსაცდელები, რაც გაკოტრების გამო ვერ შეძლო. ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი გიორგობიანის, განცხადებით, მგზავრთა მოსაცდელების მოსაწყობად ცოტა ხნის წინ შედგა მოლაპარაკება „ფერტუნა მედიას“ სამართალმემკვიდრე კომპანიასთან, რომელმაც ვალდებულება ერთი თვის ვადაში უნდა შეასრულოს:

„სამწუხაროდ, არ შესრულდა „ფერტუნა მედიას“ ვალდებულებები. ამჟამად კომპანიის სამართალმემკვიდრეა შპს „ალმა“. ჩვენს შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის მიხედვით, აღებული ვალდებულება უნდა შეასრულოს და, ჯამში, 111 მოსაცდელი უნდა მოაწყოს 30 დღის ვადაში“.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქუთაისში
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქუთაისში

მოსაცდელების დამონტაჟებამდე ქუთაისის გარეუბნებში მგზავრებს ზაფხულის ცხელ დღეებში კვლავ ხეებისა და შენობების ჩრდილისთვის უწევთ თავის შეფარება, თუმცა ყველგან ამის საშუალებაც არ არსებობს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მგზავრებს ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით აწუხებთ, შიდასაქალაქო ტრანსპორტში კონდიცირების არარსებობაა. მგზავრების ნაწილი ჩივის ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ანტისანიტარიის გამოც:

„სისუფთავე არ არის, სკამებიც მოუწესრიგებელია, კონდიცირების ფუნქციას ღია ფანჯრებში გამჭოლი ჰაერი ასრულებს“;

„არ არის მოწესრიგებული, ჭუჭყიანია ტრანსპორტი, არ არის სუფთა“;

„არ არის მოწესრიგებული არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ სისუფთავე არაა, არამედ ინტერიერი ზოგჯერ ისეა დაზიანებული, შეიძლება ტანსაცმელი გამოსდო და დაგეხეს“.

მგზავრების კრიტიკულ მოსაზრებებს არ იზიარებენ მძღოლები, მიკროავტობუსების მფლობელები კი ამბობენ, რომ კონდიცირების სისტემა გამართული აქვთ, თუმცა ქალაქში გაჩერებების სიახლოვის გამო მის გამოყენებას აზრი არა აქვს. რაც შეეხება ტრანსპორტის სისუფთავეს, მფლობელები ირწმუნებიან, რომ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს უვლიან:

„შიგნით როგორ არაა მოწესრიგებული, შეხედეთ ავტობუსს!“

„მიკროავტობუსები ყველა მოწესრიგებულია აბსოლუტურად. კონდიცირების სისტემა აქვს მიკროავტობუსებს, მაგრამ ვერ იმუშავებს, რადგან ყოველ 2 წუთში გვიწევს გაჩერება, იღება კარი და ვერ იმუშავებს“.

მოძველებული და ზოგიერთ შემთხვევაში ამორტიზებული ავტოტრანსპორტი ქუთაისში მგზავრებს, უკვე წლებია, აწუხებთ, თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ, შიდასაქალაქო სვლა- გეზებზე ყოველი ტენდერის გამოცხადების დროს იდება მოთხოვნები მგზავრთა მომსახურების პირობების გაუმჯობესებისთვის. ქუთაისში ამჟამად მოძრავი ავტორანსპორტის დიდ ნაწილს მგზავრთა გადაყვანის ნებართვა 2019 წლის ბოლომდე აქვს. ყოველდღიურად მგზავრები გადაჰყავს 17 კომპანიის 70-მდე ავტობუსსა და 160 მიკროავტობუსს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG