Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ანტიუკრაინულ სცენარს დნესტრისპირეთში ტერაქტის მცდელობაც დაემატა


არაღიარებული დნესტრისპირეთის „უშიშროების სამინისტრო“ ამტკიცებს, რომ აღკვეთა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაგეგმილი ტერაქტი, რომელიც რამდენიმე ტირასპოლელი მაღალჩინოსნის, მათ შორის, მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის ლიდერის, ვადიმ კრასნოსელსკის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ინფორმაცია ტერაქტის სამზადისის შესახებ თავის ტელეგრამის არხზე დაადასტურა დნესტრისპირეთის პრეზიდენტის ოფისმა, რომელიც მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სპეციალური საგამოძიებო ფილმის საშუალებით გააცნობს აღკვეთილი ტერაქტის დეტალებს.

სეპარატისტულ დნესტრისპირეთში უკრაინის სპეცსამსახურის მიერ დაგეგმილ სავარაუდო ტერაქტს „კრემლში დადგმული პროვოკაცია“ უწოდეს კიევში. „ტყუილი და პროვოკაცია - იარაღის ერთ-ერთი სახეობაა, რომლითაც რუსეთის ფედერაცია აქტიურად სარგებლობს“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) განცხადებაში.

ტირასპოლის ვერსია - ჰექსოგენი, სადენები, ჭანჭიკები და ხრახნები

9 მარტის დილით, დნესტრისპირეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტერაქტის მცდელობის აღკვეთის შესახებ.

„ეს დანაშაული, უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით, მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის პირველი პირების წინააღმდეგ მზადდებოდა. ეჭვმიტანილები დააკავეს. ისინი აღიარებით ჩვენებებს იძლევიან“, - ნათქვამია დნესტრისპირეთის უშიშროების სამსახურის პრესრელიზში.

ადგილობრივი და მოლდოვური მედიის წყაროთა ცნობით, ტირასპოლის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთი დნესტრისპირელი მაღალჩინოსნის გადაადგილების დროს უნდა მომხდარიყო პარკინგზე მდგარი დანაღმული ავტომობილის დეტონაცია.

„ტერორისტული აქტი ქალაქ ტირასპოლის ცენტრალურ ნაწილში მოქალაქეთა დიდი თავშეყრის დროს უნდა განხორციელებულიყო“, - განაცხადა დნესტრისპირეთის ტელეკომპანია „პირველ არხთან“ ინტერვიუში სეპარატისტული რესპუბლიკის პროკურორმა ანატოლი გურეცკიმ.

სეპარატისტულ ტირასპოლში ამტკიცებენ, რომ გამომძიებლებმა აღნიშნული ავტომობილი იპოვეს, მასში აღმოჩნდა 8 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისთვის საჭირო სადენები, ჭანჭიკები და ხრახნები.

სხვა დეტალებზე სეპარატისტული დნესტრისპირეთის მოსახლეობას ინფორმაცია ხუთშაბათს, დღის ბოლოს მიაწოდა ტირასპოლის პრეზიდენტმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ.

დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ გამოძიებამ უკვე დააკავა უკრაინის უშიშროების სანქციით მომზადებულ ტერაქტში ეჭვმიტანილები. ერთ-ერთი, ადრე ძარცვისათვის მსჯავრდადებული მოლდოვის მოქალაქე, ბოლო ხანს ცხოვრობდა ოდესაში. 2022 წელს ის უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის უწყებაში, შემდეგ კი უშიშროების სამსახურში შევიდა. „იქ მას შეასწავლეს ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება და დაავალეს, რომ ჯერ თვალი ედევნებინა, შემდეგ კი მოეკლა რესპუბლიკის ხელმძღვანელი“, - ამის შესახებ ინფორმაცია წუხელ ტელეკომპანია „დნესტრისპირეთის პირველმა“ გაავრცელა. სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი ტელეკომპანიის ცნობით, დანარჩენი ეჭვმიტანილები დნესტრისპირეთში უკრაინელი ლტოლვილების სტატუსით მოხვდნენ.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა 10 მარტს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავრობა არ ფლობს მტკიცებულებას სავარაუდო ტერაქტთან დაკავშირებით, მაგრამ დარწმუნებულია, რომ „არ არსებობს ამ რეგიონიდან მომდინარე ესკალაციის საფრთხე“.

ტერაქტის სამზადისი - რუსული გეგმის მესამე ეტაპი

დნესტრისპირეთში სავარაუდო ტერაქტის აღკვეთის შესახებ გავრცელებული ცნობას „კრემლში დადგმული მიზანმიმართული პროვოკაცია“ უწოდეს კიევში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ რუსეთის ესწრაფვის „სიტუაციის შერყევას ტერიტორიაზე, რომელიც მას ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს და მის კონტროლს ექვემდებარება“.

მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში 90-იანი წლებიდან დისლოცირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთი. მოლდოვის ხელისუფლება უშედეგოდ მოითხოვს რეგიონიდან რუსული კონტინგენტის გაყვანას.

„ტერაქტს დნესტრისპირეთში“ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინას არ გააჩნია არავითარი მოტივი სადმე ისეთი ქმედების განხორციელებისა, რომელიც შესაძლებელია კვალიფიცირებული იყოს, როგორც ტერაქტი,

„ჩვენ ეს არ გვჭირდება. რადგან ბევრი საქმე გვაქვს ბრძოლის ველზე და ნებისმიერი „ტერაქტი“ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე არ მოგვცემს დამატებით კოზირებს“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

მისი თქმით, რუსეთი საბაბს ეძებს მოლდოვაზე თავდასხმისთვის. პირველი ეტაპი იყო ცნობა უკრაინის დნესტრისპირეთში შესაძლო „შეჭრის“ თაობაზე. მეორე - კიშინიოვში გადატრიალების მოწყობის მცდელობა. „ამგვარად, უკრაინის დადანაშაულება დნესტრისპირეთში „ტერაქტის“ მომზადებაში, რუსეთის გეგმის მესამე ეტაპს წარმოადგენს“, - წერს ტვიტერში მიხაილო პოდოლიაკი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსალოდნელი ტერაქტის თავიდან აცილების შესახებ ტირასპოლის მიერ 9 მარტს ატეხილი სკანდალი ბოლოა იმ „ფეიკების“ სერიაში, რომლის უკანაც რუსეთი დგას.

23 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმი“ დნესტრისპირეთის წინააღმდეგ ამზადებდა „შეიარაღებულ პროვოკაციას, რომელსაც განახორციელებდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, მათ შორის ნაციონალისტური ფორმირება აზოვი“.

რუსეთის მტკიცებით, შეჭრის საბაბად გამოყენებული იქნებოდა დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან უკრაინაში რუსი სამხედროების შეჭრის ინსცენირება, რაშიც მონაწილეობას მიიღებდნენ რუსეთის არმიის სამხედროების ფორმებში გადაცმული „უკრაინელი დივერსანტები“. მაგრამ ამის მსგავსი არაფერი მომხდარა.

მანამდე, თებერვლის დასაწყისში, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უკრაინის ხელისუფლებისგან მიიღო სადაზვერვო ცნობები კრემლის გეგმის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მოლდოვაში დესტაბილიზაციას, ხელისუფლების შეცვლას პრორუსული მთავრობით, ევროპული ინტეგრაციის შეჩერებას და უკრაინის წინააღმდეგ ომში მოლდოვის გამოყენებას.

„მოსკოვი გათვლას აკეთებს მოლდოვის რესპუბლიკის შიგნით მოქმედი ზოგიერთი ძალის მხარდაჭერაზე, როგორიცაა „შორის“ პარტია, ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანები და პირები, რომლებსაც კავშირი აქვთ დევნილ ოლიგარქ ვლად პლაჰოტნიუკთან“, - განაცხადა მოსახლეობისადმი მიმართვაში მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

რუსეთის და მის მიერ მხარდაჭერილი ძალებისგან მომდინარე საფრთხის არსებობის პირობებში, მოლდოვის პრეზიდენტმა გამოაცხადა ახალი ზომების მიღება და ქვეყნის უშიშროების სამსახურისა და პროკურატურის ყველა შესაბამისი ინსტრუმენტით აღჭურვა.

ხოლო მოლდოვის პრორუსულად განწყობილი ოპოზიციის მიერ დაანონსებული „მასშტაბური საპროტესტო“ აქციების მორიგი ტალღა დაწყებისთანავე მიინავლა და დაკარგა აქტუალობა.

სანდუსვე თქმით, რუსეთის ფედერაცია მოლდოვაზე თავდასხმას ცდილობს. პირველი ეტაპი არის გზავნილი დნესტრისპირეთში უკრაინის სავარაუდო „შემოჭრის“ შესახებ. მეორე არის კიშინიოვში გადატრიალების მცდელობა.

ამდენად, მისი აზრით, დნესტრისპირეთში „ტერაქტის“ მომზადებაში უკრაინის დადანაშაულება რუსეთის ფედერაციის გეგმის მესამე ეტაპის ნაწილია.

მაგრამ აქტუალობას არ კარგავს რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობა მოლდოვაში, სადაც სეპარატისტული „მეხუთე კოლონის“ გარდა კრემლს მძლავრი სამხედრო დასაყრდენიც ეგულება.

  • უკრაინისა და მოლდოვის საზღვარზე მდებარე დნესტრისპირეთმა, სადაც დაახლოებით 450 000 ადამიანი ცხოვრობს, 1990-იან წლებში გამოაცხადა დამოუკიდებლობა. სეპარატისტული ტირასპოლის ამ ნაბიჯს, ორი წლის შემდეგ მოჰყვა ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი ჩანასახში მყოფ მოლდოვის შეიარაღებულ ძალებთან, რაც 1992 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.
  • ამ შეთანხმების საფუძველზე დნესტრისპირეთში შევიდა რუსეთის სამხედრო ძალა, რომელსაც მოსკოვი სამშვიდობოს უწოდებს. მაგრამ ასე არ ფიქრობს კიშინიოვი. 2021 წლის ნოემბერში, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთს დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან თავისი ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა.
  • ამჟამად დნესტრისპირეთში რუსეთის სულ მცირე 2000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. აქედან 500 რუსი ჯარისკაცი დნესტრისპირეთში განლაგებულ ერთიანი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში იმყოფება. ამას ემატება 1500-ჯარისკაციანი რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე დატოვებული კობასნის იარაღის საწყობების დაცვაა.
  • იმის გამო, რომ მოლდოვა ვერ აკონტროლებს დნესტრისპირეთს, რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ მადესტაბილიზებელ ქმედებაში შესაძლოა ჩააბას არა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე არსებული რუსეთის სამხედრო ძალა, არამედ ე.წ. დნესტრისპირეთის არმია, რომელშიც დაახლოებით 4000-დან 7500-მდე ჯარისკაცი შედის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG