Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი „მოსკოვის პროვოკაციას“ უწოდებს დნესტრისპირეთში აღკვეთილ ტერაქტის მცდელობასთან უკრაინის კავშირს


საკონტროლო-გამშვები პუნქტი ტირასპოლის შესასვლელთან
საკონტროლო-გამშვები პუნქტი ტირასპოლის შესასვლელთან

მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდნენ. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პროკურორმა ანატოლი გურეცკიმ ტელეკომპანია „დნესტრისპირეთის პირველთან“ საუბარში განაცხადა, რომ ტერაქტი ტირასპოლის ხალხმრავალ ადგილზე უნდა მომხდარიყო და „ხელისუფლების პირველი პირების გარდა, მას დიდი მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა მოსახლეობაშიც".


ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ სავარაუდო თავდასხმა 6 მარტს უნდა მომხდარიყო სეპარატისტული დნესტრისპირეთის ლიდერ ვლადიმირ კრასნოსელსკის წინააღმდეგ, რომლის გადაადგილებასაც ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ავტომობილის სახურავზე დამონტაჟებული კამერით ადევნებდა თვალს.

მოგვიანებით კრასნოსელსკიმ განაცხადა, რომ გამოძიებამ უკვე დააკავა უკრაინის უშიშროების სანქციით მომზადებულ ტერაქტში ეჭვმიტანილები. ერთ-ერთი, ადრე ძარცვისათვის მსჯავრდადებული მოლდოვის მოქალაქე, ბოლო ხანს ცხოვრობდა ოდესაში. 2022 წელს ის უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის უწყებაში, შემდეგ კი უშიშროების სამსახურში შევიდა. „იქ მას შეასწავლეს ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება და დაავალეს, რომ ჯერ თვალი ედევნებინა, შემდეგ კი მოეკლა რესპუბლიკის ხელმძღვანელი“, - ამის შესახებ ინფორმაცია წუხელ ტელეკომპანია „დნესტრისპირეთის პირველმა“ გაავრცელა. სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი ტელეკომპანიის ცნობით, დანარჩენი ეჭვმიტანილები დნესტრისპირეთში უკრაინელი ლტოლვილების სტატუსით მოხვდნენ.

სეპარატისტულ ტირასპოლში ამტკიცებენ, რომ გამომძიებლებმა აღნიშნული ავტომობილი იპოვეს, მასში აღმოჩნდა 8 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისთვის საჭირო სადენები, ჭანჭიკები და ხრახნები.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა 10 მარტს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავრობა არ ფლობს მტკიცებულებას სავარაუდო ტერაქტთან დაკავშირებით, მაგრამ დარწმუნებულია, რომ „არ არსებობს ამ რეგიონიდან მომდინარე ესკალაციის საფრთხე“.

სეპარატისტულ დნესტრისპირეთში უკრაინის სპეცსამსახურის მიერ დაგეგმილ სავარაუდო ტერაქტს „კრემლში დადგმული პროვოკაცია“ უწოდეს კიევში. „ტყუილი და პროვოკაცია იარაღის ერთ-ერთი სახეობაა, რომლითაც რუსეთის ფედერაცია აქტიურად სარგებლობს“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) განცხადებაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ რუსეთი ესწრაფვის „სიტუაციის შერყევას ტერიტორიაზე, რომელიც მას, ფაქტობრივად, ოკუპირებული აქვს და მის კონტროლს ექვემდებარება“.

მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში 90-იანი წლებიდან დისლოცირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთი. მოლდოვის ხელისუფლება უშედეგოდ მოითხოვს რეგიონიდან რუსული კონტინგენტის გაყვანას.

•უკრაინისა და მოლდოვის საზღვარზე მდებარე დნესტრისპირეთმა, სადაც დაახლოებით 450 000 ადამიანი ცხოვრობს, 1990-იან წლებში გამოაცხადა დამოუკიდებლობა. სეპარატისტული ტირასპოლის ამ ნაბიჯს ორი წლის შემდეგ მოჰყვა ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი ჩანასახში მყოფ მოლდოვის შეიარაღებულ ძალებთან, რაც 1992 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.


• ამ შეთანხმების საფუძველზე დნესტრისპირეთში შევიდა რუსეთის სამხედრო ძალა, რომელსაც მოსკოვი სამშვიდობოს უწოდებს. მაგრამ ასე არ ფიქრობს კიშინიოვი. 2021 წლის ნოემბერში, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთს დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან თავისი ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა.

• ამჟამად დნესტრისპირეთში რუსეთის სულ მცირე 2000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. აქედან 500 რუსი ჯარისკაცი - დნესტრისპირეთში განლაგებული ერთიანი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. ამას ემატება 1500-ჯარისკაციანი რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე დატოვებული კობასნის იარაღის საწყობების დაცვაა.

• იმის გამო, რომ მოლდოვა ვერ აკონტროლებს დნესტრისპირეთს, მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ მადესტაბილიზებელ ქმედებაში შესაძლოა ჩააბას არა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე არსებული რუსეთის სამხედრო ძალა, არამედ ე.წ. დნესტრისპირეთის არმია, რომელშიც დაახლოებით 4000-დან 7500-მდე ჯარისკაცი შედის.
XS
SM
MD
LG