Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი-თბილისი: "გაცვეთილი" ოკუპაცია და ჭკუის დარიგება


რუსეთის საგარეო უწყება არ ჩერდება - ოკუპაციაზე ლაპარაკს „გაცვეთილად“ თვლის, მაგრამ ფიქრობს, რომ რუსეთსა და საქართველოს მაინც ბევრი აქვთ სალაპარაკო და მთავარი არ არის ის, თუ ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა სერგეი ლავროვსა და დავით ზალკალიანს შორის. თუმცა ეს შეკითხვა აქტუალურია საქართველოში მას შემდეგ, რაც ლავროვმა შეხვედრის ინიციატორად ქართული მხარე დაასახელა, ხოლო საქართველოს საგარეო უწყება საპირისპიროს ამტკიცებს. 30 სექტემბერს კი, სწორედ ლავროვის მიერ გახმოვანებული ვერსია დაადასტურა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

რა არის ეს - ქართული მხარის წინდაუხედაობა, უნებლიე შეცდომა თუ შეგნებული ტყუილი? რატომ გახდა საჭირო სიმართლის დამალვა? კიდევ რა შეიძლება იმალებოდეს?

იყო, არ იყო, იყო, არ იყო...

ვინ მოითხოვა შეხვედრა რუს და ქართველ მინისტრებს შორის? - შეკითხვის ასე დასმას საკითხის „გაპრიმიტიულებას“ უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი. ვერსია, რომელიც მან 30 სექტემბერს გაუზიარა ჟურნალისტებს, ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვერსიას და ემთხვევა სწორედ რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირის, სერგეი ლავროვის ნათქვამს.

გია ვოლსკი ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:54 0:00

გია ვოლსკიმ თქვა, რომ „შეხვედრა საქართველომ მოითხოვა“. თუმცა ეს, მისი აზრით, ეს ბევრს არაფერს ცვლის და არც საქართველოს პოზიციებს აკნინებს.

„ამ შემთხვევაში საკითხის გაპრიმიტიულება - ვინ მოითხოვა შეხვედრა - ეს არის პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ასპექტი... მოითხოვა შეხვედრა საქართველომ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქედის მოხრას და მით უმეტეს - საერთაშორისო კონტექსტიდან ჩვენი ინტერესების ამოვარდნას“.

გია ვოლსკი ასევე აღნიშნავს, რომ:

  • „(რუსეთსა და საქართველოს შორის) პრობლემა ნამდვილად არსებობს და პრობლემა გვარდება ორი გზით: ან შეიარაღებული გზით ან მოლაპარაკებით“;
  • „ჩვენი საერთაშორისო ასპექტი მთლიანად მობილიზებულია იმისათვის, რათა ეს დაძაბულობა როგორმე შევამციროთ“.

მანამდე გაკეთებულ ყველა განცხადებაში, წერილობითსა თუ ზეპირში, საგარეო უწყება და მინისტრი ზალკალიანი მუდმივად იმეორებდნენ, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

ინიციატორისა და ხელშემწყობის როლში ყოფნის შესახებ შესახებ თავად შვეიცარიული მხარემაც გააკეთა განცხადება მალევე, 26 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ.

გია ვოლსკის განცხადების მიუხედავად, თავდაპირველ პოზიციაზე რჩება საგარეო უწყება. მინისტრი ზალკალიანი ამ თემაზე სასაუბროდ 28 სექტემბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა, მაგრამ როგორც მისმა მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა 30 სექტემბერს:

  • ეს მოულოდნელი შეხვედრა არ იყო;
  • ეს შეხვედრა იყო შვეიცარიის კონფედერაციის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული და პარტნიორების მიერ მხარდაჭერილი;
  • ეს იყო შესაძლებლობა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრს მიეცა საშუალება, რომ პირდაპირ, თავისი კოლეგის წინაშე დაეყენებინა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მტკივნეული საკითხები.

ამ დღეებში ასევე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის არაერთმა წევრმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ინიციატივა ქართულ მხარეს არ ეკუთვნოდა. თუმცა განსხვავებული ვერსია აქვს გაგებული „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, გიორგი ლომიას - „თვითონ ბატონი ზალკალიანი ამბობს, რომ მისი ინიციატივით მოხდა შეხვედრა... თუ ეს ასეა, მივესალმებით, დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა“.

აზრთა ასეთი ჭრელი სხვადასხვაობის ფონზე, სულ უფრო მრავლდება ეჭვები და შეკითხვები და მათ შორის - რუს და ქართველ მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებითაც.

  • ოპონენტები სვამენ შეკითხვას - თუკი სიმართლე დაიმალა შეხვედრის ინიციატივასთან დაკავშირებით, რატომ უნდა დაიჯეროს ხალხმა ხელისუფლების განცხადებები შეხვედრის მიზნებთან და შინაარსთან დაკავშირებით?

მწვავე კრიტიკის თანხლებით, ოპოზიცია დავით ზალკალიანის პარლამენტში მოსმენას ითხოვს. „ნაციონალურმა მოძრაობას“ ეკუთვნის ინიციატივა - რეგლამენტით დაშვებული მეტი შესაძლებლობის გამო, მოსმენა საკომიტეტო ფორმატში გაიმართოს. მინისტრის პარლამენტში დაბარებას ითხოვს „ევროპული საქართველოც.“

რა თქვა ლავროვმა და რა აწუხებთ საქართველოში?

როცა ქართველები ოკუპაციის პრობლემებზე ლაპარაკობენ, მოსკოვი ამ საუბარში „გაცვეთილ თეზისებს“ ხედავს; ხოლო დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საბაბად რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატთან, სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენები სახელდება.

რუსეთის საგარეო უწყებამ 30 სექტემბერს ახალი განცხადება გამოაქვეყნა:

  • „დიდად სამწუხაროდ, ჩვენ ისევ გვესმის ძირითადად გაცვეთილი თეზისები „ოკუპაციასთან“ დაკავშირებით“;
  • „ასევე, როგორც ჩანს, ჩვენს ქართველ კოლეგებს აღელვებთ ამ მოლაპარაკებების არა იმდენად შინაარსი და მიმართულება, არამედ პროტოკოლისა და ფორმატის საკითხები“;
  • „ნიუ-იორკში გამართული, ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა ორიენტირებული იყო იმაზე, რომ მოიძებნოს იმ არამარტივი ვითარებიდან გამოსვლის გზები, რომელშიც მოხვდა მათ შორის - ივნის-ივლისის ცნობილი მოვლენების შემდეგ“.

30 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სერგეი ლავროვის უწყება მადლობას უხდის შვეიცარიულ მხარეს, მათ შორის - ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის ხელშეწყობისთვის. მოსკოვის მიერ შვეიცარია ისევ ხელშემწყობად სახელდება და არა შეხვედრის ინიციატორად, ისევე, როგორც თავად სერგეი ლავროვმა თქვა 28 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ინიციატივა რომელიმე მხარის უნდა ყოფილიყო, ან რუსეთის ან - საქართველოსი, შვეიცარიელ შუამავლებს შეეძლოთ მხოლოდ ამ ინიციატივისთვის შეეწყოთ ხელი, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ქართულ მხარეს ამ ფაქტის დამალვა და თუკი ეს შიდაპოლიტიკური დაპირისპირების თავიდან ასაშორებლად გადაწყდა - „საბოლოოდ უფრო დიდი გაუგებრობა მივიღეთ“.

„თუ ასეთ ნაბიჯს დგამ და მიდიხარ რუსეთთან დიალოგზე, აღარ უნდა იფიქრო ცუდ შლეიფზე, უფრო კატეგორიული უნდა იყო, მაგრამ ეს „ქართული ოცნებაა“, როგორც ყოველთვის, თან რაღაცას აკეთებს და თან ხვდება, რომ - ეს ის არ არის, რაც უნდა გააკეთოს... თან აკეთებს და თან მორცხვობს...“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვახტანგ ძაბირაძემ.

ძაბირაძე ფიქრობს, რომ, თუკი ლავროვთან შეხვედრის ინიციატორი მართლაც ქართული მხარეა, მას წინასაარჩევნო მიზნები ამოძრავებს - „რასაც ხმამაღლა ვერ იტყვის“.

  • „ქართული ოცნება“ კარგავს ამომრჩეველს და ეს შეხვედრა („რუსეთთან შერიგება“) გათვლილი იყო იმ ამომრჩევლის გულის მოგებაზე, რომელსაც რუსეთის ბაზარის იმედი აქვს, რომელსაც რუსი ტურისტების შემცირებამ მიაყენა ზარალი ანდა უბრალოდ, პრორუსული ორიენტაციისაა“;
  • „ასეთი ამომრჩევლის მიმხრობა ამ სვლით უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე რაიმე დიდი სოციალური და ეკონომიკური პროექტის განხორციელებით“.

ძაბირაძე თვლის, რომ შეხვედრამ და შემდეგ უკვე ლავროვის განცხადებებმა ქულები დაუწერა არა საქართველოს, არამედ - რუსეთს, როგორც შიდა, ასევე საგარეო ასპარეზზე.

  • რუსეთმა აჩვენა დასავლეთს, აი, უარს არ ვამბობ სამშვიდობო მოლაპარაკებაზეო;
  • რუსეთის ხელისუფლებამ აჩვენა თავის ხალხს: აი, ოკუპირებულ საქართველოსთან ისე მაქვს საქმე დაყენებული, თავად მოვიდნენ, ისევ გვეხვეწებიანო.

ნიუ-იორკის შეხვედრამ, სულ მცირე, უხერხული სიტუაცია რომ შექმნა, ეს ცხადია ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძისთვისაც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მნიშვნელოვანია ინიციატორის დადგენაც და რაც მთავარია - შეხვედრაზე განხილული საკითხების დაკონკრეტება. რუსეთის საგარეო უწყებისა და თავად მინისტრ ლავროვის განცხადებებზე დაყრდნობით ჩიტაძეს რამდენიმე ვერსია აქვს:

  • რუსეთი უბიძგებს საქართველოს ხელისუფლებას - გადავიდეს რადიკალურ ზომებზე პროდასავლური ორიენტაციის მოქალაქეების მიმართ - რომლებმაც გააპროტესტეს რუსი დეპუტატის (სერგეი გავრილოვის) ჩამოსვლა საქართველოში;
  • თუკი საქართველოს ხელისუფლება ამას გააკეთებს, რუსეთის გათვლაა, რომ შეილახოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი.

რუსეთის საგარეო უწყებისა და მისი ხელმძღვანელის განცხადებებში ანალიტიკოსები ხედავენ მკაფიო მესიჯებს, რომ მოსკოვს საქართველოს დეოკუპაციაზე საუბარზე არც კი უფიქრია და ის ახლა მხოლოდ ავაიმიმოსვლის აღდგენის თემით ვაჭრობს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG