Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეონაცისტური თავდასხმა მოსკოვის სკოლაში. მოკლულია 10 წლის ტაჯიკი მოსწავლე


მოკლული ბავშვის ნათესავები ტირიან იმ სკოლის წინ, სადაც დანაშაული მოხდა. მოსკოვი, ოდინცოვოს რაიონი. 2025 წლის 16 დეკემბერი
მოკლული ბავშვის ნათესავები ტირიან იმ სკოლის წინ, სადაც დანაშაული მოხდა. მოსკოვი, ოდინცოვოს რაიონი. 2025 წლის 16 დეკემბერი

მოსკოვში 15 წლის მოსწავლემ ნაციონალისტური მოტივით თავისივე სკოლელი, 10 წლის ტაჯიკი ბიჭი მოკლა. დამნაშავემ წიწაკის სპრეი და დანა გამოიყენა, მკვლელობა კი ვიდეოზე გადაიღო.

მოსკოვის ტვერის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 15 წლის მოზარდს, რომელიც ბრალდებულია მოსკოვის ოდინცოვოს რაიონის დაბა გორკი-2-ში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლის, ეთნიკურად ტაჯიკი ბავშვის მკვლელობაში. მკვლელობა მოხდა 16 დეკემბერს, დილით ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სკოლაში, სადაც მეცხრე კლასის მოსწავლემ ჯერ დაცვის თანამშრომელს შეასხა სახეში წიწაკის სპრეი, შემდეგ კი 10 წლის მოსწავლე თანასკოლელი მოკლა დანის რამდენჯერმე დარტყმის შედეგად.

15 წლის ტიმოფეი კ.-მ სკოლის შენობაში დანა და წიწაკის სპრეი შეიტანა. სოციალურ ქსლებში გავრცელებულ ვიდეოში მას აცვია ტანსაცმელი, რომელზეც მკაფიოდ ჩანდა წარწერა: "No Lives Matter" („არავის სიცოცხლეს არ აქვს მნიშვნელობა“).

„No Lives Matter“ - სლოგანი ექსტრემისტული, მიზანთროპული ორგანიზაციისა, რომელიც ცნობილია, როგორც No Lives Matter (NLM). ეს ჯგუფი ეფუძნება ნიჰილიზმს, ანტიჰუმანიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმს.

მკვლელობაში ბრალდებულმა მოზარდმა თავისი ქმედებები ვიდეოკამერით გადაიღო. Telegram-ის არხებმა და რუსულმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნეს 15-წუთიანი ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ემზადება ტიმოფეი კ. თავდასხმისთვის სკოლის ტუალეტში, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მულაჟი დატოვა. შემდეგ დაიწყო კლასიდან კლასში სიარული, ერთ-ერთი „შავგვრემანი“ მასწავლებლის ძებნა, ბოლოს კი მასწავლებელთან ერთად ბავშვების ჯგუფსაც მიაკვლია.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება 15 წლის მოსწავლე ბავშვების ჯგუფს, ხელში დანა უჭირავს და ეკითხება: „რა ეროვნების ხარ?“ შემდეგ ბრუნდება, მისულ დაცვის თანამშრომელს სახეში წიწაკის სპრეის ასხურებს და დანას ურტყამს.

ამის მომსწრე ბავშვები გარბიან, იფანტებიან. მკვლელი მისდევს ერთ-ერთ მათგანს, შავთმიან ბავშვს და ყვირის: „რა ეროვნების ხარ? ახლა კი დაგერხა“.

გაქცეული ბიჭი კიბის უჯრედზე წაბორძიკდება. მოზარდი ეწევა და დანით ათეულობით დარტყმას აყენებს. მას შემდეგ, რაც ბავშვის სხეული მოძრაობას წყვეტს, მკვლელი თავის მსხვერპლთან სელფის იღებს.

შემდეგ ტიმოფეი კ. შერბის ცარიელ საკლასო ოთახში, სადაც მას, გარკვეული დროის შემდეგ, აკავებს გამოძახებული სპეციალური დანიშნულების რაზმი.

რა არის ცნობილი მოკლული ბიჭისა და მისი ოჯახის შესახებ?

ათი წლის კობილჯონ ალიევი იყო ამავე სკოლის დამლაგებლის, ტაჯიკეთის მოქალაქის, 35 წლის ნილუფარ საფოევას შვილი. მისი კიდევ ერთი, ცხრა წლის შვილიც კობილჯონის კლასში სწავლობს.

კობილჯონ ალიევი
კობილჯონ ალიევი

რუსული მედია იუწყება, რომ თავდასხმის მომენტში, როდესაც მე-4 „დ“ კლასის დამრიგებელმა ალინა ფაიზულაევამ ბავშვების საკლასო ოთახში შეყვანა დაიწყო, ბავშვი არა კლასში, არამედ კიბეებისკენ გაიქცა, სადაც დაეწია კიდეც თავდამსხმელი.

ოჯახის ერთ-ერთმა ნათესავმა რადიო თავისუფლების ტაჯიკურ სამსახურს („რადიო ოზოდი“) განუცხადა, რომ მასწავლებელს თავდაპირველად ბავშვების სასადილოში წაყვანა ჰქონდა განზრახული, მაგრამ საფრთხის შემჩნევის შემდეგ, მათი საკლასო ოთახში შეყვანა გადაწყვიტა. კობილჯონმა თქვა, რომ ის თავდამსხმელის ყურადღებას გადაიტანდა და კიბეებისკენ გაიქცა. ბავშვი თავის დაცვას ცდილობდა, ხელებს იფარებდა და თან ყვიროდა: „დადა! დადა! („მამა! მამა!“ - ტაჯიკ.)

დედა და მისი ორი შვილი სკოლის მახლობლად, ორ ნათესავ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. მეზობლები ოჯახზე დადებითად საუბრობენ. ნილუფარ საფოევა კიდევ რამდენიმე ადგილას მუშაობს - ასევე დამლაგებლად და მომვლელად. ქალი რუსეთში დაახლოებით ოთხი წლის წინ, ქმრის (ტაჯიკეთის სასაზღვრო ჯარების მოსამსახურის) გარდაცვალების შემდეგ ჩავიდა. ქალი რუსეთის კანონმდებლობის სრული დაცვით, პატენტით მუშაობდა, რათა, როგორც მისი ნათესავი ამბობს, ერჩინა ოჯახი და შვილები დაეყენებინა ფეხზე.

პატენტით მუშაობა - რუსეთთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებს რუსეთში შეუძლიათ მუშაობა პატენტით (სამუშაო ნებართვით). ეს მათ საშუალებას აძლევს, ლეგალურად იმუშაონ პატენტში მითითებული პროფესიისა და რეგიონების ფარგლებში. თუმცა მათ უნდა გააფორმონ შრომითი ხელშეკრულება, გადაიხადონ წინასწარი გადასახადები და დაიცვან იმიგრაციის რეგულაციები (შეატყობინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს), რათა ლეგალურად იმუშაონ, ისარგებლონ თავიანთი შრომითი უფლებებით და თავიდან აიცილონ დეპორტაცია.

ქალის ნათესავების თქმით, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე დედა შვილების დროებით ტაჯიკეთში სანდო პირთან გაგზავნას გეგმავდა, რადგან მათი პასპორტების ვადა იწურებოდა.

ბრალდებული: იარაღი და მანიფესტი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით“. უწყების ცნობით, ეჭვმიტანილმა გამოძიებას ჩვენება მისცა.

დაკავებული მოზარდის შერაცხადობის დადგენასთან დაკავშირებით დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გამომძიებლები ასევე სწავლობენ მის სანაცნობო წრეს, ინტერესთა სფეროსა და აქტიურობას სოციალურ მედიაში.

Telegram-ის არხები იუწყებიან, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ტიმოფეი კ.-მ თანაკლასელებს გაუგზავნა მანიფესტი სახელწოდებით „ჩემი რისხვა“. გამოცემა „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“ მიიჩნევს, რომ ტექსტი თავის შინაარსითა და პათოსით ნეონაცისტურია. მოზარდი 11 გვერდზე წერს საზოგადოებისადმი სიძულვილის შესახებ, ყოფს ადამიანებს ეროვნებისა და რელიგიის მიხედვით.

გამოძიებამ ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას იარაღის სამალავი აღმოაჩინა. ნანახი იქნა პისტოლეტი, დანა, ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი, რომლებიც აჭრელებული იყო ექსტრემისტული სლოგანებითა და აკრძალული სიმბოლოებით. ასევე ამოღებული იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგანი. ბრალდებული სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებდა თავის ფოტოებს, რომლებზეც იარაღით პოზირებდა.

მკვლელობაში ბრალდებულის თანაკლასელების თქმით, ტიმოფეი კ. რამდენიმე კვირა აცდენდა სკოლას, ხოლო ვიდრე მკვლელობას ჩაიდენდა, ადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა: „სამიანებზე“ და „ოთხიანებზე“ სწავლობდა (რუსეთის სკოლებში უმაღლესი შეფასება „ხუთი“ ქულაა), მშვიდად იქცეოდა და გატაცებული იყო სამხედრო თემებით. „ოსტოროჟნო, ნოვოსტის“ ცნობით, ეჭვმიტანილის მამამ მომხდარის შესახებ მედიიდან შეიტყო.

პოლიციის მანქანები იმ სკოლის მახლობლად, სადაც მკვლელობა მოხდა. მოსკოვის ოდინცოვოს რაიონი, დაბა გორკი-2. 2025 წლის 16 დეკემბერი
პოლიციის მანქანები იმ სკოლის მახლობლად, სადაც მკვლელობა მოხდა. მოსკოვის ოდინცოვოს რაიონი, დაბა გორკი-2. 2025 წლის 16 დეკემბერი

ტაჯიკეთისა და რუსეთის რეაქციები

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო თავდასხმა, რომელიც, როგორც დუშანბეში მიიჩნევენ, ეთნიკური სიძულვილით იყო მოტივირებული.

ტაჯიკეთში რუსეთის ელჩს, სერგეი გრიგორიევს, გადაეცა ნოტა, რომელშიც დუშანბე მოითხოვს სწრაფ, ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას და დანაშაულში ჩართული ყველა პირის პასუხისგებაში მიცემას.

ერთ მილიონზე მეტი ტაჯიკეთის მოქალაქე მუშაობს საზღვარგარეთ, ძირითადად - რუსეთში. დუშანბე არ აქვეყნებს მონაცემებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ადამიანების რაოდენობის ან მათ მიერ სამშობლოში გაგზავნილი თანხის ოდენობის შესახებ, მაგრამ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მიგრანტებისგან მიღებული გზავნილები 2024 წელს ტაჯიკეთის მშპ-ს 45%-ს შეადგენდა, რაც (პროცენტული თვალსაზრისით) მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ტაჯიკმა მიგრანტებმა გასულ წელს თითქმის 5,8 მილიარდი დოლარი გაგზავნეს სამშობლოში.

ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რამაზონ რაჰიმზოდა ტელეფონით ესაუბრა თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ კოლოკოლცევს, რომელსაც მკვლელობის ყოვლისმომცველი გამოძიებისკენ მოუწოდა. რამაზონ რაჰიმზოდას თქმით, ასეთი დანაშაულები არა მხოლოდ საზოგადოებას აგდებს შოკში, არამედ ქმნის იმის საფრთხეს, რომ რადიკალურმა ჯგუფებმა მომხდარი გამოიყენონ ძალადობის პროპაგანდისთვის. ტაჯიკი მინისტრის თქმით, აუცილებელია სრული, საფუძვლიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარება და ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა.

პასუხად, კოლოკოლცევმა განაცხადა, რომ გამოძიება მკაცრი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა ინციდენტს უკიდურესი სისასტიკის დანაშაული უწოდა. „ჩვენ უნდა გამოვიძიოთ ყველა გარემოება, რამაც [ტრაგედიამდე] მიგვიყვანა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს“.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა მიხაილ მატვეევმა კი რუსულ მედიას განუცხადა, რომ მოზარდი „შესაძლოა დასავლელ კრიმინალებს ჰბაძავდა, მაგრამ ნაციონალისტი ალბათ არ იყო. ჩემი აზრით, ამ პრობლემის ფესვები დასავლეთში უნდა ვეძებოთ“.

მოსკოვის ოლქის ბავშვთა ომბუდსმენის, ქსენია მიშონოვას თქმით, უნდა აიკრძალოს თავდასხმის ადგილიდან ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელება.

„სკოლაში მომხდარი თავდასხმის ვიდეოს გამოქვეყნებას და საჯაროდ ხელმისაწვდომობას მიუღებლად მივიჩნევ“, - განაცხადა მან, მკვლელობასთან დაკავშირებული რაიმე გარემოების ხსენების გარეშე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG