Accessibility links

მოშლილი გზები და დასეტყვილი მოსავალი - ორდღიანი სტიქია გურჯაანში


გურჯაანი წყალდიდობის შემდეგ

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გურჯაანის ათამდე სოფელში გზები და მოსავალი გაანადგურა. დაიხოცა შინაური ფრინველიც. დაზარალებულები ხელისუფლებას ბანკებთან შეამდგომლობას სთხოვენ, რომ სესხების გადახდა გადავადდეს. რას ამბობენ გურჯაანის მერიაში, როგორია მათი გეგმა სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად?

please wait

No media source currently available

0:00 0:03:11 0:00
Direct link

რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზები დააზიანა. იმის გამო, რომ სანიაღვრე არხებმა მომეტებული წყალი ვერ გაატარა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფებიც.სტიქია იყო სოფლებში: ძირკოკში, კოლაგში, ვეჯინში, ბაკურციხეში, კარდენახში, შაშიანსა და კალაურში.კალაურში გზებთან ერთად დაიტბორა ვენახები. სტიქიას ებრძოდნენ ქალაქ გურჯაანშიც. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოვარდნილი წყლისთვის ტრაქტორით მიმართულება რომ არ შეეცვალათ,შედეგები კიდევ უფრო სავალალო იქნებოდა.

გურჯაანი წყალდიდობის შემდეგ
გურჯაანი წყალდიდობის შემდეგ

„ოთახი ახალი გარემონტებული მქონდა და გაფუჭდა. სარდაფი წყლით არის სავსე. სანიაღვრეები რომ გასაწმენდია, მაგიტომ შემოგვივარდა წყალი. ჩვენ ვითხოვთ, რომ გააკეთონ გზაც და გაიწმინდოს სანიაღვრეებიც, რომ აღარ განმეორდეს მსგავი“.

„ღამითვე გამოვიძახეთ ტრაქტორი, რომელიც დაგვეხმარა იმაში, რომ გაგვეწმინდა ხევი და მთავარი ქუჩა მთლიანად არ წაეღო. როგორც შეგვეძლო, დატბორვა ნაწილობრივ თავიდან ავიცილეთ“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტს სტიქია, უკვე მეორე დღეა, უტევს. 11 ივნისს მოსულმა სეტყვამდა ძლიერმა წვიმამ 4 სოფლის მოსახლეობა დააზარალა.ზარალი ციფრებში დათვლილი არ არის, თუმცა ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მნიშვნელოვნად არის განადგურებული ვენახები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, რომ ბანკებთან შუამდგომლობის გზით სესხები გადავადდეს.

გურჯაანი წყალდიდობის შემდეგ
გურჯაანი წყალდიდობის შემდეგ

11 ივნისის სტიქიამ გურჯაანის სოფლებში - მელაანში, ნანიანში, ქოდალოსა და არაშენდაში - საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველიც.

„ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ მოგვხედონ. ბანკის პროცენტიანი სესხები გვაქვს აღებული. მას გასტუმრება უნდა. ჩვენმოსავლის იმედი გვქონდა, რომ ბანკიც დაგვეფარა და ცოტა ფული მაინც დაგვრჩენოდა. ახლა კი სტიქიამ სულ დაგვაზარალა. ნახევარზე მეტი გაანადგურა და არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პროცენტები გადავიხადოთ“.

„ეზო მთლიანად დაიტბორა. არაფერი აღარ ვარგა. ფრინველი დაგვეხოცა. სახლში იატაკები სულ გაგვიფუჭა, თუმცა მაცივარი, სარეცხის და ჭურჭლის მანქანა, სავარაუდოდ, გადარჩა“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა სტიქიის მასშტაბებსა და მიმდინარე სამუშაოებზე ილაპარაკა. ის ამბობს, რომ ვიდრე მდინარეებში წყლის ნაკადი არ დაიკლებს, გაწმენდით სამუშაოებს ვერ დაიწყებენ. ამის შემდეგ დაითვლიან სეტყვისგან მიყენებულ ზარალსაც:

გურჯაანი წყალდიდობის შემდეგ
გურჯაანი წყალდიდობის შემდეგ

„ველოდებით წყლის დონის დაწევას, რათა მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ მოშლილი ინფრასტრუქტურა. დაახლოებით 5 -6 სოფელში გაგვიფუჭა გზები. ქალაქშიც ცენტრალურ მაგისტრალზე გადმოვიდა წყალი, მაგრამ უკვე გასუფთავებულია. რაც შეეხება წინა ღამის სტიქიას, სამუშაოები ვერ დავიწყეთ, რადგან დღეს იგივე მდგომარეობა განმეორდა. ამის გამო სეტყვისგან მიყენებული ზარალიც ჯერ არ დაგვითვლია, თუმცა მოგვიანებით შევეცდებით ზარალი დავთვალოთ“.

11-12 ივნისის ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, კახეთში თითქმის ყველა მდინარე ადიდდა, თუმცა პრობლემები მოსახლეობას მხოლოდ გურჯაანში შეექმნა. აღსანიშნავია, რომ თითქმის უკვე სამი კვირაა, კახეთში დროგამოშვებით წვიმს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG