Accessibility links

მოძველებული ავტოტრანსპორტი ქუთაისში - წინასაარჩევნო დაპირება და მრავალწლიანი პრობლემა


ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს სტუდენტებისთვის შიდასაქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების განახევრების მოთხოვნით. როგორც პარტიის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე განმარტავს, „ხელმოწერებს დაურთავენ განცხადებას და მერიას მიმართავენ, 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინოს სტუდენტების მოთხოვნა“.

მოძველებული ავტოტრანსპორტი ქუთაისში
please wait

No media source currently available

0:00 0:05:24 0:00

თავად სტუდენტები ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელთა ინიციატივას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მგზავრობის საფასურის განახევრება მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

ქუთაისში მგზავრთა გადაყვანას ავტობუსები და მიკროავტობუსები ემსახურება, რომლებსაც კერძო მფლობელები ჰყავთ. ამ დროისთვის ქალაქში მუშაობს 10-მდე კომპანიის სატრანსპორტო საშუალებები. მათ 4 წლით ჰქონდათ ნებართვა მოპოვებული ტენდერით. ნაწილს ხელშეკრულების ვადა უკვე გაუვიდა, ნაწილს კი წლის ბოლოს ეწურება. როგორც მერიაში განმარტავენ, ქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანა 2020 წლიდან იგეგმება, რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან სესხს აიღებენ. „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ დაარსებისთვის საკრებულოს უმრავლესობამ მერიას თანხმობა უკვე მისცა, ასევე გამოიყო მიწის ნაკვეთი, რომელზეც ავტოპარკი უნდა აშენდეს.

ქუთაისში სატრანსპორტო საშუალებების მოწესრიგებას და ამორტიზებული, ძველი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების შეცვლას, წლებია, ითხოვენ მგზავრები. მათი ნაწილი ამბობს, რომ „განსაკუთრებით რთულია მგზავრობა ცხელ დღეებში, რადგან სატრანსპორტო საშუალებებში კონდიცირების სისტემები არ ფუნქციონირებს, ზოგიერთ მათგანს კი გასაღები ფანჯრებიც არ აქვს“.

ქალაქში ავტოტრანსპორტის მოწესრიგებისა და მოძველებული ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას საჭიროდ მიიჩნევს საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი გიგა შუშანიაც, თუმცა დასძენს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მუნიციპალიტეტს არ აქვს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს და დაიხვეწოს ტრანსპორტით მომსახურება. გიგა შუშანიასავე განცხადებით, „უცნობია, თუ რა რაოდენობის სესხის აღებას აპირებს მერია ავტობუსების შესაძენად და როგორ განხორციელდება მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის მართვა“.


ქუთაისის მერიაში მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შესაქმნელად საჭირო თანხას ვერ ასახელებენ. განმარტავენ, რომ საკითხზე მუშაობენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი ცხვედიანის, განცხადებით, „მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ერთ-ერთი დაპირება იყო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ასრულებს და გადაწყვეტილება მიღებულია, რომლის მიხედვით, 2020 წლიდან ქალაქში ახალი ავტობუსები იმუშავებს“.

როგორც მერიაში განმარტავენ, მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანის შემდეგ დასაქმდება ყველა ის მძღოლი, რომელიც ქალაქში ავტოტრანსპორტს ემსახურება და შესაბამისი გამოცდილება აქვს. თავად მძღოლები და ავტობუსების მფლობელები ამბობენ, რომ ჯერჯერობით კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანია სამსახური შეინარჩუნონ და გამართული სატრანსპორტო საშუალებით მოემსახურონ მგზავრებს.

ქუთაისს 12 წელია, მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჰყავს. მერიის მონაცემებით, ყოველდღიურად მგზავრებს 10-მდე კომპანიის 70-მდე ავტობუსი და 160 მიკროავტობუსი ემსახურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG