Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკი ჰესების ეფექტზე


დიდი ჰესების მოწინააღმდეგეთა აქცია ქუთაისში. 2018 წლის 14 მარტი
დიდი ჰესების მოწინააღმდეგეთა აქცია ქუთაისში. 2018 წლის 14 მარტი
  • დააზარალებს ეკონომიკას
  • გაუძვირებს ელექტროენერგიის ტარიფს მოსახლეობას
  • "ნენსკრაჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი გაჭირდება.

ამგვარი დასკვნის შესაძლებლობას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მსოფლიო ბანკის „ფისკალური ხარჯებისა და ტარიფების ზემოქმედების შეფასება“. შეფასება ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით დაიწერა და მასში მიმოხილულია სამი დიდი ჰესის - „ნენსკრაჰესის, ნამახვანისა და კოროხეთის ჰესების ფისკალური ეფექტი.

ამოსავალი, რომლის მიხედვითაც გაანალიზებულია მომავალ წლებში ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასების დინამიკა, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებები საჯარო არ არის, სხვადასხვა დოკუმენტის ანალიზი (მათ შორის ხარჯების სარგებლის ანალიზი, გარემოზე ზემოქმედების ანალიზი, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კვლევები) აჩვენებს, რომ სახელმწიფოს ხელი აქვს მოწერილი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაზე, რაც რამდენიმე რამეს ნიშნავს.

მსოფლიო ბანკის ანალიზის მიხედვით

  • ნენსკრას შემთხვევაში საუბარია ელექტროენერგიის მზარდ ტარიფზე ყოველწლიური 3%-იანი ესკალაციის განაკვეთით, ანუ 20 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მოუწევს 5 მილიარდ 632 მილიონი ლარის გადახდა ინვესტორისთვის.
  • ნენსკრას საექსპორტო პოტენციალი - დაბალი. ვინაიდან თურქეთში ელექტროენერგიის ფასი შემცირდა. თუ 2014-2015 წლებში 1 კლვტ/სთ 8,5 ცენტი ღირდა, დღეს მისი ღირებულება 4,5 ცენტია. რუსეთში 3,5 ცენტიდან შემცირდა 2 ცენტამდე.
  • თუ ნენსკრას მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გაყიდვა ვერ მოხერხდა, გარანტირებული შესყიდვის ვალდებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მისი საფასურის გადახდა მაინც მოუწევს.
  • სავალუტო კურსის ცვალებადობა: მსოფლიო ბანკის თანახმად, 2023 -2026 წლების პერიოდში სავალუტო კურსის ცვალებადობის გამო შესაძლებელია დამატებითი ფისკალური ხარჯები წარმოეშვას სახელმწიფოს 350-დან 500 მილიონ ლარამდე. ამის მიზეზი ისევ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასია, ხელშეკრულება გაფორმებულია ამერიკულ ვალუტაში, ცენტში, მაშინ როცა სახელმწიფოს შემოსავლები აქვს ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

როგორ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ ინვესტორს ეს თანხა?

„ერთი რომ ტარიფში აისახოს ეს თანხა, პესიმისტური გათვლით, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი შეიძლება გაიზარდოს დღეს არსებული 12,5 თეთრიდან 22,7 თეთრამდე ან, თუ ეს ზრდა ტარიფში არ აისახა, ეს უნდა გადაიხადოს ბიუჯეტმა და წარმოიშობა კვაზიფისკალური დანახარჯები კომერციული ოპერატორისთვის“, - ამბობს „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი.

„ნენსკრაჰესი“, 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, საქართველოს ყოველწლიურად 1'200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. საქართველო (აფხაზეთის ჩათვლით) წელიწადში, დაახლოებით, 10 მილიარდ კლვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს. უცნობია, ზუსტად რომელი ქყენებიდან და რა ფასად ყიდულობს საქართველო ელექტროენერგიას.

დავით ჭიპაშვილის თქმით, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული ბარტერის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში სომხეთი საქართველოს აწვდის 1 კლვტ/სთ ენერგიას, საქართველოდან მიღებული 1,1 კლვტ/სთ ელექტროენერგის სანაცვლოდ.

„მწვანე ალტერნატივის“ მიერ მსოფლიო ბანკის დოკუმენტზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, ეკონომიკის სამინისტრომ წერილი გაავრცელა და მხოლოდ ასე უპასუხა საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს.

„რეალურად, დაახლოებით, ერთი წლის წინ მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მოამზადეს სამუშაო ხასიათის რეკომენდაციები, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და არ იყო საბოლოო დასკვნა. რეკომენდაციები გულისხმობდა მხოლოდ ერთ ასპექტს - ფისკალურ ანალიზს.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მასშტაბურია უცხოელი ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი სერიოზულობითა და სიფრთხილით ვეკიდებით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ფასის საკითხებს.

შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორის განვითარების ოპტიმალურ სტრატეგიაზე, რათა, ერთი მხრივ, მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული, მეორე მხრივ კი, კიდევ უფრო განმტკიცდეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG