Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუზეუმი, რომელიც მუზეუმის შთაბეჭდილებას არ ტოვებს


მუზეუმის დირექტორი დავით ყვავაძე მუზეუმის შენობის აივანზე
მუზეუმის დირექტორი დავით ყვავაძე მუზეუმის შენობის აივანზე

ლაგოდეხში ერთადერთი მუზეუმი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ვაშლოვანის ქუჩაზე მდებარეობს. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში 6 ათასამდე ექსპონატია - ძველი ჰერეთისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ქვის, ბრინჯაოს და თიხის ნივთები, სამუშაო იარაღი, სამკაულები, მონეტები. შედარებით მცირე რაოდენობითაა მხარის ეთნოგრაფიული და ფოტომასალა.

მუზეუმს, რომელიც 45 წლის წინ გაიხსნა, მუდმივი ადგილსამყოფელი არასდროს ჰქონია. საბჭოთა პერიოდში ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული, შემდეგ ქალაქის ცენტრში არსებულ სასტუმრო-რესტორანში, დღეს კი ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაშია. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეს ადგილი რამდენიმე წლის წინ მიუჩინეს და მაშინ ადმინისტრაციას უთხრეს, რომ 25 წელი სწორედ ამ შენობაში იქნებიან.

ლაგოდეხის მუზეუმი
ლაგოდეხის მუზეუმი

შენობის ფასადი მთლიანად დაზიანებულია. კედლებს საღებავის კვალი დიდი ხანია აღარ ეტყობა. ჩამოცვენილია ბათქაში. მუზეუმის დირექტორი დავით ყვავაძე გვეუბნება, რომ რამდენიმე წლის წინ საგამოფენო დარბაზები გარემონტდა და შიდა სივრცე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, თუმცა, სახურავი არც მაშინ გაუკეთებიათ. ამიტომ, შენობაში წვიმა ჩადის. მუზეუმის ადმინისტრაციას გაზაფხულის დადგომა განსაკუთრებით აშინებს, რადგან წლის ამ დროს ხშირად წვიმს. შენობას მავთულის ღობე აქვს, რომელიც ათწლეულებია არავის შეუღებავს და დაჟანგულია.

„დამთვალიერებელი შეხედავს ამ ფასადს და სურვილი არ გაუჩნდება, რომ შემოვიდეს. შიგნით, პირველ სართულზე უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ვიზიტორმა ეს ხომ არ იცის?!“ - ამბობს მუზეუმის დირექტორი.

მუზეუმის დირექტორი დავით ყვავაძე
მუზეუმის დირექტორი დავით ყვავაძე

დავით ყვავაძე იხსენებს 2018 წელს, როცა ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი დაჰპირდა, რომ 2019 წელს შენობის ფასადს გაარემონტებდნენ და ღობესაც გააკეთებდნენ: „რა ვიცი, ვნახოთ. შეიძლება წინა წელს არ გამოუვიდათ. რა თქმა უნდა, უფრო მეტი ყურადღება სჭირდება მუზეუმს“.

ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი ადასტურებს, რომ მუზეუმის თანამშრომლებს შენობის ფასადის აღდგენას დაჰპირდა. მერი დაპირების შეუსრულებლობას იმით ხსნის, რომ უფრო პრიორიტეტული სასმელი წყლის სისტემის, გზების და პირველადი ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაციაა, ამიტომ მუზეუმში სამუშაოების ჩატარება მომავლისთვის გადადო: „ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოჩნდეს ისეთი საკითხი, რომელიც ბევრად მნიშვნელოვანია ყველა იმ დაგეგმილ საკითხზე, რომელიც მანამდე იყო. ჩვენ ფინანსურ შესაძლებლობებს პირველ რიგში მივმართავთ იმისათვის, რომ მოქალაქეების არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. ვმუშაობთ მუზეუმის თემაზეც და აუცილებლად მოვახდენთ მის სრულ რეაბილიტაციას. წელს საპროექტო სახარჯო დოკუმენტს შევისყიდით, რომლითაც განისაზღვრება, რამდენი ლარია საჭირო და შემდეგ უკვე შეგვეძლება დავაანონსოთ ეს პროექტი თავისი ვადებით“.

ლაგოდეხის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი
ლაგოდეხის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი

ლაგოდეხს, მისი ეროვნული ნაკრძალის გამო, ტურისტები ხშირად სტუმრობენ. საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ევა ლომთაძე ამბობს, რომ თუ მუნიციპალიტეტს ტურიზმის განვითარება პრიორიტეტად აქვს დასახული, ამას საქმითაც უნდა ადასტურებდეს. ლომთაძის შეფასებით, ადგილობრივ ხელისუფლებას კულტურის სფეროდან მხოლოდ პიარისთვის განკუთვნილი ღონისძიებების დაფინანსება აინტერესებს: „ასეთი საპიარო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა რომ შეკრებილიყო, ნამდვილად საკმარისი იქნებოდა მუზეუმის გარე ფასადის გასაკეთებლად“.

ლაგოდეხის მუზეუმი
ლაგოდეხის მუზეუმი

ლაგოდეხის ერთადერთი მუზეუმი, რომელსაც 8 თანამშრომელი ჰყავს, მუნიციპალურ დაქვემდებარებაშია. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუზეუმისთვის 40 ათასი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა განკუთვნილია კომუნალური ხარჯებისთვის, თანამშრომელთა ხელფასისა და ღონისძიებების ორგანიზებისთვის. მუზეუმში ყველაზე მაღალი ხელფასი - 440 ლარი, დირექტორს აქვს, ყველაზე დაბალი - 240 ლარი კი, გიდებს. წელს მათთვის არც ხელფასის გაზრდა იგეგმება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG