Accessibility links

მუხრან ვახტანგაძე: „არ ვიმუქრები, ვპირდები ყველას!“


მუხრან ვახტანგაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იმ ფაქტზე, რომელიც 22 ნოემბერს ბათუმის მერიასთან მოხდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ჯელალ ქიქავა ამბობს, მას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ყოფილმა მოჭიდავემ, მუხრან ვახტანგაძემ სცემა.

ქიქავა ჰყვება, რომ იგი ბათუმის მერიაში პირად საქმეზე იმყოფებოდა, როდესაც მუხრან ვახტანგაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-ში ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, დაიკითხა თუ არა მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე. უწყებაში აცხადებენ, რომ თავად მოქალაქე ჯელალ ქიქავამ გამოკითხვაზე უარი განაცხადა. ამ დროისთვის კი, შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

შსს-ს პრესამსახურში ასევე გვითხრეს, რომ გამოძიება არ დაწყებულა დეპუტატის მხრიდან მუქარის მეორე ფაქტზე: ვახტანგაძემ ბათუმის მერიასთან მომხდარი ინციდენტის გასაშუქებლად მისულ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს უთხრა, რომ ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანი სავალალო შედეგს მიიღებს, თუკი სპორტსმენის ღირსებას შეეხება:

„თქვენ ხო სულ ინტრიგებს ეძებთ, რაღაც ისეთ ინტრიგებს რა… …კრიტიკაც მოსულა და მწვავე კრიტიკაც, მაგრამ თქვენ არაერთხელ დაგიშვიათ შეცდომები, აი, არაერთხელ ცილი დაგიწამებიათ ძალიან ღირსეულ ადამიანებზე და მე ამის დამადასტურებელი ფაქტები მაქვს. ჰოდა, კეთილი ინებეთ… მე გეტყვით ერთ რამეს რა, აი, აქ ყველა ღირსეული ადამიანები არიან, სპორტსმენები შეკრებილები, რომლებსაც არაერთხელ უსახელებიათ ჩვენი ქვეყანა, არაერთხელ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვარგარეთ გაუტანიათ, არაერთხელ საქართველოს დროშა აღმართულა ამ ბიჭების სახელზე და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერებულა და მე მინდა ყველას, აი… არ გაფრთხილებთ რა, მინდა, რო იცოდეთ ყველამ რა, სპორტთან თამაში ცეცხლთან თამაშია და მე გეუბნებით, ამ ადამიანების ღირსებას ნუ ეხებით, ნურავინ! აი, ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანი, ვინც იქნება, აი, ნუ ეხებით სპორტსმენების ღირსებას და თავმოყვარეობას… სავალალო შედეგს მიიღებთ. ნებისმიერს ვეუბნები ამას! სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია იმას არ ნიშნავს, რაც მოგადგებათ პირზე, ის ილაპარაკოთ რა! აქ არიან ღირსეული ადამიანები, ვისთვისაც, აი, ღირსება ყველა კანონზე მაღლა დგას და ღმერთი არ გაუწყრეს არავის. არ ვიმუქრები, ვპირდები ყველას“, - უთხრა მაჟორიტარმა დეპუტატტმა მუხრან ვახტანგაძემ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს.

მუხრან ვახტანგაძის მუქარა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:46 0:00

შსს-ში გვითხრეს, რომ ჟურნალისტთან დეპუტატის შელაპარაკებისას დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, არც არავის მიუმართავს. ამიტომ გამოძიება არ მიმდინარეობსო. კითხვაზე, დაიკითხა თუ არა ვახტანგაძე, შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

22 ნოემბერს, დღისით, ბათუმის მერიის შენობასთან პოლიცია იყო მობილიზებული. აქვე იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე და მისი მეგობარი სპორტსმენები. სავარაუდოდ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის - „დაბოქლომების“ მოლოდინში იყვნენ, რა დროსაც კონფლიქტი მოხდა. თუმცა აქციის მონაწილეები იმ დღეს ქალაქის მერიის შენობასთან არ გამოჩენილან.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, გულისხმობს ძალადობას.

„ძალადობა - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“, - წერია საქართველოს სს კოდექსში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG