Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მშვიდობის“ თუ რეგიონის დესტაბილიზაციის ახალი წყარო?


თურქეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგები სირიის ტერიტორიაზე
თურქეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგები სირიის ტერიტორიაზე

9 ოქტომბერს მთელმა მსოფლიომ იხილა ის, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ლაპარაკობდა: თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ბრძანებით ჩრდილოეთ სირიაში ოთხშაბათს, შუადღისას, დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგებზე ოპტიმისტურად მხოლოდ ანკარა თუ ლაპარაკობს.

თურქეთის არმიის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, ლამაზი სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“, თურქეთის ხელისუფლების ჩანაფიქრით, რამდენიმე სტრატეგიული ამოცანის გადაჭრას ისახავს მიზნად:

  • ქურთების სამხედრო დაჯგუფებებისა და ჩრდილოეთ სირიაში ჯერ კიდევ მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ძალების განადგურებას;
  • 30 კილომეტრის სიღრმის „უსაფრთხო ზონის“ შექმნას თურქეთის სამხრეთ მიჯნაზე;
  • 2 მილიონამდე სირიელი დევნილის (სულ თურქეთის ტერიტორიაზე გაფენილ ბანაკებში 3,2 მილიონი სირიელი დევნილი ცხოვრობს) დაბრუნებას საკუთარ სახლებში.

„ჩვენი მისია მდგომარეობს იმაში, რომ არ დავუშვათ ტერორისტული დერეფნის შექმნა ჩვენს სამხრეთ საზღვარზე და უზრუნველვყოთ მშვიდობა ამ რაიონში“, - დაწერა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თავის ტვიტერში.

თურქეთი, მისი მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები

მიუხედავად იმისა, რომ სირიაში თურქეთის სამხედრო ჩარევის მასშტაბები ჯერჯერობით კვლავ არ არის ცხადი, გავრცელებული ცნობებით, მასირებული საარტილერიო და საავიაციო იერიშები განხორციელდა სასაზღვრო ქალაქ რას-ელ-აინის მიდამოებში. იუწყებიან დაღუპულების შესახებ. საბრძოლო დაპირისპირების რაიონს მასობრივად ტოვებს მშვიდობიანი მოსახლეობა.

ისევე როგორც ანკარის წინა ოპერაციებში, - „ევფრატის ფარი“ იქნებოდა ეს თუ „ზეთისხილის რტო“, - 9 ოქტომბერს დაწყებულ ოპერაცია „მშვიდობის წყაროში“ თურქეთის სამხედროების მთავარ მოკავშირედ, პირველ რიგში, ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ზოგიერთი არაბული სამხედრო დაჯგუფება მიიჩნევა.

„მნიშვნელოვანია, თუ რა ძალებს ჩააბამს ამ ოპერაციაში თურქეთის არმია, რომელიც რიცხოვნობით მეორე ადგილზეა ნატოს წევრებს შორის. წინა ოპერაციების დროს მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა დამასკის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი არაბული სამხედრო დაჯგუფებები. დღესდღეობით ეს არის ეგრეთ წოდებული „სირიის ნაციონალური არმია“ (სნა). მას 6 ათასკაციანი დაჯგუფება ჰყავს გაშლილი რას-ელ-აინის რაიონში და, დაახლოებით, 4 ათასი ტელ-ელ-აბიადის რაიონში. ანუ, ჩემი აზრით, სნა-ს შეუძლია, დაახლოებით, 14 ათასი კაცის მობილიზება“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღმოსავლეთმცოდნე პოლიტოლოგმა კირილ სემიონოვმა.

თურქეთის არმიას და მის მოკავშირეებს ჩრდილოეთ სირიაში წინააღმდეგობას უწევს ქურთების სამხედრო ფორმირება „სირიის დემოკრატიული ძალები“ (სდძ), რომელიც მინიმუმ 50 ათას მებრძოლს ითვლის. აშშ-ის დახმარებით საკმაოდ კარგად გაწვრთნილ და აღჭურვილ სდძ-ს, სერიოზული სამხედრო წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია თურქეთის სამხედრო კონტინგენტისა და მისი მოკავშირეებისათვის, თუ ანკარის საარტილერიო და საავიაციო შეტევას მოჰყვება პირდაპირი შეტაკებები ჩრდილოეთ სირიის სიღრმეში. სდძ-ს ხელმძღვანელობა განიხილავს ასევე საპასუხო სამხედრო მოქმედებების გადატანას თურქეთის ტერიტორიაზე.

«ჩვენ არ ამოვიღებთ მიზანში თურქეთს, მაგრამ თუ ისინი გააგრძელებენ ჩვენზე თავდასხმას და ჩვენი მიწების ოკუპაციას, ჩვენ გამოვიყენებთ უფლებას სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცვათ საკუთარი თავი. ჩვენ შეგვწევს ძალა გავუმკლავდეთ ნებისმიერ შეტევას“, - განაცხადა სდძ-ს წარმომადგენელმა, ახმად მუსამ.

ვის წისქვილზე ასხამს წყალს „მშვიდობის წყარო“

იუწყებიან, რომ თურქეთის საზღვრისპირა ქალაქებზე ნაღმსატყორცნებით განხორციელდა შეტევა, ხოლო ქურთების სამხედრო ფორმირების ხელმძღვანელი მაზლუმ აბდი არაორაზროვნად დაიმუქრა, რომ გაათავისუფლებს ტყვეობაში მყოფ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს, რადგან ჯარი, რომელიც დატყვევებულ ტერორისტებს იცავს, იძულებული გახდება საზღვარზე გადაისროლონ თურქეთის წინსვლის შესაჩერებლად.

მოვლენათა ასეთი განვითარება, ექსპერტების შეფასებით, მკვეთრად გაზრდის ტერორისტულ საფრთხეს რეგიონში და ეს საფრთხე, შესაძლოა, საქართველოსაც დაემუქროს.

„როგორც ჩატაევის რაზმის შემთხვევამაც გვიჩვენა, შესაძლოა, ამოძრავდნენ რადიკალური ჯგუფები. იქ იმყოფება ბევრი ჩრდილოკავკასიელი და ასევე არიან საქართველოს მოქალაქეები. თურქეთის სამხედრო ოპერაციის მსვლელობის შედეგად შევიწროებული ეს ელემენტები, შესაძლოა, საქართველოსკენ დაიძრნენ“, - უთხრა ზურაბ ბატიაშვილმა, რონდელის ფონდის მკვლევარმა, რადიო თავისუფლებას.

ოპერაცია „მშიდობის წყარო“, შესაძლოა, ასევე საფრთხის წყაროდ იქცეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც.

თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში დაწყებული ოპერაციის შედეგად, გაუფასურება დაიწყო ლირამ, რაც ბუნებრივად აისახება ქართულ ეროვნულ ვალუტა ლარზეც. “თურქეთი საქართველოსათვის წარმოადგენს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორს. იქ მუშაობს ათიათასობით ჩვენი მოქალაქე, რომლებიც ლირებში იღებენ ხელფასს“, - დასძენს ბატიაშვილი.

ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო ანკარას კიდევ უფრო დაეძაბა ურთიერთობა ნატოსთან, რომელიც მისი წევრისთვის მიუღებლად მიიჩნევდა ს-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას ალიანსის არსებობისადმი ტრადიციულად მტრულად განწყობილი რუსეთისაგან.

თურქეთის ურთიერთობის გაუარესება აშშ-თან კიდევ უფრო აშორებს ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებს და კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის პასუხს შეკითხვაზე, თუ ვის წისქვილზე ასხამს, საბოლოოდ, წყალს სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“.

„თურქეთს საზღვრისპირა რეგიონებში (თვითონ უწოდებენ ასე) სამხედრო ოპერაციების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგივეს აკეთებდნენ წლების განმავლობაში ჩრდილოეთ ერაყშიც. ეს ბოლო ოპერაცია, თავისი მასშტაბის გარდა, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სირიაში ბევრი მოთამაშის ინტერესი იკვეთება. შესაბამისად, ამ სამხედრო ინტერვენციის მნიშვნელობა სცდება რეგიონალურ მასშტაბს. მიუხედავად ამისა, ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ პირდაპირი ბმა სამხრეთ კავკასიასთან ნაკლებად იკვეთება, თუ არ ჩავთვლით თურქეთ-აშშ-ის დაძაბული ურთიერთობების გავლენას ჩვენს რეგიონზე“, - ამბობს გეგა მგალობლიშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი თურქეთში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG