Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცირე სამიტის დიდი ამოცანები


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

ნატოს 31-ე სამიტი ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე უმაღლესი დონის შეხვედრა აღმოჩნდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში.

ნატოს ლიდერებმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატში, სპრინტერული სიჩქარით, 3 საათში განიხილეს ყველა საფრთხე და გამოწვევა, რომელთაც კოლექტიური დასავლეთი იძულებულია „ერთდროულად უპასუხოს“ სწრაფად ცვალებადი „გლობალური კონკურენციის“ ეპოქაში.

სამიტის 79-პუნქტიან კომუნიკეში ხაზგასმულია იმ პრინციპებისადმი ურყევი ერთგულება, რომლებიც 72 წლის წინ ლონდონში საფუძვლად დაედო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. ალიანსის სახელმწიფოთა მეთაურების მიერ მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში აისახა ყველა ის საფრთხე, რომლებიც არა მხოლოდ ჩრდილოატლანტიკურ სივრცეს, არამედ მის ახლო სამეზობლოს ემუქრება, იქნება ეს დნესტრისპირეთის გაყინული კონფლიქტი თუ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოსა და უკრაინის რეგიონები - აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთი ოსეთი და ყირიმის ნახევარკუნძული.

„ალიანსი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსი რუსეთს მოუწოდებს, საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად, გაიყვანოს თავისი ძალები, რომლებიც სამივე ქვეყანაში ამ სახელმწიფოების თანხმობის გარეშე ჰყავს განთავსებული“, - ნათქვამია სამიტის დეკლარაციის მე-14 პუნქტში.

რუსეთის გარდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთი - ორი დიდი სახელმწიფო, რომლებიც ნორმებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს ეწინააღმდეგებიან. ამას შემდეგი რიგითობით ემატება „ტერორიზმის საფრთხე, დახვეწილი კიბერთავდასხმები, დამანგრეველი ტექნოლოგიები და კლიმატის ცვლილება, რომელსაც მარტო ვერც ერთი ქვეყანა და ვერც ერთი კონტინენტი ვერ გაუმკლავდება. მაგრამ ევროპა და ამერიკა მარტო არ არიან. ნატო ერთიანია“, - განაცხადა სამიტის დაწყების წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მოკავშირეთა „წმიდათაწმიდა მოვალეობა“

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩრდილოატლანტიკური კავშირების სიმტკიცეზე გაამახვილა ყურადღება ბრიუსელში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა, რომელიც პრეზიდენტის რანგში პირველად მონაწილეობს ნატოს სამიტში, მან ფუძემდებლური დოქტრინის ცნობილ მე-5 მუხლს „წმიდათაწმიდა მოვალეობა“ უწოდა.

„კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლი ჩვენი წმიდათაწმიდა მოვალეობაა. მინდა მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ მის მხარეს დგას“, - განაცხადა ბრიუსელში მყოფმა ჯო ბაიდენმა.

ბრიუსელის სამიტამდე და სამიტის დროსაც ალიანსის გენერალურმა მდივანმა სასიხარულო უწოდა „პიუს კვლევის ცენტრის“ (Pew research Center) მიერ ახლახან ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის თანახმად, ტრანსატლანტიკურ კავშირს მათი თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ნატოს სახელმწიფოების მოქალაქეთა, დაახლოებით, 80 %.

„ამას მე ვიღებ იმის მტკიცებულებად, რომ ხალხს ესმის: ჩვენი ერთად ყოფნით უფრო დაცულები ვართ, ვიდრე მარტო, უერთმანეთოდ“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ალიანსის ცხოვრებაში დადგა „შემობრუნების მომენტი“.

ხალხისა და პოლიტიკური ლიდერების ერთიანობის დემონსტრირების გარდა, ნატოს სჭირდება ახალ რეალობაზე მორგებული სტრატეგიული კონცეფცია, რომელმაც უნდა შეცვალოს აქამდე მოქმედი ლისაბონის სამიტის 2010 წლის კონცეფცია.

იგულისხმება ნატოს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით მოქმედ ექსპერტთა ჯგუფის (Reflection Group) მიერ შარშან შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტი, სახელწოდებით „ნატო 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის, ანალიზი და რეკომენდაციები“. მასში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მის წინაშე მდგარ არაერთ გამოწვევას, მათ შორის: საერთაშორისო ტერორიზმს, კიბერუსაფრთხოებას, კლიმატის ცვლილებას, რუსეთის მზარდ აგრესიასა და ჩინეთის ეკონომიკურ ექსპანსიას.

ალიანსი საჭიროებს ადაპტირებას და ყველა საფრთხეს თავისი სახელი უნდა დაერქვას, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.

„2010 წლის შემდეგ სამყარო შეიცვალა და დიდწილად შეიცვალა ჩვენ წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები. მაგალითისთვის, ამჟამად მოქმედ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩინეთი მხოლოდ ერთი სიტყვითაა ნახსენები, ხოლი კლიმატის ცვლილება თითქმის არ არის ნახსენები. ასევე, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა დონეზე იყო იმ დროს, ვიდრე დღესაა. ამჟამად ჩვენი ურთიერთობა ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. და კიდევ, ამ წლების განმავლობაში იყო უფრო მძიმე კიბერთავდასხმები და სხვა გამოწვევები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ვიმედოვნებ, რომ მოკავშირეები მე დამავალებენ ამ პროცესის ორგანიზებას, რის შემდეგაც მომდევნო სამიტზე, 2022 წელს, ჩვენ შევძლებთ ახალი სტრატეგიული კონცეფციის შეთანხმებას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ეს მზადყოფნა აისახა სამიტის კომუნიკეში, რომელიც ლიდერთა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

ახალი სტრატეგია და პარტნიორთა მოლოდინი

ნატოს ახალ სტრატეგიას მოელიან არა მხოლოდ ალიანსის წევრი, არამედ პარტნიორი სახელმწიფოებიც. ამ სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ საფრთხეები და გამოწვევები, არამედ ნატოს შესაძლებლობები და მიზნები, რომელთა შორის უცვლელი დარჩება ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა, რამაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანმიმდევრულ გაწევრიანებას შეუწყო ხელი.

„ამ სამიტზე ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მოლოდინი არის ის ახალი სტრატეგია - ნატო 2030-ს ვგულისხმობ - და რუსეთთან მიმართებით შეფასებები, რადგან რუსეთი არის დღეს ბევრად უფრო აგრესიული როგორც ჩვენ მიმართ, მეზობლების მიმართ, ისე დასავლეთის მიმართ. თუ რა მექანიზმი ექნება და რა სტრატეგია ნატოს როგორც რუსეთის შესაკავებლად დასავლეთის მიმართულებით, ასევე პარტნიორების მხარდასაჭერად, ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ნატოს გენერალური მდივნის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ რუსეთი „ესწრაფვის ჰეგემონიას“ თავის მფლობელობაში მყოფ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, ძირს უთხრის მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცდილობს, ამით დააბრკოლოს ამ ერების სწრაფვა ნატოსკენ.

შესაბამისად, ალიანსის ურყევი ერთობის, მის წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევებისა და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილი ახალი სტრატეგიული კონცეფციის სხვადასხვა ასპექტზე მსჯელობის გარდა, 14 ივნისის ხანმოკლე სამიტზე ნატოს ლიდერებმა იმსჯელეს ასევე ალიანსის „ღირებული პარტნიორების“ - საქართველოსა და უკრაინის - მხარდაჭერის შემდგომ გაგრძელებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სამიტზე არ მიუწვევიათ ამ „ღირებული ქვეყნების“ ლიდერები, ალიანსის სახელმწიფოთა მეთაურების მიერ მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგულია „ღია კარის პოლიტიკისადმი“ და მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი.

წევრობა - კი, ვადები - არა

ნატოს 14 ივნისის სამიტის მსვლელობის დროს ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ არაერთხელ დაუსვეს შეკითხვა როგორც პრესკონფერენციაზე, ისე მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე.

შეიძლება თუ არა, რომ ასპირანტის სტატუსის მქონე საქართველომ მიიღოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, - ასე ჟღერდა იენს სტოლტენბერგისათვის ფორუმზე დასმული შეკითხვა, რომელიც აქტუალობას არ დაკარგავს მანამდე, ვიდრე ნატოს წევრი სახელმწიფოები არ შეთანხმდებიან ჯერ კიდევ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში შეტანილი გადაწყვეტილების შესრულებაზე და არ გაუგზავნიან ალიანსში გაწევრიანების ოფიციალურ მოსაწვევს ორ დაწინაურებულ პარტნიორ ქვეყანას - საქართველოსა და უკრაინას.

„მოველი, რომ ნატოს მოკავშირეები დაადასტურებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ მივიღეთ ბუქარესტის სამიტის დროს, როდესაც მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება წევრი. ჩვენ არავითარი თარიღი არ შეგვითავაზებია და დღესაც არ შევთავაზებთ ასეთ თარიღს. ჩვენ ფოკუსირებული ვართ რეფორმებზე, საქართველოსათვის დახმარების გაგრძელებაზე, მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების სრულყოფაზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც დასძინა, რომ „ნატოს კარი კვლავ ღია რჩება“.

მაგრამ როგორც თბილისში, ისე კიევში დარწმუნებული არიან, რომ ორივე ქვეყანა იმსახურებს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ორშაბათს განაცხადა, რომ სურს მიიღოს ღია გზავნილი - „კი“ ან „არა“ - ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან იმაზე, მიიღებს თუ არა კიევი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას.

სააგენტოებთან Reuters, Associated Press და AFP საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ მან ბაიდენისგან მიიღო დაპირება, რომ უკრაინა არ იქნება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ვაჭრობის საკითხი.

„როცა ნატოსა და “MAP”-ზე ვლაპარაკობთ, მინდა, რომ [ბაიდენისგან] მივიღო კონკრეტიკა: კი თუ არა“ , - თქვა ზელენსკიმ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) საუბრისას. „ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული თარიღები“, - თქვა მან.

ზელენსკი ნატოს წევრობის პროცესის დაჩქარებისკენ მას შემდეგ მოუწოდებს, რაც რუსეთმა ცოტა ხნის წინ ქვეყნის საზღვართან 100,000 სამხედრო პირი და ჯავშანტექნიკა განათავსა. ზელენსკი ამბობს, რომ რუსი სამხედროების დიდი ნაწილი კვლავ უკრაინის საზღვარზე რჩება.

საქართველოსა და უკრაინისათვის „საგზაო რუკის“ მიცემას უპირობოდ ემხრობიან ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან პირველები, რომლებმაც, მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, წარმატებით შეძლეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება.

14 ივნისს ბრიუსელში ჩასულმა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, ჟურნალისტებს განუცხადა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა შეასრულოს ნატოს წევრობის პერსპექტივის შესახებ საქართველოსა და უკრანისათვის მიცემული დაპირებაო.

მაგრამ გადის დრო და დაპირებას მოსდევს დაპირება, რომ ძველი დაპირება კვლავ ძალაშია. ასე გრძელდება 13 წელიწადი.

ნატოს 31-ე სამიტზეც ახალი არაფერი მომხდარა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ამ პროცესის ცენტრალური ნაწილი იქნება. კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ იმ და შემდგომი გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს - მათ შორის იმას, რომ ყოველი პარტნიორი მისი მაჩვენებლების მიხედვით იქნება განხილული. მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი, გარე ჩარევის გარეშე“, - ნათქვამია 14 ივნისის დეკლარაციის 68-ე პუნქტში.

„გარედან“, ანუ რუსეთიდან, ჩარევისა და სამხედრო აგრესიის მიუხედავად, რომლის მსხვერპლი საქართველო სწორედ 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტიდან მალევე გახდა, ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას.

ალიანსის 14 ივნისის სამიტამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები „სრულად იზიარებენ იმ ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, და აცხადებენ, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ახორციელებს პროგრესს ნატოსთან სრული თავსებადობის მისაღწევად“.

ყველა ბოლო გამოკითხვით ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 70 %.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG