Accessibility links

მცხეთის გენგეგმაზე მუშაობა განახლდა - რას მისცემს ეს მოსახლეობას


მცხეთა

მცხეთის მიწათსარგებლობის ერთი გენერალური გეგმა უკვე ჩავარდა. ახალი წლის ბოლოს უნდა გამოჩნდეს. ხელმეორედ წამოწყებული პროცესი ჯერ ისევ ბუნდოვანია და ადგილობრივების შიშებს ვერ ფანტავს.

ჟუჟუნა თომაძის ოჯახი 2011 წლიდან მცხეთაში მიწის ნაკვეთს ფლობს. წლების განმავლობაში ქალაქში გამოცხადებული მორატორიუმის გამო ოჯახმა ვერა და ვერ მოახერხა ნაკვეთით სარგებლობა. ვერც სამშენებლო ნებართვის მიღება. თუმცა, მიწის გადასახადს ყოველწლიურად იხდის.

ჟუჟუნა თომაძე შიშით ელოდება, მცხეთის განაშენიანების ახალ გენერალურ გეგმას, რომელიც „ამხანაგობა აქოლისმა“ უნდა შეიმუშაოს. შიშის საფუძველი 2015 წელის გამოცდილებაა. მაშინ შპს „სალი 2011“-ის მიერ შექმნილი გენერალური გეგმა ადგილობრივმა საკრებულომ და იუნესკომ დაიწუნა.

„2015 წელს შპს „სალი 2011“-მა წარმოადგინა [მცხეთის] განაშენიანების გენერალური გეგმა, სადაც ახალი განაშენიანება საერთოდ არ იყოს გათვალისწინებული. ეს იყო ფულის ტყუილი ხარჯვა, ვინაიდან კომპანიას, რომელმაც 160 ათასი ლარი აიღო გენერალური გეგმის შექმნაში არაფრით უგია პასუხი, ახალი გენერალური გეგმის შემუშავებაშიც იგივე ხალხი მონაწილეობს.“ - ამბობს ჟუჟუნა თომაძე.

მცხეთის გენერალური გეგმის ისტორია

მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნაზე საქართველოს ხელისუფლებამ მუშაობა 5 წლის წინ დაიწყო. გეგმის მიხედვით მცხეთაში მშენებლობის სტანდარტები ისე უნდა განსაზღვრულიყო, რომ იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ქალაქის ამოღების საფრთხე გამქრალიყო.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 160 ათასი ლარით, მცხეთის მერიამ საქართველოს საპატრიარქოს რეკომენდაციით შპს “სალი 2011”-ი შეარჩია. კომპანიის მიერ წარმოდგენილი მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მცხეთის საკრებულომ და იუნესკომ დაიწუნა. გეგმა ვერ განხორციელდა. მორატორიუმი მშენებლობაზე კი 2 წლის გახანგრძლივდა.

კავშირი „სალი 2011“-სა და „ამხანაგობა აქოლისს“ შორის

​საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნების რესტავრაციის ცენტრის რეკომენდაციაში, ჩამოთვლილ არქიტექტორებს შორის, რომელთაც 2015 წელს „სალი 2011“-ის სახელით გენგეგმა უნდა შეექმნათ, არქიტექტორი აკაკი ზერეკიძე ფიგურირებს.

აკაკი ზერეკიძე კომპანია შპს „ნიუ სითი დეველოფმენტის“ 100%-ის წილის მფლობელია. ეს კომპანია ერთ-ერთია იმ 8-ს შორის, რომელიც „ამხანაგობა აქოლისშია“ გაერთიანებული. ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის გენგეგმის ტენდერში გამარჯვებულად 5 თებერვალს გამოავლინა. ტენდერში სულ ორი კომპანია მონაწილეობდა „ინჟარქიტექტი“ და „აქოლისი“. 1 800 000 ლარის ღირებულების ტენდერში „აქოლისმა“ გაიმარჯვა.

ამხანაგობას მუნიციპალური განვითარების ფონდთან ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ აქვს. ამ მოტივით აკაკი ზერეკიძემ რადიო თავისუფლებას არ აუხსნა კონკრეტულად რის გათვალისწინებას გეგმავს ტენდერში გამარჯვებული „აქოლისი“. "სალი 2011"-ის მიერ 2015 წელს დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.

მცხეთის ბედი ისევ ბუნდოვანია

მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი რევაზ მამულაშვილი ამბობს, რომ 2015 წელს შემუშავებული განაშენიანების გენერალური გეგმა მცხეთაში კრძალავდა როგორც მშენებლობას, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს პოტენციურ პრობლემებს უქმნიდა როგორც ისტორიულ ქალაქს, ასევე მოსახლოებას. მაგალითად, ადგილობრივებს ღობის ფერის შეცვლის უფლებაც კი არ ეძლეოდათ.

მისი აზრით, ისევ ბევრი კითხვის ნიშანი რჩება. ახალ გენგეგმაზე ისევ ის ჯგუფი მუშაობს, ვისი პროექტიც დაიწუნეს :„ახლა წყდება მცხეთის ბედი და შეიძლება იუნესკოს სიიდან გარიცხვის საფრთხის წინაშე ისევ დადგეს მცხეთა“, - ამბობს რევაზ მამულაშვილი.

როდის ექნება ქალაქს ახალი გენერალური გეგმა

ამხანაგობა „აქოლისს“ მცხეთის განაშენიანების გენერალური გეგმის შესამუშავებლად 9 თვე აქვს. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ნიკა ანთიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, წინა გენგეგმას მხოლოდ ადგილობრივ მუნიციპალიტეტი ზედამხედველობდა, ახლა კი ამას ცენტრალური ხელისუფლება გააკონტროლებს.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის პატრონაჟით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით პროცესების მართვაზე მეთვალყურეობა აიღო ცენტრალურმა ხელისუფლებამ და გარწმუნებთ ობიექტური და სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - ამბობს ნიკა ანთიძე.

გენგეგმამ მორატორიუმს უნდა დაუსვას წერტილი

2019 წლის პირველ მარტამდე მთავრობის განკარგულებით მცხეთის ზოგ უბანში ე.წ შემსუბუქებული მორატორიუმი მოქმედებს, რომელიც მოსახლეობას გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უფლებას აძლევს.

როგორც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას „მცხეთის მორატორიუმი მოსახლეობისთვის უკვე ქრონიკულ პრობლემად იქცა“. ახლა კი მისი სიტყვებით „ამ პროცესში შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს არავის. არ უნდა დაზარალდეს ქალაქის იერსახე, არ უნდა დავუშვათ ისტორიული შეცდომა“.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ უნდა იყოს ამკრძალავი დოკუმენტი, რომელიც ქალაქის განვითარებას შეუშლის ხელს.

მისცემს თუ არა ჟუჟუნა თომაძეს ახალი გენერალური გეგმა საკუთარ მიწაზე მშენებლობის უფლებას ჯერ უცნობია. თუმცა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ნიკა ანთიძე ამბობს, თუკი მცხეთელები გენგეგმის შემუშავების შემდეგაც ვერ გამოიყენებენ საკუთარ ქონებას, ხელისუფლება მათ კომპენსაციას მაინც შესთავაზებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG