Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერლებმა ბოიკოტი გადაწყვიტეს. მიხეილ გიორგაძე და "სარაჯიშვილი წავიდნენ"  


„ჩვენი ბოიკოტი იქნება ყოვლისმომცველი. ესაა მწერალთა ინდივიდუალური პროტესტი“, - ასე სრულდება მწერლებისა და მთარგმნელების წერილი, რომლებიც ახლად შექმნილ „ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს“ ბოიკოტს უცხადებენ და აპროტესტებენ „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაუქმებას, რომელიც საფუძვლად დაედო ახალი ფონდის შექმნას.

მწერლები აპროტესტებენ „წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ იმ თანამშრომელთა გათავისუფლებასაც, რომლებიც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს. იმ პროექტებს, რომლებმაც უკანასკნელ წლებში, ქართული ლიტერატურისა და ზოგადად, კულტურის პოპულარიზაციაში, უდიდესი როლი ითამაშა. მათ შორის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, ლიტერატურული ფესტივალები, დავით სარაჯიშვილის სახელობის მუზეუმისთვის მზადება და სხვა.

ბოიკოტის წერილს, ამ ეტაპზე, 50-მდე მწერალი და მთარგმნელი უერთდება. ისინი წერენ: „ჩვენი ბოიკოტი ხმაურიანი იქნება, მასში ჩაერთვება საერთაშორისო სამწერლო საზოგადოება, მოვძებნით ალტერნატიულ ხერხებს ჩვენი წიგნების გამოსაცემად - ეს იქნება დროებითი ზომა, ჩვენს სრულ გამარჯვებამდე, ხსენებულ სფეროში სტატუს კვოს აღდგენამდე და სრულ სამუშაო პროცესში დაბრუნებამდე. ესაა მწერალთა ინდივიდუალური პროტესტი. ყოველი ხელმომწერი პირადად აგებს პასუხს თავის პოზიციაზე, გმობს "მწერალთა სახლისა" და "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" ერთ ორგანიზაციად გაერთიანებას და მხარს უჭერს ახალშექმნილი "ქართული ლიტერატურის ფონდის" ბოიკოტს“.

რას ნიშნავს მწერლების ბოიკოტი?

მწერლები არაერთ ვარაუდს განიხილავენ, თუ რა ხერხებით შეიძლება გამოუცხადონ ბოიკოტი ახლადშექმნილ ფონდს. მაგალითად, ერთ-ერთ გზად განიხილება უარი ყველა იმ პროექტზე, რომელსაც ფონდი მწერლებს შესთავაზებს - იქნება ეს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა, წიგნის თარგმნა თუ სხვა. ანუ, ბოიკოტის წერილის ხელმომწერების მიზანია ბენეფიციარების, მწერლების გარეშე დატოვონ ლიტერატურის ფონდი.

მწერალი ხათუნა თავდგირიძე, წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი ამბობს: „ირმა რატიანს (ლიტერატურის ფონდის ხელმძღვანელი) მინიმუმ უნდა ეუხერხულებოდეს მთელი ჩვენი სამწერლო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის სათავეში დგომა და ამ უსინდისობაში მონაწილეობა.ორი ძლიერი ორგანიზაციის, რომლებიც წლების მანძილზე ენთუზიაზმით და სიყვარულით აკეთებდნენ ჩვენს საერთო საქმეს და დადეს არაჩვეულებრივი შედეგი, ამ პროფესიონალი გუნდის დაწიოკება. მე არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ ამ ახალ რევანშისტულ ლიტერატურულ ფონდთან. კიდევ ერთხელ ვადასტურებ სრულ მხარდაჭერას წიგნის ცენტრისა და მწერალთა სახლის მიმართ და დაველოდები იმ უახლოეს მომავალს, როცა სამართლიანობა აღდგება“.

წერილს ხელს აწერს პოეტი დიანა ანფიმიადი: „ჩემი ბოიკოტი ის იქნება, რომ ვითომ ფონდის არანაირ აქტივობაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

ბოიკოტის შესახებ წერს მწერალი ტორესა მოსიც: „პირდაპირ ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ გაურკვეველ ფონდთან ურთიერთობას. არანაირ ფორმატში. არ დავესწრები მათ ორგანიზებულ არც ერთ ღონისძიებას, არ შევხვდები არც ერთ სტუმარს და არ მივიღებ მონაწილეობას არც ერთ მთარგმნელობით პროექტში. დაე, გქონდეთ ლიტერატურის ფონდი ლიტერატურის გარეშე“.

წერილს ხელს აწერს მწერალი ლუკა ბაქანიძე: „ბრიყვ სისტემას ყოველთვის ეშინია თავისუფალი სიტყვის და ინტელექტის, რომლის ერთგვარ სახედაც მიიჩნევს მწერლებს და ცდილობს დაიქვემდებაროს ისინი ერთობ სულელური გზით“.

მწერალი თეონა დოლენჯაშვილი კი ამბობს: „ჩვენ, პირველ რიგში, გვჭირდება პასუხები კითხვებზე, რომლებსაც ვსვამთ. რატომ გახდა საჭირო ამ ორი წარმატებული უწყების დახურვა და იმ საერთო ლიტერატურული პროცესისთვის ხელის შეშლა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა. ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვთანამშრომლობთ ფონდთან, მაგრამ ეს ყველაფერი გრძელვადიან პროცესშია განსასაზღვრი, დასანახი, რა მოხდება, რამდენი ვიქნებით. რა უფლებები გვაქვს ჩვენ, როგორც რიგით ავტორებს და რა ფორმით შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი ბოიკოტი. ეს ძალიან საინტერესოა. ჩემი საავტორო უფლებები, რომელიც გამომცემელს აქვს, ის რას გადაწყვეტს. მაგრამ რასაც ახალს დავწერ, ცხადია, იქ დავრჩები მტკიცედ ბოიკოტის რეჟიმში, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არ არის ერთი წიგნის ან ფესტივალის საქმე. ეს არის ძალიან დიდი შეფერხება მწერლობისთვის, სასჯელი, რევანში“.

ლიტერატურის ფონდის ბოიკოტს უერთდება მთარგმნელი ქეთი ქანთარია: „ყველაფერზე წავალთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ის თავდაპირველი სტატუსი, რაც ჰქონდა წიგნის ცენტრსა და მწერალთა სახლს. ჯერ კიდევ ფიქრში ვართ, რა რადიკალურ ფორმებზე შეიძლება შევთანხმდეთ. ვფიქრობთ აქციებზე. ისეთ აქციებზე, როგორიც საქართველოში ამ მიმართულებით არ გამართულა. მე მაქვს იდეა, რომ მაგალითად, მწერალთა სახლში გაიმართოს 24 საათიანი მარათონები, დავიკავოთ მწერალთა სახლი. ადამიანებისთვის სასიამოვნო და საინტერესო ფორმით უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ მწერალთა სახლი ეკუთვნის მწერლებს, მთარგმნელებსა და გამომცემლებს და არავითარ შემთხვევაში, ბიუროკრატებს და მათ, ვინც ადამიანების შრომას არ აფასებს. თუკი ამ ფონდს სურს ლიტერატურის სფეროში მუშაობა, ჩვენ მათ ვანიშნებთ, რომ ეს ასე და ამ ფორმით არ გამოვა. გადავიტანთ იმ დანაკლისებს, რაც შეიძლება, რომ ამ ბოიკოტმა გამოიწვიოს. გამომცემლობებმაც გამოიღონ ხელი, დაგვიდგნენ მხარში და ჩვენთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ბოიკოტში“.

​რაც შეეხება გამომცემლობების მონაწილეობასა და ჩართულობას მწერლებისა და მთარგმნელების ბოიკოტში, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორი თინა მამულაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ გამომცემლობა ბევრ ავტორს აერთიანებს, რომელთა აზრი ბოიკოტთან დაკავშირებით, შესაძლოა, განსხვავდებოდეს. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, გამომცემლობები „ცოტა უცნაურ მდგომარეობაში არიან“.

„ეს იყო მწერლების სპონტანური, თუმცა, სამართლიანი ბრაზი და რეაქცია. მწერლები და გამომცემლები, წლების წინ, ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულნი წიგნის ცენტრის შექმნასა და ჩამოყალიბებაში და ახლა ისე შეცვალეს ყველაფერი, რომ არავის არაფერი გვკითხეს. გამოცემლობები ცოტა უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მწერლები ამბობენ, რომ ეს არის ინდივიდუალური პროტესტი. მე, როგორც გამომცემელი, ბევრ სხვადასხვა მწერალს წარმოვადგენ და ამიტომ, ჩემთვის ძალიან რთული გადასაწყვეტი იქნება, ბოიკოტს რა ფორმით და როგორ უნდა შევუერთდე. თუკი ყველა მეტყვის, რომ ეთანხმება ბოიკოტს, ჩემთვის არ არის პრობლემა, შევუერთდები მათ“.

„სარაჯიშვილი სახლიდან მიდის“ - მწერალთა სახლს ტოვებენ თანამშრომლებიც

მწერლების ბოიკოტი გახდა ნინო ბექიშვილისთვის, მწერალთა სახლის თანამშრომლისთვის, სამსახურის დატოვების მიზეზი. ის მწერალთა სახლში 2014 წლიდან მუშაობდა. კურირებდა სხვადასხვა პროექტს, ლიტერატურული ფესტივალებიდან დაწყებული, საგანმანათლებლო პროექტებით დასრულებული. თავიდან ის გეგმავდა ფონდთან თანამშრომლობას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლიტერატურის ფონდს ბოიკოტი გამოუცხადეს მწერლებმა, გადაწყვეტილება მიიღო და 5 ივლისს სამსახური დატოვა:

„გარდა იმისა, რომ მთელი ეს პროცესი ძალიან უსამართლოდ წარიმართა, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება გავაკეთო ფონდში მწერლების გარეშე. როდესაც შევედი პენცენტრის საიტზე და კიდევ ერთხელ ვნახე ხელმოწერები ბოიკოტის წერილზე, როცა ლევან ბერძენიშვილმა დაგეგმილი პრეზენტაცია გააუქმო მწერალთა სახლში ამ ბოიკოტის გამო, ჩემთვის უკვე ნათელი გახდა, რომ ძალიან გამიჭირდებოდა აქ მუშაობა“, - ამბობს ნინო ბექიშვილი.

ნინო ბექიშვილისთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ მწერალთა სახლის გაუქმებისა და მისი დირექტორის, ნატაშა ლომოურის გათავისუფლების შემდეგ, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა და იხვეწებოდა. ლაპარაკია დავით სარაჯიშვილის სახლმუზეუმის შექმნაზე:

„დაიწერა ტექსტები, შეგროვდა ფოტოები, ვაპირებდით, რომ თანამედროვე და ძალიან საინტერესო მუზეუმი გაგვეხსნა. ასევე დაწყებული გვქონდა მუშაობა მეორე პროექტზე, ეს იყო რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი. არ ვიცი, როგორც შეძლებენ დავით სარაჯიშვილის მუზეუმის დასრულებას, რომელსაც ბოლო შტრიხებიღა აკლია. მართალია ფონდის ახალმა დირექტორმა გუშინ მითხრა, რომ მისთვისაც მნიშვნელოვანია ეს მუზეუმები, მაგრამ რეალურად, რა და როგორ იქნება, აღარ ვიცი“.

5 ივლისის დილას, მწერალთა სახლის ჩიხში გაჩნდა სტენსილი „სარაჯიშვილი სახლიდან მიდის“. ნახატი ქუჩის მხატვარს, გაგოშას ეკუთვნის. ნახატზე სახლის პირველი პატრონი, დავით სარაჯიშვილია გამოსახული გორგოლაჭებიანი ჩემოდნით.

ასე შეუერთდა გაგოშა მწერალთა ბოიკოტსა და მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებას.

მიხეილ გიორგაძემ პოსტი დატოვა

5 ივლისს, „სახლიდან წავიდა სარაჯიშვილი“. რამდენიმე საათში კი სამსახურიდან წავიდა მიხეილ გიორგაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე. მან თქვა, რომ ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, კერძო სექტორში ბრუნდება.

სწორედ მიხეილ გიორგაძე იყო ის მაღალჩინოსანი, რომელიც ორი სსიპის, წიგნის ერთოვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაუქმებას და მათ ნაცვლად ლიტერატურის ფონდის შექმნას კურირებდა. ის მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ცვლილების მიზანი სამინისტროს მმართველობის სისტემის ეფექტურობის გაზრდა იყო. თუმცა, საკუთარ სიტყვებში ვერც მწერლები და ვერც წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის თანამშრომლები ვერ დაარწმუნა.

მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მწერლებისა და გამომცემლობებისთვის. თინა მამულაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ასე გამოეხმაურა მის წასვლას: „გააუბედურა ყველაფერი და ახლა გადადგა თუ აიძულეს, რომ გადამდგარიყო. მგონია, რომ მისი გადადგომა პირდაპირ უკავშირდება მწერლების პროტესტს. შეცვლის თუ არა ეს ფაქტი რაიმეს, ძალიან რთულია ამის თქმა“.

მიხეილ გიორგაძის პოსტიდან წასვლას ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე: „საქმე გააფუჭა - ეროვნული წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი ააფეთქა და წავიდა. და გაფუჭებულს ვინ გამოასწორებს? რამდენი დრო დაიკარგა და რამხელა მნიშვნელობის პროცესი დაზიანდა! რაც მალე აღდგება სტატუს-კვო ამ ორ უწყებასთან მიმართებით, მით მალე შევძლებთ იმ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესის გაგრძელებას, რომელიც ფრანკფურტში საქართველოს სტუმრობით დაიწყო“.

„ალბათ არსებობს რაიმე კავშირი მიხეილ გიორგაძის მიერ პოსტის დატოვებასა და იმ პროცესებს შორის, რაც მოჰყვა მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებას“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ნატაშა ლომოური, მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი.

„უსამართლობისთვის“ - ასე ეხმაურება წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი დეა მეტრეველი მიხეილ გიორგაძის სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწვეტილებას. 5 ივლისს დეა მეტრეველმა წიგნის ცენტრის დაცარიელებული ოფისიდან ვიდეო-მიმართვა გაავრცელა. ვიდეოში მან მოკლედ მიმოიხილა ცენტრის საქმიანობა, რომელიც წლების განმავლობაში წიგნის ცენტრმა გასწია და მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, რომელთა უდიდესი ნაწილიც, ცენტრის გაუქმების შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს.

რაც შეეხება ლიტერატურის ფონდის ახალ დირექტორს, ირმა რატიანს და მის რეაქციას მწერალთა ბოიკოტის შესახებ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე, მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG