Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაბიჯი თანხმობისკენ ოპოზიციაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 ივნისს


ენმ თბილისის 8 ოლქიდან 6-ში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გუშინ საღამოს ბრიფინგზე თქვა, რომ პარტია თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ში კანდიდატს არ დააყენებს.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ პერიპეტიებს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. ეს ვნებათაღელვა მატულობს და მატულობს, ხშირ შემთხვევაში უადგილოდ. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის“, - თქვა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პარტია ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს თბილისის მხოლოდ ორ რაიონში - სამგორისა და ისნის რაიონებში.

„დასრულებულია განხილვები, შეთანხმება ჩავთვალოთ, რომ მნიშვნელოვანწილად შემდგარია“, - ასე შეაფასა „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მელიას განცხადება.

„ძალიან კარგი განცხადებაა, სწორი განცხადება. „ნაციონალური მოძრაობა“ იღებს ორ ადგილს, დანარჩენი 6 ადგილი მთავარია გადანაწილდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, მათ შორის, ჩვენც, „ახალი საქართველოც“ მივიღებთ ამ დისკუსიაში მონაწილეობას. ეს არის თანხმობისკენ გადადგმული ძალიან კარგი ნაბიჯი“, - თქვა გიორგი ვაშაძემ.

თვალი ადევნე შეფასებებს დღეს დილიდან რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

"სამწუხაროა, რომ თამასა დაბლა ეშვება" - ევროპარლამენტარის პასუხის პასუხის პასუხი კავკასიურ სახლს

მიმოწერა კავკასიურ სახლსა და ევროპარლამენტის წევრ გერმანელ დეპუტატს, ვიოლა ფონ კრამონს შორის, რომელიც ევროპარლამენტარის მიერ 8 მარტის ხელშეკრულებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების ამნისტიის მხარდაჭერის გამო დაიწყო, გრძელდება.

"სამწუხაროა, რომ თამასა მიმოწერაში აგრძელებს დაბლა დაშვებას. თავს ვერ მივცემ ასე ღრმად ჩამოყოლის უფლებას. შესაბამისად, იხილეთ ჩემი უკანასკნელი პასუხი", - წერს ევროპარლამენტარი.

"მთავარი კითხვა, რომელსაც აქ პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, თუ რატომ უტევთ ასე გამალებით, აშკარა და მარტივად უარსაყოფი ტყუილებით თქვენს საერთაშორისო მოკავშირეს? რატომ აყენებთ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ? იქნებ, სამართლიანობის პოვნის კეთილშობილური მიზანი კი არა, პოლიტიკური მოტივი გამოძრავებთ?

თქვენი ნარატივი ორივე წერილში აშკარა მსგავსებას ავლენს ქართული ოცნების ნარატივთან და იმეორებს რამდენიმე იმ პუნქტს, რომელსაც მთავრობის წევრები აჟღერებდნენ. თქვენსა და ქართული ოცნების მხარდამჭერი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩემ წინააღმდეგ წარმოებული (სავარაუდოდ) ორგანიზებული მედიაკამპანია („პოლიტოლოგებად“ წოდებული პირების მონაწილეობით) ასევე მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს წამოწყებაში მარტო არ მოქმედებთ“.

წაიკითხე მეტი.

რატომ არ ვითვლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღრიცხულ COVID-ინფიცირებულებს?

დადასტურებული შემთხვევა - 801

გარდაცვლილი - 13

გამოჯანმრთელებული - 644

კარანტინში - 2424

სტაციონარში - 304

თითქმის ორი თვეა, რაც 83 წლის ქალი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მარტო ცხოვრობს, მეზობლებსაც კი აღარ ნახულობს. კორონავირუსის საფრთხის გამო, ცდილობს, იშვიათად დატოვოს საკუთარი ეზო და საჭირო პროდუქტის საყიდლადაც იშვიათად გავიდეს. პურს სახლში აცხობს, ბურღულეულის მცირე მარაგიც აქვს.

სოფელში ძირითადად ხანდაზმულები ცხოვრობენ. ამიტომ ვირუსის განსაკუთრებით ეშინიათ. ახლა უფრო მეტად ის აწუხებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი თითქმის სამი თვეა ჩაკეტილი აქვს და მისი ოჯახის წევრები, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ, სოფელში ჩასვლას ვერ ახერხებენ.

4 ივნისის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 35 შემთხვევაა დარეგისტრირებული. მათგან გამოჯანმრთელებულია 27, გარდაცვლილი კი ერთი. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთში კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის სპეციალური შტაბი იუწყება. მათივე ინფორმაციით, შვიდივე დაინფიცირებული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია და ისინი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდნენ. დაინფიცირებულები გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 7 აპრილს, გაგრაში დადასტურდა. ინფიცირებული რამდენიმე ხნით ადრე მოსკოვში იმყოფებოდა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა მარტის მიწურულს დააწესა და ის დღემდე დაკეტილია.

წაიკითხე მეტი.

5 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 2.98 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

5 ივნისისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 2.9841 ლარი (4 ივნისი - 3.0416);
  • 1 ევრო - 3.3422 ლარი (4 ივნისი - 3.4087);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.7394 ​ლარი (4 ივნისი - 3.8294​);
  • 100 რუსული რუბლი - 4.3130 ლარი (4 ივნისი - 4.4290​);
  • 1 თურქული ლირა - 0.4413 ლარი (4 ივნისი - 0.4500​);
  • 10 უკრაინული გრივნა - 1.1183​ ლარი (4 ივნისი - 1.1372).

4 ივნისს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი იყო 1 აშშ დოლარი - 2.9750 ლარი.

მთავრობა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გავლაზე ფიქრობს

საქართველოს მთავრობის მოხსენების მიხედვით, არსებობს ახლებური ხედვა, რომლის მიხედვითაც, წვევამდელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოუწევთ. პროექტის შესახებ დეტალები დოკუმენტში გაწერილი არ არის და რადიო თავისუფლებამ ვერც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან მიიღო.

"ამ ცვლილებების ინიცირება იგეგმება თავდაცვის კოდექსის პროექტის ფარგლებში. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში", - ვკითხულობთ მოხსენებაში.

სახელმწიფო სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოველწიურად რამდენიმე ათას ახალგაზრდა იწვევს. მაგალითად, მხოლოდ საგაზაფხულო გაწვევისთვის 2020 წელს 4 189 ადგილი არსებობდა, საიდანაც, დაახლოებით, მესამედი (1,4 ათასი) თავდაცვის სამინისტროს კვოტა იყო, დანარჩენი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს, პენიტენციური სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის შეარჩიეს.

მთავრობის მოხსენება: 2019 წელს უმუშევრობის დონე ბოლო 18 წელში ყველაზე დაბალი იყო

საქართველოს მთავრობის მოხსენების მიხედვით, უმუშევრობის დონე ბოლო 18 წელში ყველაზე დაბალი 2019 წელს იყო. ანგარიში, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მაისის პერიოდს ასახავს, უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი.

"მრავალი გამოწვევისა და რეგიონში დაძაბული მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში შენარჩუნდა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების ტენდენცია დაფიქსირდა", - ვკითხულობთ ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ გასულ წელს უმუშევრობის დონე 11,6 პროცენტი იყო, ეკონომიკური ზრდა კი - 5,1 პროცენტი.

როგორ უნდა “ამოქმედდეს” კულტურა პანდემიის შემდეგ - ინტერვიუ კულტურის პოლიტიკის მკვლევართან

პანდემიის პირობებში კულტურის სფეროს ფართოდ “ამოქმედება” დასკვნით ეტაპზეა დაგეგმილი. სექტორის წარმომადგენლები წერენ პეტიციებს, ითხოვენ კრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმებს სახელმწიფოსგან. ზოგი მზად არის, თავადაც ჩაერთოს ასეთი გეგმის შექმნაში; ზოგი თვლის, რომ პრობლემები უფრო ღრმაა და მათი უმეტესობა პანდემიამდელ ხანაშიც არსებობდა. არის მოთხოვნა გადაიხედოს სახელოვნებო პროექტების დაფინანსების წესი, პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდეს, სახელმწიფომ სტრატეგიის დოკუმენტებში გაწერილი ვალდებულებების შესრულება დაიწყოს და სახელმწიფოს დღის წესრიგში კულტურის სფერო უფრო მეტად პრიორიტეტული იყოს.

ხელოვნების პოლიტიკისა და თანამედროვე ხელოვნების მკვლევარი ნიკოლოზ ნადირაშვილი „კულტურის სტრატეგიის მონიტორინგის სამოქალაქო ინიციატივის“ წევრია. „ინიციატივა“ კულტურის პოლიტიკისა და სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას აკონტროლებს და სხვადასხვა მიმართულებით იკვლევს სექტორის საჭიროებებს. მასთან ინტერვიუ ნასტასია არაბულმა ჩაწერა, რომელიც შეგიძლია წაიკითხო აქ.

„შეპყრობილები ვართ, ცით დაკავებულებიო“, თავის თავსა და რამდენიმე ენთუზიასტ მეგობარზე ამბობს გურჯაანელი დათო ჩახვაშვილი, რომელიც 20 წლის ასაკიდან თვითნაკეთ საფრენ აპარატებს აწყობს. უკვე ექვსი აპარატი შექმნა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG