Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამწუხაროა, რომ თამასა დაბლა ეშვება" - ევროპარლამენტარის პასუხის პასუხის პასუხი კავკასიურ სახლს


ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი, გერმანიის მწვანეთა პარტია
ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი, გერმანიის მწვანეთა პარტია

მიმოწერა კავკასიურ სახლსა და ევროპარლამენტის წევრ გერმანელ დეპუტატს, ვიოლა ფონ კრამონს შორის, რომელიც ევროპარლამენტარის მიერ 8 მარტის ხელშეკრულებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების ამნისტიის მხარდაჭერის გამო დაიწყო, გრძელდება.

"სამწუხაროა, რომ თამასა მიმოწერაში აგრძელებს დაბლა დაშვებას. თავს ვერ მივცემ ასე ღრმად ჩამოყოლის უფლებას. შესაბამისად, იხილეთ ჩემი უკანსაკნელი პასუხი", - წერს ევროპარლამენტარი.

"მთავარი კითხვა, რომელსაც აქ პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, თუ რატომ უტევთ ასე გამალებით, აშკარა და მარტივად უარსაყოფი ტყუილებით თქვენს საერთაშორისო მოკავშირეს? რატომ აყენებთ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ? იქნებ, სამართლიანობის პოვნის კეთილშობილური მიზანი კი არა, პოლიტიკური მოტივი გამოძრავებთ?

თქვენი ნარატივი ორივე წერილში აშკარა მსგავსებას ავლენს ქართული ოცნების ნარატივთან და იმეორებს რამდენიმე იმ პუნქტს, რომელსაც მთავრობის წევრები აჟღერებდნენ. თქვენსა და ქართული ოცნების მხარდამჭერი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩემ წინააღმდეგ წარმოებული (სავარაუდოდ) ორგანიზებული მედიაკამპანია („პოლიტოლოგებად“ წოდებული პირების მონაწილეობით) ასევე მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს წამოწყებაში მარტო არ მოქმედებთ.

მე ვურჩევდი კავკასიურ სახლს, რომ ან იყოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციის სტატუსის ერთგული, ან ღიად განაცხადოს თავისი პოლიტიკური მოტივების შესახებ. ჩვენ, თქვენს მოკავშირეებს, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი თავისი საპასუხო წერილის პასუხად მიღებული მორიგი წერილის შემდეგ, სადაც კავკასიური სახლის წარმომადგენლები ნაირა გელაშვილი, გიორგი ლობაჟნიძე, ლევან ლორთქიფანიძე, თეა გალდავა და ივანე აბრამაშვილი აღნიშნავდნენ:

„11 თებერვალსტვიტერშიახსენებთ საქართველოს მთავრობის მიერ მისიპოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივ დევნას“. ხოლო 13 მაისს თქვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოკლე კომენტარით (რომლის წაკითხვისკენაც მოგვიწოდებთ და რომელიც ჩვენ წაკითხული გვქონდა) საქართველოს მთავრობას მოუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას.

ამ შეთანხმების შესრულების შედეგად კი განთავისუფლდა ორი მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე დამნაშავე, რომლებსაცერთიანი ნაციონალური მოძრაობადა მასთან დაკავშირებული, ფსევდონეიტრალური ჯგუფები, ისევე როგორც თქვენი კოლეგები: დევიდ მაკალისტერი, ანა ფოტიგა, ანდჟეი ჰალიცკი და სხვ., „მნიშვნელოვან პოლიტპატიმრებადაცხადებენ, რითაც უზომო შეურაცხყოფასა და ტრავმას აყენებენ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ წამებულ ადამიანებს და დახოცილთა ოჯახებს. ხოლო 2004 წელს . ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს ქუჩაში დახვრეტილი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდის ბუტა რობაქიძის მშობლებისათვის ამ პიროვნების საზეიმოდ განთავისუფლება შვილის მეორედ მოკვლას ნიშნავს. მხოლოდ ეს ერთი მაგალითი რომ დავასახელოთ“, - წერია კავკასიური სახლის წერილში.

კავკასიური სახლი სწერს ევროპარლამენტარს, რომ სიამოვნებით უმასპინძლებდა, "რათა უშუალოდ ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ის ქვეყანა, რომელმაც მრავალი მიზეზის გამო სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის მიმართ მართლმსაჯულების აღსრულება ვერ მოახერხა; რომელიც რუსეთის წინაშე ფაქტიურად მარტო დარჩა და ვერაფერს აკეთებს მცოცავი ოკუპაციის წინაღმდეგ; ქვეყანა, სადაც მასობრივი უმუშევრობა და სიღარიბე ბატონობს და რომლის სასიცოცხლო სივრცესაც ლამის ერთიანად ძირავენ წყალში".

"მე ვურჩევდი კავკასიურ სახლს, რომ ან იყოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციის სტატუსის ერთგული, ან ღიად განაცხადოს თავისი პოლიტიკური მოტივების შესახებ. ჩვენ, თქვენს მოკავშირეებს, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე.

მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია განვიხილო თქვენთან სტუმრობის შესაძლებლობა, რათა ვისაუბროთ „სააკაშვილის სასტიკ რეჟიმზე“ (რომელიც თითქმის 8 წლის წინ დასრულდა), მაგრამ უწინარესად მიმდინარე პრობლემებზე. ისეთ პრობლემებზე როგორებიცაა დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლა, მოსამართლეთა გაუმჭვირვალე დანიშვნა (ზოგიერთი მათგანი საკამათო განათლებით), პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დემოკრატიაზე გულის აცრუება, რუსული ოკუპაცია და სხვა მრავალი წინაღობა, რომელიც აბრკოლებს საქართველოს, იყოს ის ქვეყანა, რომელსაც მისი ხალხი იმსახურებს“, - პასუხობს ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც ევროპარლამენტში დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის წამყვანი წევრია. ​

„ეს ჩემი მეორე და საბოლოო პასუხია კავკასიური სახლის მცდარ და დაუსაბუთებელ ბრალდებებზე. იმედი მაქვს, ისინი იპოვიან გზებს აღადგინონ ხიდები, რომლებიც ასე სახიფათოდ დააზიანეს“, - ნათქვამია ევროპარლამენტარის ოფიციალურ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქვემოთ იხ. კავკასიური სახლისა და ვიოლა ფონ კრამონის წერილების სრული ტექსტები.

კავკასიური სახლის პასუხი ვიოლა ფონ კრამონს

დიდად პატივცემულო ქალბატონო ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელ,

მადლობას გიხდით თქვენი სწრაფი რეაგირებისათვის.

თუმცა, იძულებულნი ვართ აქვე აღვნიშნოთ, რომ ჩვენც იმედგაცრუებულნი დავრჩით თქვენი წერილის სტილით, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ნაკლებ დიპლომატიური.

შეიძლებოდა ტექსტის სტილზე და მისი აღქმის სპეციფიკაზე დაუსრულებლად გვემსჯელა, მაგრამ ყოველგვარ ფორმალობაზე საუბარი, ვფიქრობთ არასერიოზულია, როდესაც შინაარსი უმძიმეს პრობლემებს ეხება.

ეჭვი არ გვეპარება, რომ გამოძრავებთ კეთილშობილური მიზანი, ხელი შეუწყოთ საქართველოში პოლიტიკური მოტივაციებისაგან თავისუფალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, რისთვისაც, როგორც წინა წერილშიც აღვნიშნეთ, გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელ ევროკავშირსა და მის სტრუქტურებს.

მაგრამ ჩვენ და ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს გვიჩნდება კითხვა: რა შედეგი გამოიღო თქვენმა ძალისხმევამ?

11 თებერვალს “ტვიტერში” ახსენებთ საქართველოს მთავრობის მიერ მისი „პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივ დევნას“. ხოლო 13 მაისს თქვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოკლე კომენტარით (რომლის წაკითხვისკენაც მოგვიწოდებთ და რომელიც ჩვენ წაკითხული გვქონდა) საქართველოს მთავრობას მოუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას.

ამ შეთანხმების შესრულების შედეგად კი განთავისუფლდა ორი მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე დამნაშავე, რომლებსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული, ფსევდონეიტრალური ჯგუფები, ისევე როგორც თქვენი კოლეგები: დევიდ მაკალისტერი, ანა ფოტიგა, ანდჟეი ჰალიცკი და სხვ. „მნიშვნელოვან პოლიტპატიმრებად“ აცხადებენ, რითაც უზომო შეურაცხყოფასა და ტრავმას აყენებენ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ წამებულ ადამიანებს და დახოცილთა ოჯახებს. ხოლო 2004 წელს ი. ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს ქუჩაში დახვრეტილი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდის ბუტა რობაქიძის მშობლებისათვის ამ პიროვნების საზეიმოდ განთავისუფლება შვილის მეორედ მოკვლას ნიშნავს. მხოლოდ ეს ერთი მაგალითი რომ დავასახელოთ.

და თუ თქვენ მოგმართეთ და არა მემარჯვენე პოლიტიკოსებს, იმიტომ, რომ სწორედ თქვენ ეწინააღმდეგებოდით სააკაშვილისა და მისი „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს და თქვენთან, როგორც მწვანეთა პარტიის წარმომადგენელთან, საერთო ღირებულებები გვაკავშირებს. და თუ თქვენი ეს დამსახურება ჩვენს წერილში სათანადოდ ვერ აღვნიშნეთ, ამისთვის ბოდიშს გიხდით.

რომ შევაჯამოთ: თქვენ თქვენს კეთილშობილურ განზრახვებზე საუბრობთ, რაშიც ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ კი უმძიმეს რეალურ შედეგებზე გელაპარაკებით.

მადლობას მოგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტების შეხსენებისთვისაც, რომ სამართლიან სასამართლოს დამნაშავეებიც იმსახურებენ. ისიც ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მართლმსაჯულება კრიტიკას ვერ უძლებს. და ფაქტი ფაქტად რჩება: შიდა თუ გარე მიზეზებით, საქართველოს პარლამენტში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მონაწილეები და მხარდამჭერები სხედან. და სამართლიანი სასამართლოც მათთვის არსებობს და არა რიგითი მოქალაქეებისთვის.

გარდა ამისა: გაკვირვებულები ვართ, რომ წერილის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან ნაწილზე ერთობ ზოგადად გვიპასუხეთ. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ევროკავშირი იწყებს ევროპული მწვანე კურსის განხორციელებას და ეს საკითხი უკვე განვიხილეთ კავკასიური სახლის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად.

იმედი გვაქვს, ევროპა შესძლებს 2050 წლამდე ამ კურსის მთავარი მიზნების მიღწევას. მაგრამ იმ გიგანტური ჰესებისა და წყალსაცავების მშენებლობა, ანუ საქართველოს უნიკალური ეკოსისტემების განადგურება უკვე დაწყებულია და ჩვენი მაღალმთიანეთის უმწეოდ დარჩენილ მოსახლეობას ახლა სჭირდება დახმარება. ჩვენ კი, სამწუხაროდ ბევრი არაფერი შეგვიძლია იმ ძალების წინააღმდეგ, რომელთაც ჩვენი ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების გარდა, შესაძლოა, გაცილებით უფრო ძლევამოსილი მოთამაშეები (მაგალითად, რუსეთი ან ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული მსხვილი კორპორაციები) უმაგრებდნენ ზურგს. ეგებ მოიცალოთ და ამ საკითხზეც გამოაქვეყნოთ კომენტარები თქვენს ვებგვერდზე, ან გვირჩიოთ, ჩვენ როგორ მოვიქცეთ.

თქვენ აღნიშნავთ, რომ საქართველოს მრავალ მეცნიერთან, ექსპერტთან და უბრალო მოქალაქესთან გაქვთ კავშირი. სიამოვნებით გიმასპინძლებთ კავკასიურ სახლში, რათა უშუალოდ ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ის ქვეყანა, რომელმაც მრავალი მიზეზის გამო სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის მიმართ მართლმსაჯულების აღსრულება ვერ მოახერხა; რომელიც რუსეთის წინაშე ფაქტიურად მარტო დარჩა და ვერაფერს აკეთებს მცოცავი ოკუპაციის წინაღმდეგ; ქვეყანა, სადაც მასობრივი უმუშევრობა და სიღარიბე ბატონობს და რომლის სასიცოცხლო სივრცესაც ლამის ერთიანად ძირავენ წყალში .

P.S. ძალიან გაგვახარა თქვენს მიერ გერმანელ-ქართველი მწერლის გივი მარგველაშვილის ციტირებამ. კავკასიური სახლი უკვე მეოთხედი საუკუნეა, რაც ამ მართლაც გენიალური მწერლის, ფილოსოფოსისა და ენათმეცნიერის შემოქმედებას იკვლევს, თარგმნის და გამოსცემს. ეგებ პოლიტიკოსების მიერ კონტექსტს დაშორებული ფრაზების ციტირებამ მაინც შეუწყოს ხელი ამ დიდი შემოქმედების უფრო სერიოზულ წაკითხვას.

საუკეთესო სურვილებით,

“კავკასიური სახლი”

ნაირა გელაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ლევან ლორთქიფანიძე, თეა გალდავა, ივანე აბრამაშვილი

ვიოლა ფონ კრამონის პასუხის პასუხის პასუხი

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

მივიღე თქვენი მონაწერი.

სამწუხაროა, რომ თამასა მიმოწერაში აგრძელებს დაბლა დაშვებას. თავს ვერ მივცემ ასე ღრმად ჩამოყოლის უფლებას. შესაბამისად, იხილეთ ჩემი უკანსაკნელი პასუხი.

თქვენს პირველ წერილში არაერთგზის და ამავდროულად მცდარად დამდეთ ბრალი ზოგიერთი პოლიტიკოსის „პოლიტპატიმრად“ შერაცხვაში. ამ ცილისწამების განსამტკიცებლად ციტატად მოიყვანეთ თებერვალში გაკეთებული ჩემი კომენტარი ტვიტერიდან სადაც ვაცხადებ, რომ „პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაუშვებელია და აზიანებს საქართველოს“. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ „პოლიტიკური ოპონენტი“ იგივეა რაც „პოლიტიკური პატიმარი“, მაშინ იძულებული ვარ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ კარგად კითხვის აუცილებლობის შესახებ.

არგუმენტირების კიდევ ერთი მცდელობისას, თქვენ მახსენებთ ჩემ მიერ 8 მარტის შეთანხმების მხარდაჭერას. ეს შეთანხმება, კვალავს რა გზას უფრო სამართლიანი, უფრო კონკურენტუნარიანი არჩევნებისკენ, დიდი მიღწევაა ქართული დემოკრატიისთვის. შესაბამისად, გასაკვირია არა ჩემ მიერ შეთანხმების მხარდაჭერა, არამედ თქვენი ჭოჭმანი შეახსენოთ თქვენს ხელისუფლებას მათი ანგარიშვალდებულება და მოსთხოვოთ სიტყვის შესრულება. ბატონი ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ ერთხელ უკვე გატეხა თავისი პირობა და ახლა იმავეს გაკეთების კიდევ ერთი მცდელობა უფრო და უფრო ამსგავსებს მას სააკაშვილის საზარელ რეჟიმს.

თქვენ თითქოს ასევე მიანიშნებთ, რომ მე უნდა ვიყო ანგარიშვალდებული იმაზე თუ რა თქვა ან არ თქვა ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა. თქვენ მიერ ჩამოთვლილ პირთაგან არცერთი არ არის ჩემი პარტიის წევრი. უფრო მეტიც, ისინი არიან ჩემი პოლიტიკური ოპონენტები. შესაბამისად, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა არ იყოს არაეფექტურია ჩემგან მოითხოვდეთ განმარტებას ჩემი ოპონენტების იმ სიტყვებზე, რომლებსაც თქვენ მცდარად ისევ მე მომაწერთ. თქვენ თუ ჩემი ოპონენტების სიტყვებზე განმარტების მოსმენა გსურდათ მაშინ თქვენი წერილი უნდა დაგესათაურებინათ მათი სახელებით და არა ჩემით.

მთავარი კითხვა, რომელსაც აქ პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, თუ რატომ უტევთ ასე გამალებით, აშკარა და მარტივად უარსაყოფი ტყუილებით თქვენს საერთაშორისო მოკავშირეს? რატომ აყენებთ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ? იქნებ, სამართლიანობის პოვნის კეთილშობილური მიზანი კი არა პოლიტიკური მოტივი გამოძრავებთ?

თქვენი ნარატივი ორივე წერილში აშკარა მსგავსებას ავლენს ქართული ოცნების ნარატივთან და იმეორებს რამდენიმე იმ პუნქტს, რომელსაც მთავრობის წევრები აჟღერებდნენ. თქვენსა და ქართული ოცნების მხარდამჭერი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული (სავარაუდოდ) ორგანიზებული მედია კამპანია („პოლიტოლოგებად“ წოდებული პირების მონაწილეობით) ასევე მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს წამოწყებაში მარტო არ მოქმედებთ.

მე ვურჩევდი კავკასიურ სახლს, რომ ან იყოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციის სტატუსის ერთგული ან ღიად განაცხადოს თავისი პოლიტიკური მოტივების შესახებ. ჩვენ, თქვენს მოკავშირეებს, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე.

მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია განვიხილო თქვენთან სტუმრობის შესაძლებლობა, რათა ვისაუბროთ „სააკაშვილის სასტიკ რეჟიმზე“ (რომელიც თითქმის 8 წლის წინ დასრულდა), მაგრამ უწინარესად მიმდინარე პრობლემებზე. ისეთ პრობლემებზე როგორებიცაა დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლა, მოსამართლეთა გაუმჭვირვალე დანიშნვა (ზოგიერთი მათგანი საკამათო განათლებით), პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დემოკრატიაზე გულის აცრუება, რუსული ოკუპაცია და სხვა მრავალი წინაღობა რომელიც აბრკოლებს საქართველოს იყოს ის ქვეყანა, რომელსაც მისი ხალხი იმსახურებს.

იმედი მაქვს, მომავალში მოახერხებთ თქვენს მოკავშირეებთან კომუნიკაციის უფრო კონსტრუქციული გზების შერჩევას და დაიწყებთ იმ ხიდების აღდგენას, რომლებიც უსაფუძვლო და არაინფორმირებულმა პირადმა ბრალდებებმა სამწუხაროდ ძლიერ დააზიანა.

პატივისცემით,

ვიოლა ფონ კრამონი

(წერილის არაოფიციალური თარგმანი თავად ვიოლა ფონ კრამონის ოფისმა გამოაქვეყნა)

პირველი წერილი კავკასიური სახლის წარმომადგენლებმა ნაირა გელაშვილმა, გიორგი ლობჟანიძემ, ლევან ლორთქიფანიძემ, თეა გალდავამ და ივანე აბრამაშვილმა ევროპარლამენტის წევრს მაისის ბოლოს გაუგზავნეს. ვიოლა ფონ კრამონმა, რომელიც ევროპარლამენტში დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის წამყვანი წევრია,​ პირველი საპასუხო წერილი 27 მაისს გამოაქვეყნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG