Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობდამოკიდებულება: რუსეთის ავადმყოფობის ისტორია


ნავთობზე დამოკიდებულებამ ერთხელ უკვე დაღუპა რუსეთის საბჭოთა იმპერია, რომელსაც გასული საუკუნის 60-იან წლებში აღმოჩენილმა საბადოებმა არ მისცა გეგმურ ეკონომიკაში თავისუფალი ბაზრის ელემენტების შეტანისა და ეკონომიკის მოდერნიზების საშუალება. როგორც ჩანს, ნავთობდამოკიდებულება სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნის პოსტსაბჭოთა რუსეთსაც, რომელსაც, წლების წინ, სენატორმა მაკკეინმა ბენზინგასამართი სადგური უწოდა. საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ნავთობის გაიაფებამ დაანგრია, დაანგრევს თუ არა რუსეთს ნავთობის ემბარგო?

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებად მიიჩნევა რუსული ნავთობისათვის ემბარგოს დაწესება ანუ დასავლეთის სრული უარი რუსული ნავთობის შესყიდვაზე, რაც, რა თქმა უნდა, ასევე საკმაოდ რადიკალური ზომა იქნება ევროკავშირის მრავალი ქვეყნისთვის, რადგან მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, თუმცა ევროპას აქვს არაერთი ალტერნატივა ნავთობის სხვა მომწოდებლების სახით, რომლებიც მსოფლიოში ბევრნი არიან და, რომლებსაც ერთმანეთთან უწევთ კონკურენცია, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ფასები უსასრულოდ არ გაიზრდება. რუსეთს კი, ჩინეთის გარდა (რომელიც ყოველთვის იძლევა ყველაზე დაბალ ფასს ნებისმიერ პროდუქტზე), ალტერნატიული მყიდველები არ ჰყავს. ამასთან, საინტერესოა ისიც, რომ ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტის უცხოური ვალუტით შევსების ყველაზე მნიშვნელოვანი (თითქმის 50%-იანი) წყაროა ანუ სანქციებით ისედაც გასრესილმა რუსეთის ეკონომიკამ შესაძლოა მომაკვდინებელი დარტყმა მიიღოს თავის ყველაზე სუსტ წერტილში.

რუსეთის ეკონომიკის ანამნეზი

რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში გაზისა და ნავთობის სექტორზე მოდიოდა რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 15-19%. შედარებისთვის, აშშ-ში ეს მაჩვენებლი 8%-ია, კანადაში - 10%-მდე, ყაზახეთში - 13%, ნორვეგიაში - 14%, საუდის არაბეთში - 50%.

კომპანია როსნეფტის ჭაბურღილი
კომპანია როსნეფტის ჭაბურღილი

რუსეთის ექსპორტში გაზისა და ნავთობის სექტორი, როგორც წესი, წარმოდგენილია კიდევ უფრო მეტი, 50%-ზე მაღალი წილით. ასევე მაღალია ამ სექტორიდან მიღებული შემოსავლების პროცენტული მაჩვენებელი მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებში. 2022 წლის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი ისეა დაგეგმილი, რომ გაზისა და ნავთობის სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა უნდა შეადგინოს საბიუჯეტო შემოსავლების 38,1%. 2023 და 2024 წლების ბიუჯეტის პროექტებში ეს წილი უმნიშვნელოდაა შემცირებული და შეადგენს, შესაბამისად, 36% და 33%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია ვერ ახერხებს ნავთობდამოკიდებულებისგან თავის დაღწევას, რასაც ჯერ კიდევ 2013 წელს მოითხოვდა რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ალექსეი კუდრინი.

ალექსეი კუდრინი
ალექსეი კუდრინი

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკაში გაზისა და ნავთობის სექტორის ამგვარი მაღალი წილის გათვალისწინებით, სანქციები, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი უწესებენ რუსეთის ფედერაციას, დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მოუწოდა ევროკავშირს, არ მისცეს მეტი დრო და, შესაბამისად, ფული პუტინს ნავთობსა და გაზში.

მრავალი წლის განმავლობაში, ვისაც არ ეზარებოდა რუსეთში, ყველა საუბრობდა იმაზე, რომ რესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკა - ჭირია, თუმცა, ამ ჭირს ეგუებოდნენ როგორც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნები, ასევე პოსტსაბჭოთა რუსეთის პრეზიდენტები. 2014 წელს ჯონ მაკკეინმა რუსეთს უწოდა „ბენზინგასამართი სადგური, რომელიც ცდილობს საკუთარი თავის სახელმწიფოდ წარმოჩენას“. ეს ფორმულირება იმდენად ხატოვანი იყო, რომ 2020 წელს პუტინმა თავის მორიგ გამოსვლაში გაიხსენა ამერიკელი სენატორის შეურაცხმყოფელი სიტყვები და თქვა, რომ „ახლა ჩვენ ნამდვილად აღარ ვართ ქვეყანა ბენზინგასამართი სადგური“.

ვლადიმირ კარა-მურზა და ჯონ მაკკეინი
ვლადიმირ კარა-მურზა და ჯონ მაკკეინი

მართლაც, ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთის ბიუჯეტში ნავთობითა და სხვა სასარგებლო წიაღისეულით მიღებული შემოსავალი ოდნავ გაზავდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და იარაღის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლით, თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთის შემოსავლის ნახევარზე მეტი მაინც ნავთობისა და გაზის სექტორზე მოდის. იარაღით ვაჭრობაც კი, რომელიც მილიარდობით დოლარს იძლევა, დიდწილად გაიზარდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში „ნავთობის ფულის“ ჩასხმის შედეგად. რუსული შეიარაღება (ტანკები, თვითმფრინავები, მცირე იარაღი) მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა უცხოურ ბაზრებზე, თუმცა არა იმდენად გამორჩეული მახასიათებლებისა და ხარისხის გამო (ამ მხრივ ზუსტადაც რომ პრობლემები ჰქონდა), არამედ მათი დაბალი ფასის გამო, ფასის დაწევის შესაძლებლობას კი ნავთობიდან მიღებული შემოსავალი იძლეოდა.

ვლადიმირ პუტინი რუსეთის სამხედრო ავიაციის ინსპექტირებისას
ვლადიმირ პუტინი რუსეთის სამხედრო ავიაციის ინსპექტირებისას

ეს იყო უზარმაზარი თანხა, რომელიც გამოიყენებოდა არა საავადმყოფოებისა და სკოლების ასაშენებლად, არამედ ახალი იარაღის შესაქმნელად, პროფესიონალური არმიის შესაქმნელად, პოლიციისა და ეროვნული გვარდიის პერსონალის გასაზრდელად, საზღვარგარეთ პროპაგანდის და დივერსიული ოპერაციების დასაფინანსებლად. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების გარეშე დატოვების იდეა სულ უფრო ხმამაღლა გაისმის. რუსეთში ამის დაჯერება არ უნდათ, ისევე როგორც არ სჯეროდათ ბანკების SWIFT-იდან გათიშვისა, ისევე როგორც არ სჯეროდათ ბევრი სხვა სანქციისა. რუსი პოლიტიკოსები მართლაც ჰგვანან ძველი ბენზინგასამართი სადგურის მფლობელებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მათ გარეშე ვერავინ შეძლებს არსებობას, თუმცა, როგორც ჩანს, შეძლებენ, თანაც ძალიან მალე. მაშინ „ნავთობზე დამოკიდებულება“, რომლითაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში ავადმყოფობდა რუსეთის ეკონომიკა, ქრონიკული დაავადებიდან შეიძლება მყისიერად იქცეს ფატალურ, სასიკვდილო დაავადებად, მაგრამ საკითხავია, როგორ და რატომ დაავადდა რუსეთი ამ დაავადებით? რატომ ვერ შეძლო რუსეთმა განკურნება ვერც წარსულში და ვერც მიმდინარე საუკუნეში?

რუსული ნავთობი - „ბლანტადან“ ძმებ ნობელებამდე

საერთოდაც, ნავთობი ხშირად თავისით ამოდის ზედაპირზე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ადამიანებმა მისი გამოყენება უძველესი დროიდან დაიწყეს. ეგვიპტელები იყენებდნენ ნავთობს მიცვალებულების ბალზამირებისთვის, ბაბილონის კედლების მშენებლები ქვებს შორის არსებულ ღრიჭოებს ნავთობის ნაწარმით (ასფალტითა და ბიტუმით) ავსებდნენ, ძველი ბერძნები, როგორც ჩანს, მისგან აკეთებდნენ თავიანთ ცნობილ „ბერძნულ ცეცხლს“, რაც ეფექტიანად გამოიყენებოდა ბრძოლებში. ბიბლიური მეფე ნაბუქოდონოსორიც კი, რომელიც წარუმატებლად ცდილობდა სამი ებრაელი ყმაწვილის დაწვას, როგორც ჩანს, საწვავად ნავთობს იყენებდა.

ბიზანტიელები იყენებდნენ „ბერძნულ ცეცხლს“ გარე მტრების წინააღმდეგ. კიევის თავად ოლეგის ლაშქრობა ცარიგრადზე. მე-15 საუკუნის მინიატურა
ბიზანტიელები იყენებდნენ „ბერძნულ ცეცხლს“ გარე მტრების წინააღმდეგ. კიევის თავად ოლეგის ლაშქრობა ცარიგრადზე. მე-15 საუკუნის მინიატურა

რუსეთშიც ნავთობს ასევე უძველესი დროიდან იცნობდნენ. შემოტანილ, ეგრეთ წოდებულ სპარსულ ნავთობს, ხატმწერები თავიანთ საღებავებში უმატებდნენ, მონასტრები „ჩაუქრობ ლამპრებში“ ასხამდნენ, მკურნალები კი „შავ“, გამოუხდელ ნავთობსა და „თეთრ“ ნავთს, როგორც ყველა შესაძლო დაავადების სამკურნალო საშუალებას, ისე იყენებდნენ. ასევე არსებობდა ადგილობრივი, რუსული ნავთობი, რომელიც, უცხოურთან შედარებით დაბალი ხარისხის გამო, ნავთობად არ მიიჩნეოდა. ძველ წყაროებში შემორჩენილია ცნობები „აალებადი წყლის - ბლანტას“ შესახებ, რომელიც ბორის გოდუნოვის დროს უხტიდან ჩამოუტანიათ.

სწორედ უხტაში, მე-18 საუკუნის შუა წლებში, გადაიდგა რუსული ნავთობის ინდუსტრიული წარმოების პირველი ნაბიჯები. საუბარია წელიწადში 1 ტონაზე ნაკლებ ნავთობზე, თუმცა იმ დროს ესეც საკმარის მოცულობად მიიჩნეოდა, რადგან მასზე მოთხოვნა ძალიან მცირე იყო და მას აუდიოდა იმპორტირებული, უცხოური ნავთობი.

ყველაფერი შეიცვალა XIX საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც ავსტრიელმა გამომგონებელმა რუდოლფ დიტმარმა გამოიგონა მარტივი და უსაფრთხო ნავთის ლამფა „ბრტყელი“ ფითილით, აშშ-ში კი მისი მასობრივი წარმოება დაიწყო. „კერასინკამ“, რომლის შეძენა უბრალო გლეხსაც კი შეეძლო, რამდენიმე წელიწადში დაიპყრო მთელი მსოფლიო, რამაც, თავის მხრივ, ნავთზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. ამის გამო იმავე უხტაში, სადაც ნავთობი მდინარეში იღვრებოდა, დადგეს ჭაბურღილი და პირველი 32 ტონა ნავთობიც ამოტუმბეს, რის შემდეგაც, ბევრისთვის მოულოდნელად, შავი სითხე გამოილია. კიდევ რამდენიმე ადგილზე გაბურღეს, მაგრამ უშედეგოდ. საჭირო გახდა ახალი საბადოების პოვნა, მით უფრო, რომ ნავთობი, მაზუთი და ნავთი სწრაფად შემოდიოდა მოდაში: უკვე იყენებდნენ არა მხოლოდ ნავთქურებსა და ლამფებში, არამედ როგორც მოსახერხებელ საწვავს გემებსა და ორთქმავლებში.

XIX საუკუნის 60-იან წლებში რუსეთი ნავთობის ქრონიკულ ნაკლებობას განიცდიდა. სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში ქუჩის განათებისთვის ნავთი შეერთებული შტატებიდან ჩაჰქონდათ. და ეს იმის მიუხედავად, რომ იმპერია უკვე ფლობდა ნავთობის საბადოებს ბაქოს მიდამოებში! მაგრამ ნავთობის მოპოვება, გადამუშავება და იმპერიის დედაქალაქებში ტრანსპორტირება წაგებიან, შრომატევად საქმედ მიიჩნეოდა.

თუმცა სიმდიდრე იშვიათად რჩება უპატრონოდ. გამოჩნდნენ უცხოელი, არარუსი მეწარმეები მარტივი და ხმაურიანი გვარებით: როტშილდი და ნობელი. დღეს შეიძლება ბევრს აღარ ახსოვს, მაგრამ ალფრედ ნობელმა, დინამიტის ცნობილმა გამომგონებელმა და ნობელის კიდევ უფრო ცნობილი პრემიის დამაარსებელმა, თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დააგროვა არა ასაფეთქებელი ნივთიერებებით, არამედ ბაქოს ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით.

ალფრედ ნობელი
ალფრედ ნობელი

თუმცა, რუსეთმაც დიდი სარგებელი მიიღო: მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის უცხოური ფირმები და მათი კონკურენტი „რუსეთის გენერალური ნავთობის კორპორაცია“ (რომლის შტაბბინაც ასევე ლონდონში მდებარეობდა) 300-ზე მეტ ჭაბურღილს ამუშავებდა კასპიის ზღვის სანაპიროზე, ყუბანში, გროზნოსა და ურალში, რაც სრულად აკმაყოფილებდა რუსეთის იმპერიის საჭიროებებს და მსოფლიო ბაზრის ლიდერობის საშუალებასაც იძლეოდა..

ძმები ნობელების მიერ გამოგონილი ვაგონ-ცისტერნები და ნავთობტანკერები (ტანკერები) აწვდიდა რუსულ ნავთობსა და ნავთს მთელ მსოფლიოს. ინგლისისა და გერმანიის ინდუსტრიაში გამოყენებული ნავთობპროდუქტების თითქმის ნახევარი რუსული წარმოშობისა იყო. მსოფლიო ბაზარს უფრო მეტს აწვდიდა მხოლოდ შეერთებული შტატები, რომლის წილი მსოფლიო ექსპორტში 63 პროცენტს შეადგენდა, რუსეთის 20 პროცენტის წინააღმდეგ, ანუ პირველ მსოფლიო ომამდე რუსეთს ეკუთვნოდა მსოფლიო ნავთობის ბაზრის მეხუთედი. რევოლუციის წყალობით, სამამულო მენავთობეების ეს რეკორდი, ისევე როგორც მეფის რუსეთის მრავალი სხვა მიღწევა, წარსულში დარჩა.

„მეგობრობის შავი ხელი“

როდესაც საბჭოთა რუსეთმა დაიწყო ნელ-ნელა სამოქალაქო ომის შოკიდან გამოსვლა, აღმოჩნდა, რომ ნავთობის მრეწველობის ძველი დიდებიდან კვალიც კი არ იყო დარჩენილი. რა თქმა უნდა, ნავთობის საბადოები არსად გამქრალა, მაგრამ რევოლუციის წლებში თითქმის მთლიანად განადგურდა უცხოელებისა და ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი მთელი ინფრასტრუქტურა. გადამამუშავებელი ქარხნები ნანგრევებად იქცა, თუმცა გაირკვა, რომ საცავებში დარჩენილი იყო ნავთობის დიდი მარაგები. შესაბამისად, საბჭოთა მთავრობა, რომელიც უცხოური ვალუტის დიდ დეფიციტს განიცდიდა, ციებ-ცხელებიანივით ზრდიდა ექსპორტს ცარისტული რუსეთის „მემკვიდრეობის“ გაყიდვის ხარჯზე. ბოლშევიკებმა ისე გამოიდეს თავი ნავთობის უცხოეთში გატანით, რომ ოცდაათიანი წლების დასაწყისისთვის, როდესაც ქვეყანაში ინდუსტრიალიზაცია გამოცხადდა, აღმოჩნდა, რომ თითქმის აღარაფერი იყო არა მხოლოდ გასაყიდი, არამედ ადგილზე გამოსაყენებელიც.

არადა, გაცილებით მეტი ნავთობი იყო საჭირო, ვიდრე წინა წლებში, რადგან მისგან კეთდებოდა ბენზინი ავტომობილებისთვის, ტრაქტორებისთვის, თვითმფრინავებისა და ტანკებისთვისაც, რაც სულაც არ იყო სახუმარო ამბავი.

კომის ავტონომიური რესპუბლიკა. უსინსკის საბადო. 1986 წ.
კომის ავტონომიური რესპუბლიკა. უსინსკის საბადო. 1986 წ.

კასპიის ზღვასა და გროზნოშიც კი აღადგინეს ნავთობის მოპოვება და ბენზინის წარმოება. სსრკ „ნავთობის შიმშილს“ განიცდიდა. აი, სწორედ ამ დროს სცენაზე გამოვიდნენ გეოლოგები.

ჯერ კიდევ 1932 წელს, აკადემიკოს ივან გუბკინის გამოკვლევის წყალობით, რომელიც ვარაუდობდა ნავთობის არსებობას ურალსა და დასავლეთ ციმბირში, აღმოაჩინეს იშიმბაევსკის საბადო ბაშკირეთში, რომელსაც მაშინვე უწოდეს „მეორე ბაქო“. მალე ურალში კიდევ რამდენიმე საბადო აღმოაჩინეს, მაგრამ ნავთობი იქ შედარებით ღრმად იყო, ორი კილომეტრის სიღრმეზე და მისი მოპოვება დიდ ტექნიკურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. საჭიროებდა მძლავრ საბურღ დანადგარებსა და მოწინავე ტექნოლოგიებს.

შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, სსრკ, როგორც ადრე, ნავთობის უმეტეს ნაწილს კავკასიაში მოიპოვებდა. სხვათა შორის, ამიტომ იყო, რომ გერმანელები შეპყრობილებივით მიიწევდნენ სამხრეთ კავკასიისაკენ და როდესაც უკუგდებულ იქნენ, სასიკვდილოდ ჩააფრინდნენ სტალინგრადს, რათა რუსეთის ცენტრი დაეტოვებინათ ნავთობის საბადოებთან კავშირის გარეშე. აშკარა გახდა, რომ ნავთობის მრეწველობა მარტო კავკასიის იმედად ვეღარ დარჩებოდა.

ბაშკირულმა ნავთობმაც ვერ უშველა სიტუაციას, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასევე საჭირო გახდა სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ნავთობით რჩენა. გდრ-ში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა და პოლონეთში გაიყვანეს მილსადენი სიმბოლური სახელწოდებით „მეგობრობა“, რომელიც რეგულარულად „ხვრეპდა“ თითქმის მთელ ვოლგა-ურალის ნავთობის პროვინციას, „მეორე ბაქოს“, პირველი კი აშკარად აღარ იყო საკმარისი. შესაბამისად, ახალი ენერგიით განახლდა გეოლოგიური კვლევები ციმბირში.

მაშინ არავინ ელოდა, რომ ეს კვლევა გადაიქცეოდა ნავთობის ნამდვილ რევოლუციად, რომელიც რუსეთს კვლავ გაიყვანდა ერთ-ერთ პირველ ადგილზე ნავთობის მსოფლიო წარმოებაში.

„ვიპოვე ნავთობი. აი ასე, სალმანოვი“

დასავლეთ ციმბირში, ობის რეგიონში, ნავთობის ძებნის სამუშაოები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე ჩატარდა, მაგრამ ნავთობამდე გეოლოგებმა უბრალოდ „ვერ მიაღწიეს“, რადგან საბადო ორ კილომეტრზე ღრმად მდებარეობდა. ჭაბურღილების დაკონსერვების შემდეგ, გეოლოგები გადაისროლეს კუზბასში, სადაც ორმოცდაათიან წლებში უშედეგოდ ეძებდნენ „შავ ოქროს“. ამავე პერიოდში კუზბასში მიავლინეს აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტის კურსდამთავრებული ფარმან სალმანოვი, ადამიანი, რომელმაც ციმბირის ნავთობის ძიების ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

სალმანოვი ბავშვობიდანვე ოცნებობდა გამხდარიყო მენავთობე, სტუდენტობის წლებში კი გამსჭვალული იყო თავისი ხელმძღვანელის, აკადემიკოს მიხაილ აბრამოვიჩის იდეებით, რომელსაც სჯეროდა შუა ობის რეგიონის ნავთობის მარაგების მაღალი პოტენციალისა. სალმანოვი ოცნებობდა სწორედ იქ, „უპერსპექტივოდ“ აღიარებულ რაიონში მოხვედრაზე, რათა დაემტკიცებინა თავისი მასწავლებლის სისწორე. თუმცა, ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევდა მის თხოვნას და წლიდან წლამდე აგრძელებდა კვლევას კუზბასის აუზში, მაგრამ ერთ დღეს სალმანოვი ავანტიურაზე წავიდა: თვითნებურად ჩააბარგა 150-კაციანი გეოლოგიური პარტია და ბარჟებით გაემგზავრა ობის გასწვრივ ჩრდილოეთით, სადაც ვარაუდობდა ნავთობის მდიდარი საბადოს აღმოჩენას. ატყდა დიდი სკანდალი, მაგრამ სალმანოვს ძალიან გაუმართლა: სწორედ იმ დღეებში „ზემოთ“ გადაწყდა, რომ შეეჩერებინათ გეოლოგიური კვლევები ურალის სამხრეთით. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაუმორჩილებელი გეოლოგისათვის მიეცა შანსი. შესაბამისად, ახალი ტერიტორიების დაზვერვის ბრძანებულებას უკანა რიცხვით მოეწერა ხელი.

ფარმან სალმანოვი, 1961 წ.
ფარმან სალმანოვი, 1961 წ.

1961 წლის 21 მარტს სოფელ მეგიონის მიდამოში გაბურღულ პირველ ჭაბურღილზე, 2180 მეტრიდან იხუვლა „შავი ოქროს“ უზარმაზარმა შადრევანმა. შემდეგ მეორემ, მესამემ… სალმანოვი დეპეშას დეპეშაზე უგზავნიდა ყველა სკეპტიკოსს, ვისაც ეჭვი შეჰქონდა ობის რეგიონში ნავთობის აღმოჩენაში. დეპეშები იგზავნებოდა ტიუმენში, მოსკოვში, ნავთობმრეწვის სათავო ოფისში: „მიღებულია ნავთობის ჭავლი 200 ტონა დებეტით. გასაგებია თქვენთვის? მოკითხვა სალმანოვისგან“. კრემლშიც მისწერა, პირადად ხრუშჩოვს: „ვიპოვე ნავთობი. აი ასე, სალმანოვი“.

ეს ის დროა, როცა სკკპ ცკ გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი აპირებდა ფეხსაცმლის თასმების შეხსნას გაეროს ტრიბუნასთან. ციმბირის ნავთობის აღმოჩენამ ხრუშჩოვი ისევე გაახარა, როგორც - ბირთვული „კუზკინის დედის“ წარმატებულმა გამოცდამ, მით უფრო, რომ მომდევნო წლებში სალმანოვმა (რომელიც მოგვიანებით ნავთობის მრეწველობის მინისტრის მოადგილე გახდა) აღმოაჩინა კიდევ 150 საბადო, რომელთაგან ოთხი შევიდა მსოფლიოს ათ უმსხვილეს საბადოთა შორის. ესენია: ურენგოისკოე, იამბურგსკოე, ბოვანენკოვსკოე და ზაპოლიარნოე. რუსეთმა შეიძინა ისეთი სიმდიდრე, რომელზეც ამერიკასა და ევროპას მხოლოდ ოცნება შეეძლოთ, თუმცა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რა ავ ხუმრობად ექცეოდა რუსეთს ამ უმდიდრესი საბადოების აღმოჩენა.

კარგი - ეს ძალიან ცუდია

1965 წელს სსრკ-მ გამოაცხადა ეგრეთ წოდებული კოსიგინის რეფორმის დაწყება, რომელსაც არსებითად უნდა შეეცვალა ქვეყნის განვითარება, გეგმურ ეკონომიკაში ბაზრის რეგულირების ელემენტების შემოტანით. ახლა მიღებულია კოსიგინის რეფორმის ელემენტების შედარება იმასთან, რაც ჩინეთმა განახორციელა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და, რის წყალობითაც ჩინეთი იქცა მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკად. ჰქონდა თუ არა სსრკ-ს „სუპერგანვითარების“ ასეთი შანსი? რა თქმა უნდა, ამაზე დიდხანს შეიძლება კამათი, მაგრამ ისტორიას არ აქვს კავშირებითი კილო.

ლეიონიდ ბრეჟნევი, ალექსეი კოსიგინი (ბრეჟნევიდან მარჯვნივ) და სკკპ პოლიტბიუროს წევრები. 1971 წ.
ლეიონიდ ბრეჟნევი, ალექსეი კოსიგინი (ბრეჟნევიდან მარჯვნივ) და სკკპ პოლიტბიუროს წევრები. 1971 წ.

რეფორმებს ჰყავდა მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ თვითონ გარემოება კარნახობდა, რომ „დამუხრუჭებულ“ სოციალისტურ ეკონომიკაში რაღაც უნდა შეცვლილიყო. ბრეჟნევიც კი ხვდებოდა ამას, ამიტომ უხალისოდ დათანხმდა „სოციალიზმის ფარგლებში ბაზრის განვითარებას“. სახელმწიფო პროექტებისთვის ხაზინაში სულ უფრო და უფრო ნაკლები თანხა რჩებოდა. „მთვარის რბოლის“ მოსაგებადაც კი არ იყო საკმარისი ფული (აკი, მოიგეს კიდეც ამერიკელებმა)... მოკლედ, რამე უნდა ეღონათ.

და უცებ აღმოჩნდა, რომ არაფერის გაკეთება აღარ იყო საჭირო. შეგიძლია მოდუნდე და ძველებურად განაგრძო ცხოვრება, რადგან მსოფლიოში ნავთობის კრიზისმა იფეთქა.

მრავალი თვალსაზრისით, ეს იყო ნავთობის მწარმოებელი იმ არაბული ქვეყნების დამსახურება, რომლებიც გაერთიანდნენ OPEC-ში და, რომლებმაც ნავთობი თავიანთი პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად აქციეს. ცნობილი „ექვსდღიანი ომის“ შემდეგ მათ მკვეთრად შეამცირეს ნავთობპროდუქტების მიწოდება ამერიკასა და ევროპაში. თავიდან ამან დიდად არ იმოქმედა მსოფლიო ბაზარზე, რადგან ევროპელები განაგრძობდნენ ნავთობის შესყიდვას შუამავალი ქვეყნების მეშვეობით, მაგრამ შემდეგ OPEC-მა გამოიგონა ინსტრუმენტი, რომელსაც დღემდე ეფექტიანად იყენებს: ნავთობის წარმოების კვოტები. უხეშად რომ ვთქვათ, ნავთობის მწარმოებელმა ქვეყნებმა დაიწყეს ნავთობის ნაკლები მოპოვება, რამაც გამოიწვია ნავთობისა და ბენზინის მკვეთრი გაძვირება მთელ მსოფლიოში. ევროპას მძიმე დღეები დაუდგა.

ისრაელის ჯარი იერუსალიმის გარეუბანში. ექვსდღიანი ომი. 1971 წ.
ისრაელის ჯარი იერუსალიმის გარეუბანში. ექვსდღიანი ომი. 1971 წ.

"Арабы нынче – ну и ну! – Европу поприжали, а мы в шестидневную войну их очень поддержали", - ასეთი სიმღერაც კი ჰქონდა ვლადიმირ ვისოცკის, რომელიც არ ტყუოდა: სსრკ-ს სიმპათიები არაბეთ-ისრაელის კონფლიქტში, რა თქმა უნდა, არაბების მხარეზე იყო, მაგრამ დოლარს, როგორც ამბობენ, სუნი არ აქვს, განსაკუთრებით - ნავთობდოლარს.

როდესაც არც ისე ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფო დასავლელ პარტნიორებთან მრავალმილიარდიანი გარიგებების ცდუნების წინაშე დადგა, არჩევანი იმთავითვე აშკარა იყო. უბრალოდ საჭირო იყო მისი დასაბუთება, რაც ყველაზე მარტივად გასაკეთებელი საქმე იყო.

„ჩვენ არ გვინდა დასავლეთის ქვეყნებისთვის თავზე ხელის გადასმა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ ცხოვრობს ჩვეულებრივი მშრომელი ხალხი, რომელიც დღეს ბენზინის კრიზისის გამო იტანჯება და ჩვენი ვალია დავეხმაროთ მათ!“ - განაცხადეს ცენტრალურ კომიტეტში და... შვებით ამოისუნთქეს.

რა ბედი ეწია კოსიგინის რეფორმებს? აშკარა იყო, რომ მშვიდად შეიძლებოდა მათი თაროზე შემოდება და არაფერის გაკეთება. ნავთობის ექსპორტი ხომ სახელმწიფოს ყველა ხარჯს ფარავდა და მოგებასაც ტოვებდა. ექსპორტი გაოთხმაგდა, თანაც იხდიდნენ არა რაღაც ტუგრიკებს, არამედ მყარ ვალუტას. მოკლედ, მიდი - მოვდივარ!

1972 წელს ამერიკელი ანალიტიკოსებიც კი მიიჩნევდნენ, რომ სსრკ-მ უზრუნველყო თავისი წარმატებული მომავალი მრავალი ათწლეულის განმავლობაში. დარჩება რა სუპერძლევამოსილ სამხედრო ძალად, 20 წელიწადში საბჭოთა კავშირს ექნება ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე პლანეტაზე! და, სულ ცოტა, 2000 წლამდე მის ეკონომიკას არაფერი ემუქრება.

დაღვრილი ნავთობი ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში
დაღვრილი ნავთობი ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში

მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ საბჭოთა ეკონომიკა, ნავთობის სექტორის გარდა, აგრძელებდა სწრაფ დეგრადაციას. ახლა უბრალოდ არ არსებობდა ეკონომიკის გაჯანსაღებისა და განვითარების სტიმული. თუ 1970 წელს სსრკ-ს სავალუტო შემოსავალი ნავთობის გაყიდვით ძლივს აჭარბებდა 1,5 მილიარდ დოლარს, 1980 წლისთვის ის გაიზარდა 15 მილიარდამდე, ანუ ათჯერ! ასეთი შემოსავლით უფრო მოგებიანი იყო არა საკუთარი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, არამედ იმპორტირებული საქონლის შეძენა. მოვლენა, რომელსაც ახლა „ექსტენსიურ ეკონომიკას“ უწოდებენ, თავს დაატყდა საბჭოთა კავშირს და მიაყენა ისეთი უზარმაზარი ზიანი, რომლის დაძლევაც ვეღარასოდეს შეძლო.

შემდეგ რა მოხდა, ყველამ კარგად იცის. როგორც კი ნავთობის ფასი დაეცა 35 დოლარიდან 10 დოლარამდე (1980 წლის ფასიდან 1986 წლის ფასამდე), საბოლოოდ „მოკვდა“ სსრკ-ს ეკონომიკა. ქვეყანა ჩავარდა კრიზისში, რომელსაც ვეღარ დააღწია თავი.

თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, 90-იან წლებში რუსეთში ნავთობის მოპოვება კვლავ განაგრძობდა ზრდას. დაიწყო იმპორტირებული აღჭურვილობის შესყიდვები, რამაც შესაძლებელი გახადა „მიუვალი“ საბადოების განვითარება, წარმოების ეფექტიანობის გაზრდა და წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირება. შენდებოდა ახალი ნავთობსადენები, რომლებითაც „შავი ოქრო“ დასავლეთში იტუმბებოდა. ამავდროულად, თითქმის არცერთი ახალი გადამამუშავებელი ქარხანა არ აშენებულა. საწვავად გადამუშავებული ნავთობი რევერსად ბრუნდებოდა რუსეთში მეზობელი ქვეყნებიდან, სადაც მას რუსული ნავთობიდან აწარმოებდნენ. ასე უფრო სწრაფი და მოგებიანი იყო.

მოსკოვი. 1991 წ. ტანკები "თეთრი სახლის" წინ
მოსკოვი. 1991 წ. ტანკები "თეთრი სახლის" წინ

2000 წლიდან დღემდე „ნავთობის“ ეკონომიკა უზარმაზარ შემოსავლებს აწვდიდა რუსეთის ბიუჯეტს. პუტინს გაუმართლა: ფაქტობრივად ხელისუფლებაში მისი მოსვლის მომენტიდან ნავთობმა დაიწყო გაძვირება, თუმცა მცირე ხნით, მისთვის ყველაზე შეუფერებელ მომენტში, 2014 წლის ზაფხულში, ნავთობის ფასები დაეცა, მაგრამ მალევე დაუბრუნდა ზრდის ტენდენციას. სწორედ ამან მისცა საშუალება, მომდევნო 8 წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელებულიყო ჯარის მოდერნიზაცია და იმისთვის მზადება, რაც დღეს მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება. უდავოა, რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიამ მთავარი როლი შეასრულა მიმდინარე მოვლენებში. მან შექმნა სიმდიდრე, რომელიც, კრემლის აზრით, ადვილად შეიძლება კონვერტირდეს გეოპოლიტიკურ ამბიციებად, მაგრამ, როგორც ჩანს, ნავთობი, თუ დასავლეთი მის გაყიდვაზე ემბარგოს დააწესებს, კიდევ ერთხელ მოაწერს ხელს რუსეთის ეკონომიკის სასიკვდილო განაჩენს.

XS
SM
MD
LG