Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ლაქა შავ ზღვაში, ნავთობის ხანძრები - იმოქმედებს თუ არა რუსეთის ტუაფსეს კრიზისი საქართველოზე

ფოტო თანამგზავრიდან. 16 აპრილი. ტუაფსე
ფოტო თანამგზავრიდან. 16 აპრილი. ტუაფსე

ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი, შავ კვამლში გახვეული გარემო, “ნავთობის წვიმა” - რუსეთის ქალაქ ტუაფსეს აპრილის რეალობაა. უკრაინული დრონების მასშტაბურ დარტყმებს რუსეთი ვერ გაუმკლავდა. მძიმე შედეგებს მოელიან ადამიანების ჯანმრთელობაზე, ეკოლოგიაზე. ყურადღების ცენტრშია შავი ზღვა.

ტუაფსედან ოკუპირებულ გაგრამდე მანძილი, ზღვით, 130 კილომეტრია; ბათუმამდე - 340 კილომეტრი. რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკოლოგიურ კრიზისს საქართველოზე?

კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურას უკრაინულმა არმიამ, აპრილის მეორე ნახევარში, დრონებით ოთხჯერ დაარტყა. ბოლო შემთხვევა 1 მაისით თარიღდება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) ეს ფაქტიც დაადასტურა. იუწყებიან, რომ ოპერაციაში ჩართული იყო სპეცოპერაციების ცენტრი “ალფა“ და სხვა ქვედანაყოფები. შედეგი ისევ ძლიერი ხანძარია.

„უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შედეგად, რეზერვუარებში ცეცხლი გაუჩნდა ნავთობისა და მაზუთის ნარევს. ტერმინალის თავზე შავი კვამლია“, - უსაფრთხოების სამსახური ასევე განმარტავს, რომ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ტერმინალები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საწარმოო კომპლექსსა და ლოგისტიკურ კვანძს, სადაც თავს იყრის ნავთობის მოპოვების, გადამუშავებისა და ექსპორტის ჯაჭვები. “ეს რუსეთის ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა შავი ზღვის სანაპიროზე. მისი სიმძლავრე წელიწადში თითქმის 12 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს”.

ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურა უშუალოდ ქალაქშია, რაც მას განასხვავებს ძირითადად დაუსახლებელ ადგილებში განლაგებული სხვა მსგავსი ობიექტებისგან. შესაბამისად, უფრო მძიმეა გამოწვეული შედეგებიც და ზემოქმედებაც გარემოზე.

  • რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, თანდათან იმატა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის საჰაერო დარტყმებმა. თავდასხმების დიდი ნაწილი დადასტურებულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ.
  • უწყება განმარტავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები „სისტემურად ატარებენ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია რუსეთის საოკუპაციო ჯარების საბრძოლო პოტენციალის შემცირებისკენ, ასევე რუსეთის ფედერაციის იძულებისკენ, შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“.


ვიდრე უკრაინის არმია, 28 აპრილს ღამით, თვის განმავლობაში მესამედ დაარტყამდა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ობიექტს და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა, ქალაქის მდგომარეობას ექსპერტები უკვე კატასტროფულს უწოდებდნენ. ნავთობი ჩაღვრილი იყო როგორც პორტის აკვატორიაში, ასევე მდინარე ტუაფსეში და შავ კვამლში გახვეულ ქალაქში ე.წ. ნავთობის წვიმაც მოვიდა - სახლების სახურავებსა თუ ავტომანქანებზე შესამჩნევი იყო შავი ცხიმოვანი წვეთები.

ნავთობის წვის შედეგად, სხვადასხვა წყაროს თანახმად, მომწამვლელმა კვამლმა შექმნა ღრუბლის სქელი ფენა, რომელიც 300 კილომეტრზე გაიწელა. აპრილის მიწურულს, თანამგზავრული ფოტოების მიხედვით, კვამლმა სტავროპოლის მხარემდე მიაღწია.

აპრილის მეორე ნახევარში, 4 დარტყმის შედეგად წარმოშობილ ხანძრებს 4-4 დღის განმავლობაში ვერ აქრობდნენ. მაგალითად, 16 აპრილს გაჩენილი ხანძარი - ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძარი ლიკვიდირებულად 19 აპრილს გამოაცხადა; ხოლო 20 აპრილს გაჩენილი ძლიერი ხანძარი 24 აპრილს ჩააქრეს.

ზეგავლენა ადამიანებზე, გარემოზე

„იქ ჰაერის სრულიად კოლოსალური დაბინძურებაა. ხალხი უკვე ერთი კვირაა, ან უფრო მეტიც, ამ ჰაერით სუნთქავს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ვფიქრობ, უახლოეს წლებში ტუაფსეს მცხოვრებლებში მძიმე დაავადებების საკმაოდ სერიოზულ მატებას ვიხილავთ. იმის გამო, რომ იქ დიდი რაოდენობითაა წვის პროდუქტები და კარცეროგენური ნივთიერებები, ასეთი ნივთიერებების ხანგრძლივმა ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს კიბო, მაგალითად, სისხლის კიბო, ლეიკემია და სხვა სახის სიმსივნეები. ასევე, ეს საშიშია გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის - ისინი, როგორც იტყვიან, უკვე ახლავე იწყებენ ტანჯვას“, - ეკოლოგი და საზოგადოებრივი ჯგუფის, „ეკოდაცვა!“ (Экозащита!), თანათავმჯდომარე ვლადიმერ სლივიაკი „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ხანძრებით გამოწვეულ შედეგებს, პირველ რიგში, ადამიანებზე ექნება მძიმე ზეგავლენა.

თუმცა, ექსპერტის თანახმად, არანაკლებ დაზიანდება გარემო - წყალი, ნიადაგი; მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებენ ზღვის ბინადრები და, მათ შორის - დელფინები. მკვლევარი მოელის, რომ ზიანის აღმოფხვრას არა დღეები და თვეები, არამედ წლები დასჭირდება.

ბევრისთვის ნათელია, რომ რუსეთის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებები რეალურ სურათს მალავენ - დაგვიანებით მოხდა ადამიანების ევაკუაციაც. ერთი მხრივ, „როსპოტრებნადზორმა“ ტუაფსეს მცხოვრებლებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავება ურჩია, თუმცა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების არაერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტუაფსეში სერიოზული საფრთხეები არ არსებობს და ადამიანები ყველაფერს უმკლავდებიან.

შესაძლო ზეგავლენა საქართველოზე

“შავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის უზარმაზარი ლაქა საქართველოს უახლოვდება!” - დაწერა 20 აპრილს სოციალურ ქსელში შავი ზღვის მკვლევარმა, ბიოლოგმა არჩილ გუჩმანიძემ. ნავთობის უზარმაზარი ლაქის დრეიფის სიჩქარე იმ დროისთვის იყო 3-3,5 მეტრი წამში, ხოლო პერიოდულად 5 მეტრი წამში - “ანუ დაახლოებით 10-12 კილომეტრი საათში”, რაც არცთუ საიმედო პერსპექტივას ხატავდა.

თუმცა ამავე ტექსტში გუჩმანიძე გამოხატავდა იმედსაც, რომ საფრთხის არიდება შესაძლებელი იქნებოდა - თუკი “აღმოსავლეთიდან შავი ზღვის ტიპიური დინება” გაძლიერდებოდა.

“დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პერიოდში შავი ზღვის აღმოსავლეთ ნახევარის ტიპიური დინება ფორმირდება და ის არ მისცემს საშუალებას ნავთობის ლაქას მოაღწიოს ჩვენს ნაპირებს და გამოირიყება სადმე, სავარაუდოდ სოჭის მუნიციპალიტეტის სანაპიროზე. როგორც არ უნდა განვითარდეს ეს ფაქტი, მისი გავლენა შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე, გარემოზე, ჰაბიტატებზე და თევზების მარაგებზე უკვე ძალიან დიდია”, - წერს მკვლევარი. 1 მაისს რადიო თავისუფლებამ მასთან საუბარი ვერ შეძლო.

გარემოს დაცვის სააგენტოში 1 მაისს რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საფრთხე არ არსებობს, ვითარება უცვლელია და კვლავ ძალაშია ინფორმაცია, რომელიც უწყებამ 16 აპრილს მოგვაწოდა:

"აღნიშნული ფაქტი საქართველოს შავი ზღვის წყლებზე გავლენას, ზღვის ცირკულაციური დინების გათვალისწინებით არ მოახდენს, შესაბამისად დაბინძურების გავრცელება ნაკლებ სავარაუდოა, ასევე, ამ ეტაპისთვის საქართველოს სანაპირო წყლებში, მონიტორინგის სადგურებთან დაბინძურების ფაქტი და გამორიყული ფრინველი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა".

გარემოს ეროვნულ სააგენტოში 1 მაისს ასევე გვითხრეს, რომ სისტემატურად ხდება შავი ზღვის წყლის სინჯების აღება, გამოკვლევა და თუკი რაიმე იქნება საეჭვო, შესაბამისი ინფორმაციაც გავრცელდება და დამატებით ზომებსაც მიიღებენ.

“მწვანეთა მოძრაობის” ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე არ მოელის, რომ ნავთობის ლაქა საქართველოს სანაპირო ზოლამდე მოაღწევს და შესაბამისად, მისი ვარაუდით, არც ზღვის სეზონს არ უნდა შეექმნას პრობლემები:

“ეს [ნავთობის] ლაქა წავა ჩრდილოეთისკენ, რადგან დინება, ჩვენდა საბედნიეროდ, გაზაფხულიდან მიდის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, ყველა მსგავსი შემთხვევა ისეთ პერიოდში მოხდა, რომ დაბინძურების შედეგებმა ჩვენამდე არ მოაღწია - მიაღწია უკრაინის ოდესას, რუმინეთს, ბულგარეთს. მათთვის იყო პრობლემა უფრო”.

თუმცა ეკოლოგი ვარაუდობს, რომ საქართველოს ნავთობის ხანძრებით გამოწვეული შედეგები შეეხო და სწორედ ამით არის განპირობებული ამ სეზონისთვის უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა საქართველოში.

“ნავთობის წვის შედეგად ძალიან დიდი ემისიებია ჰაერში, ჰაერის მასების მოძრაობაში, კავკასიონზე მოედო ეს კვამლი მთლიანად. ჩათვალეთ, რომ ჩვენ ვულკანის ამოფრქვევა გვაქვს სადღაც ახლოს. მზე ვეღარ შემოდის, სითბოს აკავებს. გადაეფარა თითქოს ეს კვამლი”, - გვეუბნება ნინო ჩხობაძე და იხსენებს სხვადასხვა დროს ვულკანის ამოფრქვევასთან თუ ხანძრებთან დაკავშირებულ მსგავს შედეგებს.

ამ ვერსიის გადამოწმება გარემოს ეროვნულ სააგენტოში ვცადეთ და დავინტერესდით, რით ხსნიან აპრილ-მაისისთვის უჩვეულო ტემპერატურას საქართველოში. ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG