Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუაფსეს საზღვაო ტერმინალზე დრონებით შეტევა იყო - მეოთხე აპრილის შუა რიცხვებიდან

ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი დარტყმის შემდეგ, 28 აპრილს საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია ახლომდებარე საცხოვრებელი რაიონიდან.
ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი დარტყმის შემდეგ, 28 აპრილს საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია ახლომდებარე საცხოვრებელი რაიონიდან.

1 მაისს უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი დარტყმა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეს საზღვაო ტერმინალზე, სადაც ისევ ხანძარია. წინა დღეს ჩააქრეს 28 აპრილის შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძარი.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის მიერ 1 მაისს გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული დრონებით შეტევამ გამოიწვია ხანძარი, რომელსაც 128 ადამიანი აქრობს 41 ერთეული ტექნიკით. შტაბი ირწმუნება, რომ დაშავებულები არ არიან.

ეს 16 აპრილიდან ტუაფსეს ნავთობობიექტებზე უკვე მეოთხე შეტევაა.

წინა დარტყმები

16 აპრილს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით შეუტიეს ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძარი ლიკვიდირებულად გამოაცხადა 19 აპრილს.

მეორე დღეს, 20 აპრილს დრონებით მორიგი დარტყმის შედეგად გამოწვეული ხანძარი 24 აპრილს ჩააქრეს.

ნავთობი მდინარე ტუაფსეში და შავ ზღვაში ჩაიღვარა. ქალაქში ძლიერი დაკვამლიანება იყო.

28 აპრილს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ისევ დაარტყეს. მასშტაბური ხანძრის გამო საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია ახლომდებარე საცხოვრებელი რაიონიდან.

30 აპრილს კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ 28 აპრილს გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

  • ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთიანი საწარმოო კომპლექსია თავისი საზღვაო ტერმინალით და საჯარო წყაროების მიხედვით, წელიწადში 12 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
  • ქარხანა რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართული კომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაშია.
  • ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროდუქციის ძირითადი ნაწილი საექსპორტოა.
  • უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG