Accessibility links

ნათესაობა და მეგობრობა, როგორც "კლანის" საყრდენი?


ოჯახის წევრებთან, ნათესავებსა და ახლობლებთან ერთად მუშაობა სასამართლოს სისტემაში - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, 9 ივლისს გამოაქვეყნა კონკრეტული ფაქტები, რომლებიც, მისი შეფასებით, ნეპოტიზმის ნიშნებს ასახავს.

კორუფციის ერთ-ერთ გამოკვეთილი ფორმა - ნეპოტიზმი - ე.წ. კლანის საყრდენად განიხილება. გამოქვეყნებული ფაქტების შესწავლას გეგმავს არასამთავრობო სექტორი, რომელიც ასევე მუდმივად მიუთითებს სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან ნაკლოვანებებზე. მართლმსაჯულების სისტემის მიმართ კრიტიკა მუდმივად იკვეთება საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებშიც. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წიაღში განხილული საბიუჯეტო კანონპროექტის მიხედვით, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ბედი სასამართლო სისტემის მდგომარეობაზეც იქნება დამოკიდებული.

„ყველაფერი, რაზეც მე ვსაუბრობ, შეიძლება გადამოწმდეს და დადასტურდეს საჯარო წყაროებით“, - გვეუბნება ნაზი ჯანეზაშვილი 9 ივლისს გამოქვეყნებულ ფაქტებთან დაკავშირებით. არ უკვირს, მისთვის უკვე დიდი ხანია ცხადია, რომ - „კვალიფიციური და გამოცდილი კადრებისთვის ჩაკეტილი სასამართლო სისტემა“ ამავდროულად „ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის“.

ჯანეზაშვილის სია ამჯერად 8 მოსამართლესა და სისტემასთან დაკავშირებულ სხვა ფიგურებს უკავშირდება.

სიაში არიან:

  • ირაკლი შენგელია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - მეუღლის, დისა და დისშვილის ისტორიით;
  • რევაზ ნადარაია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - თანასოფლელის, დისა და სავარაუდო ნათესავის ისტორიით;
  • დავით მამისეიშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - თანასოფლელისა და სავარაუდო ნათესავის ისტორიით;
  • პაატა სილაგაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - მეუღლის დის ისტორიით;
  • გოჩა დიდავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - მეუღლის ნათესავის ისტორიით;
  • დავით ახალბედაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ნათესავი ცოლ-ქმრის ისტორიით;
  • ვანო ბოლქვაძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი - მეუღლის ისტორიით;
  • ლევან გზირიშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი - ვაჟიშვილის ისტორიით.

ნაზი ჯანეზაშვილისთვის ეს მხოლოდ ვიწრო ნათესაური და მეგობრული მიკერძოებული მხარდაჭერის მაგალითები არ არის. ის ფიქრობს, რომ ნეპოტიზმი, როგორც მოვლენა, სასამართლო სისტემაში მიზანმიმართულ ქსელს ქმნის და ე.წ. კლანის ინტერესების საყრდენს წარმოადგენს.

„სასამართლო სისტემის „კლანი“, როგორც მოვლენა, მხოლოდ მოსამართლეებისგან არ შედგება. მას სჭირდება დასაყრდენი სასამართლოში და ამ დასაყრდენს ქმნიან სწორედ ერთგულების, ნათესაობის ნიშნით სხვადასხვა პოსტზე დანიშნული პირები - იქნებიან ესენი კანცელარიის თანამშრომლები, ასისტენტები თუ მანდატურები“.

რადიო თავისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ჯანეზაშვილის მიერ დასახელებულ პირთა პოზიციით დაინტერესდა. თუმცა, მცდელობის მოუხედავად, არაფერი გამოვიდა. კომენტარები არ გაკეთდა.

არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ გააგრძელოს შესწავლა 9 ივლისს გამოქვეყნებული ფაქტებისა, რომელთა ნაწილიც მათთვის ისედაც ცნობილი იყო.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, გია გვილავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, კორუფციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფორმა - ნეპოტიზმი საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული და გასაკვირი არ არის, რომ ის შეგვხვდეს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ მართულ „გაუმჭვირვალე და არადემოკრატიულ“ სასამართლო სისტემაში.

გვილავას თქმით:

  • „არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცის ნათესავი მართლაც გენიოსი იყოს ან სხვას სჯობდეს ამა თუ იმ პოსტზე დასანიშნ კანდიდატებს შორის“;
  • „თუმცა გააჩნია, შერჩევის როგორი პროცესი ჩატარდა და რა გარემოებებში დაინიშნა ესა თუ ის ადამიანი“;
  • „ჩვენ მოგვაწოდა ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ“;
  • „საგანგაშო სიმპტომები სისტემაში მანამდეც ჩანდა და თუკი გავითვალისწინებთ იმას, თუ როგორ იქცევა სასამართლო სისტემა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ეს ყველა ბრალდება ძალიან რეალური ჩანს“.

ნაზი ჯანეზაშვილი 9 ივლისს არ შეხებია მოსამართლეთა დასაქმებული ნათესავების კვალიფიკაციასა თუ ცოდნას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესმაც კი ხმაურით, მრავალი ეჭვისა და შეკითხვის ფონზე ჩაიარა, ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ აღარავის უნდა უკვირდეს - „თუკი ისეთ კონკურსებში, საითკენაც ყურადღება ნაკლებია და დაკვირვება არ არის, ფორმალური პროცედურების შედეგად სწორედ თავისიანები გაჰყავდეთ უპრობლემოდ“.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესმა საერთაშორისო პარტნიორების უკმაყოფილებაც გამოიწვია. კრიტიკა შეეხებოდა, მაგალითად:

  • მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების ხარისხს;
  • კანდიდატების კვალიფიკაციას;
  • მიუკერძოებლობისადმი მათ ერთგულებას;
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის არასათანადო გამჭვირვალობას.

სწორედ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესების ჭრილში გამწვავდა საუბარი სასამართლოს ე.წ. კლანთან დაკავშირებით. კლანის ხსენებისას იგულისხმება ხოლმე გავლენიანი ჯგუფი - ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული.

ხელისუფლებისთვის ტერმინი „კლანი“ იმთავითვე ღიმილის მომგვრელად და გულგრილად აღიქმებოდა. „ქართული ოცნება“ ე.წ. კლანის არსებობას ყოველთვის უარყოფდა და „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეების მიერ მოგონილ ტყუილად მიიჩნევდა. ბევრჯერ ითქვა და მათ შორის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერაც, რომ ოპონენტების შეფასებები მხოლოდ შავ პიარს წარმოადგენდა. ივანიშვილი მურუსიძის მიმართ სიმპათიებსა და ნდობას ღიად გამოხატავდა.

სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკა საერთაშორისო პარტნიორების არაერთ განცხადებაში გვხვდება. ბოლო პერიოდში აქცენტები მართლმსაჯულების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებაზეც ხშირად დაისვა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სასამართლო სისტემას პოლიტიკური გავლენებისგან სრულად დამოუკიდებლად მიიჩნევს.

9 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ ინიცირებულ საბიუჯეტო კანონპროექტში სასამართლოს დამოუკიდებლობა ერთ-ერთ იმ საკვანძო ფაქტორად დასახელდა, რომლის უარყოფითი შეფასებაც საქართველოს შესაძლოა აშშ-ის ფინანსური დახმარების შეზღუდვად დაუჯდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG