Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა კოსტავამ საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა - ქუთაისში აქცია დაიგეგმა


„ნანა კოსტავამ უნდა დატოვოს ქუთაისის საკრებულო“ - აქცია ამ გზავნილით ქუთაისის მერიასთან 3 ივნისს, 17 საათზე გაიმართება.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 3 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრებულოდან წასვლას აღარ აპირებს საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა, რომელმაც გასულ კვირაში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნდა არაჰუმანური და არაეთიკური პოსტი. ამ პოსტში ის ცინიკურად მიმართავდა ბლოგერს, სალომე ბარკერს, 16 წლის დის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

ნანა კოსტავამ 31 მაისს ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ ის საკრებულოს მანდატს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დატოვებდა. თუმცა, 3 ივნისს, ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას, მან განაცხადა, რომ საკრებულოს დატოვება ამომრჩევლის კატეგორიული თხოვნით გადაიფიქრა:

"ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა [საკრებულო], მე მგონი დავრჩები, არ დავტოვებ. ყველა მეუბნება, შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვრები, არ მიგვატოვო, შენი მართალი ხმა გაგვაგონე. ძალიან ცუდად გამომივიდა, კი ბატონო, ვაღიარებ", - ეუბნება ნანა კოსტავა ტელეკომოანია "იმედს".

ნანა კოსტავა, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე იყო, ქუთაისის საკრებულომ 31 მაისს, მას შემდეგ გადააყენა თანამდებობიდან, რაც მისი ფეისბუკის პოსტი ვირუსულად გავრცელდა.

ნანა კოსტავა 31 მაისსვე გარიცხეს ქუთაისის საკრებულოს გენდერული საბჭოდან.

აქციის მონაწილეები ითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ ლარატიასთან შეხვედრასაც.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა ჭაჭიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, აქტივისტები იმ დრომდე არ შეწყვეტენ აქციებს, ვიდრე ნანა კოსტავა წასვლის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. „ჩვენი მოთხოვნაა ნანა კოსტავამ დღესვე დაწეროს განცხადება წასვლის შესახებ“!

ნანა კოსტავამ არაჰუმანური პოსტი სოციალურ ქსელში 28 მაისს გამოაქვეყნა. 30 მაისს კი, მას შემდეგ, რაც მისი პოსტი ვირუსულად გავრცელდა ფეისბუქში, მან პოსტი წაშალა და განმარტა:

„ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება....ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი , რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ“.

კიდევ ერთი არაჰუმანური პოსტი ნანა კოსტავამ ორი წლის წინ, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გადაცემა „პროფილის“ წამყვანის, მაია ასათიანის შვილი გარდაიცვალა.

ის სოციალურ ქსელში წერდა: „შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა... ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG