„პროვინციელი ქალი“ (1980. საფრანგეთი-შვეიცარია. რეჟისორი კლოდ გორეტა)
გასულ კვირას საფრანგეთი ნატალი ბაის დაემშვიდობა - 77 წლის კინოვარსკვლავი დემენციას ვეღარ გაუმკლავდა. 2022 წელს საჯაროდ აღიარა, რომ დისლექსია და კლაუსტროფობია აწუხებდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ კარლოს შაჰინის ფილმში, „ჭიქა წლის ღამეში“ მთავარი როლი განასახიერა და გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ჟერარ დეპარდიეს იცავდა. „ვერასდროს შევეგუები ლინჩის წესით გასამართლებას, რომლისგანაც ჟურნალისტები სარგებელს იღებენ“, - განაცხადა მაშინ ბაიმ და დაამატა, რომ დეპარდიე „ის ურჩხული არ არის, რომელსაც ბულვარულ პრესაში აღწერენ“.
ეს „ბულვარული პრესა“ ნატალი ბაის განსაკუთრებით სძულდა. მიუხედავად მისი გახმაურებული რომანებისა მსახიობ ფილიპ ლეოტართან და მომღერალ ჯონი ჰოლიდეისთან (ჰოლიდეისგან გაუჩნდა ქალიშვილი, ლორა), პირადი ცხოვრების შესახებ იშვიათად საუბრობდა. დეპარდიეს ასეთი თავგამოდებული დაცვაც, ალბათ, უფრო იმით უნდა ავხსნათ, რომ ორივე მსახიობი საკუთარ თავს ფაქტობრივად ერთი ოჯახის წევრად მიიჩნევდა, პირველ რიგში, ფრანსუა ტრიუფოს ოჯახის წევრად (ტრიუფოს „მწვანე ოთახი“ ნატალი ბაის ერთ-ერთი პირველი დიდი გამარჯვებაა კინოში)... მერე გოდარის, კლოდ სოტესი, ბერტრან ტავერნიეს, კლოდ შაბროლის... ეს ფრანგული კინოს ერთი დიდი სკოლაა, თუმცა ნატალი ბაის აქაც განსაკუთრებული ადგილი ერგო. მისი ავტორიტეტი (ოთხჯერ მოიპოვა ფრანგული „სეზარი“) იმდენად დიდი იყო, რომ დეპარდიეს მიმართ სოლიდარობა ქალთა უფლებების დამცველებმაც აპატიეს. არადა, ამ სოლიდარობის გამო მათ კატრინ დენევიც გააკრიტიკეს და ფანი არდანიც. ვფიქრობ, ბაისთან კონფლიქტს ყველა ერიდებოდა - საფრანგეთის ელიტა მას ერთ-ერთ ყველაზე გონიერ არტისტად და „ახალი ტალღის“ შემდგომი პერიოდის ლიდერადაც კი მიიჩნევდა.
ნატალი ბაის იმიჯი მითოლოგიურ ვარსკვლავურობას სრულიად მოკლებულია. “შეკავებული მიწისძვრააო“, წერდა მსახიობის შესახებ კანადელი რეჟისორი ქსავიე ბოვუა, რომლის ფილმში „პატარა ლეიტენანტი“ (2023) მსახიობმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე რთული როლი ითამაშა. ეს „უთქმელობა“, როცა პერსონაჟი თითქოს რაღაცას უმალავს კამერას, ბოლომდე არ ამბობს, ჯერ კიდევ 70-იან წლებში იგრძნობოდა ნატალი ბაის შემოქმედებაში. ვფიქრობ, თამაშში პირველი პროფესია დაეხმარა - ნატალი ხომ თავდაპირველად ქორეოგრაფიას ეუფლებოდა. პლასტიკაც თითქოს ხაზგასმულად თავშეკავებული აქვს, მაგრამ სწორედ კამერის წინ მოძრაობა ეხმარება ხოლმე კონტრაპუნქტის შექმნაში - სხეული ერთს გვეუბნება, მზერა კი, სულ სხვას.
ეს უთქმელობა თუ მაყურებლის ჩართვა ფიქრის პროცესში ყოველთვის ახასიათებდა შვეიცარიელ რეჟისორს, კლოდ გორეტას. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 1977 წელს ვარსკვლავად აქცია იზაბელ იუპერი, ანდო რა იმხანად ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ მსახიობს მთავარი როლი ფილმში „მემაქმანე“...სამი წლის შემდეგ გორეტამ ახალი ფილმისთვის ისევ საფრანგეთი აირჩია და ფილმში „პროვინციელი ქალი“ მთავარი როლის შესასრულებლად მიიწვია ნატალი ბაი, რომელსაც იუპერისგან განსხვავებით, უკვე კარგად იცნობდნენ. მაგრამ შვეიცარიული კინოს ერთ-ერთმა ლიდერმა აბსოლუტურად სხვა ნატალი ბაი წარმოგვიდგინა. არა ისეთი, როგორიც „ახალ ტალღასთან“ დაახლოებული რეჟისორების ფილმებში - პროვინციელი ახალგაზრდა ქალი პარიზში, ადგილის ძიებაში, სიყვარულის ძიებაში, ჰგავდა სხვა ეპოქიდან მოვლენილ არსებას, რომლისთვისაც დიდი ქალაქი, ერთი მხრივ, სივრცე ხდება პიროვნული ზრდისთვის, მეორე მხრივ კი, ადამიანურ სითბოს მოკლებული ცივილიზაციის სახე.
კრისტინი, ახალგაზრდა არქიტექტორი ლოთარინგიიდან, პარიზში გადასახლდება. მას საპროექტო ბიუროში მუშაობის დაწყების იმედი აქვს. უცხოს მიმართ პარიზი საკმაოდ სასტიკი აღმოჩნდება. თუმცა კრისტინი ხვდება, რომ დიდი ქალაქი არც „თავისიანებს“ არ სწყალობს. „ხვდება“, „დაინახავს“, „გაიაზრებს“ - გორეტას ფილმი მთლიანად ამ პროცესებს ასახავს. ჩემთვის რთული წარმოსადგენია რომელიმე სხვა მსახიობი კრისტინის როლში. გააზრების პროცესის ჩვენება(!) სწორედ ნატალი ბაის სტილია.
კლოდ გორეტასთვის არსებითად არც აქვს მნიშვნელობა, თუ სად, რომელ ქალაქში ხდება მოქმედება. პარიზი იქნება ეს თუ ბერლინი, შვეიცარიელ რეჟისორს გარემო დიდად არც აინტერესებს. გორეტას კვლევის ობიექტი ადამიანი და მისი ფსიქოლოგიური შტრიხებია. ნატალი ბაის გმირი თითქოს პარიზს კი არა, უფრო მეტად პარიზელებს ათვალიერებს, აკვირდება ქალაქელებს, რომლებიც მარტოობისგან იტანჯებიან... მერე კი, როცა სხვა გზა აღარ რჩებათ, ზოგი პროსტიტუციას ეწევა, ზოგი ფანჯრიდან ხტება, ზოგიც მშობლიურ ქალაქს უბრუნდება. ოღონდ უბრუნდება უკვე სულ სხვანაირი.
უცნაურია, მაგრამ 1981 წელს „პროვინციელი ქალი“ საბჭოთა კინოგაქირავებისთვის იყიდეს. მართალია, 20 წუთით შეამცირეს, მაგრამ მაინც უჩვენეს კინოთეატრებში. უცნაური იმიტომაა, რომ ბრეჟნევის ეპოქაში მოსკოვი მაქსიმალურად ერიდებოდა იმ ევროპული ფილმების ჩვენებას, რომლებშიც დასავლური სამყაროს ყოველდღიური ყოფა იყო ასახული. კლოდ გორეტას ფილმი აქ პროპაგანდისთვის აწყობდათ - „აი, შეხედეთ, რა დაემართა დასავლეთის ცივილიზაციას. შეხედეთ, როგორ დაეცა ევროპა“ (1981 წელია! ბრეჟნევის ეპოქაა და არა 2026 წლის საქართველო!)... და რადგანაც „პროვინციელ ქალში“ ავტორს დიდად არ აინტერესებს სოციალური ფონი და პოლიტიკა, შესაბამისად, მაყურებელი ზედმეტ კითხვებს არ დასვამდა, დაუჯერებდა საბჭოთა კინოპროპაგანდისტებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კრისტინის მარტოობას კაპიტალისტური სამყაროს გულგრილობა განაპირობებს. მაგრამ კლოდ გორეტას ფილმის ეფექტი სულ სხვანაირი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ „პროვინციელი ქალი“ კომერციული კინო არ არის, ფილმი წარმატებით უჩვენეს კინოთეატრებში, ნატალი ბაი კი ერთი პოპულარული საბჭოთა კინოჟურნალის გამოკითხვით, წლის საუკეთესო მსახიობად დასახელდა. კრისტინში ბევრმა ქალმა საკუთარი თავი დაინახა.
ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით:
ფილმის რუსულად გახმოვანებული ვერსია, რომელიც საბჭოთა ეკრანებზე გადიოდა:
ფორუმი