Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ღრმად მწამს, ეს იქნება გამოხატვის თავისუფლების დამაზიანებელი"


რა უდევს საფუძვლად ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ცილისწამების, ბილწსიტყვაობისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების რეგულაციის იდეას? რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება და რა საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს მისი განხორციელება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას?

"იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში", - განაცხადა თავის საახალწლო მილოცვაში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. იმავე საკითხს შეეხო საქართველოს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში: "დღეს ადამიანები არ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც – გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს თავდაპირველად მაინც შეცდომაში შეიყვანს. ამის მოქმედთ ალბათ ჰგონიათ, რომ რაკი სხვაზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა". პრეზიდენტის განცხადებასა და ეპისტოლეს გამოეხმაურა პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე: "„ეს აწუხებს ყველას. ეს აწუხებს, რა თქმა უნდა, პატრიარქს, პრეზიდენტს, თითოეულ ჩვენგანს. ...გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რაც კი ზომა შეიძლება იყოს მიღებული, მათ შორის, კანონმდებლობის ნაწილში შეიძლება ზომების მიღება და ნებისმიერი სხვა ფორმით, უფრო, რა თქმა უნდა, საუბარი შეიძლება იყოს კანონმდებლობაში ცვლილებაზე".

საკითხის სინქრონულად და ბუნდოვნად წამოჭრამ გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული რეაქცია. 13 იანვარს კოალიციის - "მედიის ადვოკატირებისთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო დღესაც ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ამასთან, განცხადების ავტორები წერენ: "ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა მიიღოს მკაფიო განმარტებები იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში. ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას".

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი თვლის, რომ არასწორია საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს, ცილისწამება და ღირსების შელახვის საკითხი სრულიად რეგულირების მიღმა იყოს დარჩენილი. ამასთან, ის ამბობს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი მაღალი სტანდარტი ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში დაიწევს.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG