Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ განაახლა მოკავშირეების დახმარება კორონავირუსის მეორე ტალღის გამო


კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების კვალობაზე, ნატომ კვლავ განაახლა მოკავშირე ქვეყნებისა და პარტნიორების დახმარება აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობითა და სამხედრო-სამედიცინო პერსონალით.

ალიანსის ოფიციალური საიტის თანახმად, 27 ოქტომბერს ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ნატოს სპეციალური მარაგებიდან მიიღო აშშ-ისგან კოლექტიური დახმარების ფარგლებში გაგზავნილი 60 ერთეულიფილტვის ხელოვნური ვენტილატორი.

როგორც ეპიდემიის პირველი ტალღის დროს, ამჯერადაც აუცილებელი აღჭურვილობა ქვეყანას გადაეცა ნატოს "კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის" (EADRCC) ეგიდით.

უფრო ზუსტად, მოკავშირეები ჯერ აგროვებენ სამედიცინო აღჭურვილობას და ინვენტარს იტალიაში - ტარანტოში - მდებარე ალიანსის შესყიდვებისა და მხარდაჭერის სააგენტოს (NSPA) საწყობში, შემდეგ განიხილება შესაბამისი განაცხადი და ამის მიხედვით ნაწილდება ყველაფერი.

ალიანსის მოკავშირეებს საერთაშორისო დახმარებისათვის ჩეხეთმა ოქტომბრის შუა რიცხვებში მიმართა. ეპიდემიის განმავლობაში დაინფიცირებული 284,033 კაცით, ჩეხეთი მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე იმყოფება (გათვალისწინებულია ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობა). წუხელ ქვეყანაში კორონავირუსის 15,663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო სტატისტიკით, აქტიურად ითვლება 170,043 შემთხვევა და, შესაბამისად, ყოველდღიურად იზრდება სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობა.

პანდემიის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი 2 547-მდე გაიზარდა. შედარებისთვის: თვის დასაწყისში იყო 646 გარდაცვლილი.

ვენტილატორებს, რომლებიც სამხედრო თვითმფრინავით უკვე ჩაიტანეს ჩეხეთში, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს კრიზისებისთვის მზადყოფნის ცენტრი სხვადასხვა საავადმყოფოს ურიგებს.

როგორც ირკვევა, სტაციონარებში მყოფი ათასობით მძიმე ავადმყოფისათვის ჩეხეთმა ნატოსგან ფილტვის ხელოვნური ვენტილატორის აპარატები 25 ოქტომბერსაც მიიღო.

კვირას ჩეხეთის სამხედრო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავმა ქვეყანაში ჩაიტანა 150 ერთეული ფილტვების ხელოვნური აპარატი. ორმხრივი დახმარების ფარგლებში, ნატოს მოკავშირე ქვეყანას დახმარების ხელი ალიანსის წევრმა უნგრეთმა გაუწოდა.

კორონავირუსის პირველი ტალღის დროს ნატომ შექმნა პანდემიაზე რეაგირების ნდობის ფონდი (Pandemic Response Trust Fund).

ამ ფონდში შეტანილი თანხებით ალიანსის შესყიდვებისა და მხარდაჭერის სააგენტო (NSPA) ქმნის გადაუდებელი დახმარების მარაგს, საიდანაც სამედიცინო აღჭურვილობა მოკავშირე ქვეყნებს ურიგდებათ სპეციალური მოთხოვნის შემდეგ.

ჩეხეთის გარდა, ნატოს ინფორმაციით, ოქტომბერ-ნოემბერში ათობით ვენტილატორი და 1,5 მილიონი ევროს ღირებულების სხვადასხვა სახის სამედიცინო აღჭურვილობა მიიღესალბანეთმა, მონტენეგრომ და ჩრდილოეთ მაკედონიამ.

კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს ნატოსგან დახმარება მიიღო საქართველომ. ალიანსთან ერთ-ერთმა ყველაზე დაახლოებულმა პარტნიორმა დახმარებისათვის აპრილის დასაწყისში მიმართა ნატოს "კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს" (EADRCC).

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და სოლიდარობის ფარგლებში, საქართველომ ივნისის ბოლოს პოლონეთისაგან მიიღო 6 800 ერთეული სახის დამცავი ნიღაბი, ხელისა და საგნების ზედაპირის სადეზინფექციო 5 400 ლიტრი სითხე.

როგორც სხვა გლობალური გამოწვევების შემთხვევებში, - იქნება ეს ტერორიზმი, რუსეთიდან მომდინარე პოტენციური საფრთხისაგან აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა, კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა თუ ბირთვული შეკავება, - ნატო განაგრძობს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას.

„პანდემიის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ნატოს სამხედროები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სამოქალაქო სამედიცინო სამსახურების დასახმარებლად პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნატო უზრუნველყოფს დახმარებას. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მოკავშირეებს. სწორედ დღეს გამოცხადდა, რომ ნატო სამედიცინო დახმარებას გაუწევს ჩეხეთის რესპუბლიკას არა მხოლოდ ვენტილატორებით, არამედ სამხედრო-სამედიცინო პერსონალითაც“, - განაცხადა 21 ოქტომბერს ნატოს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყების წინ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ამ განცხადებიდან სულ რაღაც ოთხ-ხუთ დღეში ეს დახმარება ჩეხეთმა ოპერატიულად მიიღო მოკავშირეებისგან.

პანდემიის კრიზისის განმავლობაში ნატოს მოკავშირეთა ავიაციამ განახორციელა 100-ზე მეტი საავიაციო რეისი ასობით ტონა სამედიცინო აჭღურვილობისა თუ სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებისათვის, ნატოს შესყიდვებისა და დახმარების სააგენტო დაეხმარა მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს საველე საავადმყოფოების მშენობლობასა და მათი სამედიციონ ინვენტარით აღჭურვაში; ალიანსის კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურმა საკოორდინაციო ცენტრმა (EADRCC) კოორდინაცია გაუწია 125 შემოთავაზებას და ძალისხმევა მიმართა მოკავშირეთა და პარტნიორი ქვეყნებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან წამოსული 19 თხოვნის დასაკმაყოფილებლად.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG