Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მეტი დახმარება საქართველოს - რას ნიშნავს?


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის ფონზე, ნატო საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის დახმარების გაძლიერებას გეგმავს და ეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 29 ნოემბერს, ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებშიც არაერთხელ გაიმეორა.

განრიგის თანახმად, ამ სამი ქვეყნის, მათ შორის - საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრები ნატოელ კოლეგებს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფორმატში, 30 ნოემბერს შეხვდებიან; ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას, 29 ნოემბერს, ფინელ და შვედ მინისტრებთან ერთად, ცალკე ელაპარაკებიან, სამუშაო ვახშამზე. უკრაინას ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი აქვს გაკეთებული. ფინეთი და შვედეთი ივნისში, მადრიდის სამიტზე ნატომ ოფიციალურად მიიწვია ალიანსში გასაწევრიანებლად.

თუკი ისინი იქნებიან უფრო დაცული...

„თუკი ისინი იქნებიან უფრო დაცული, ჩვენ ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ“ - ეს სიტყვები ნატოს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის შესახებ თქვა, 29 ნოემბერს, ბუქარესტში გამართული დისკუსიის ფარგლებში, მინისტრების სამიტის წინ.

მისი განმარტებით, უკრაინის ომმა ამ სამ ქვეყანასთან „პარტნიორობა უფრო მნიშვნელოვანი გახადა“ და მეტი დახმარების საჭიროება გააჩინა, რადგან საქართველო, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა კვლავაც დგანან „რუსეთის წნეხის, დაშინებისა და აგრესიის“ პირისპირ.

გამოწვევებთან გამკლავება ნატოს გენერალურ მდივანს პარტნიორების „მდგრადობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის“ გაძლიერებითა და „შეიარაღებული ძალების მოდერნიზებით“ წარმოუდგენია. მანამდე, 25 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ამავე თემასთან დაკავშირებით, იენს სტოლტენბერგმა განმარტა, რომ გაღრმავებული "პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული" თანამშრომლობა ნატო-საქართველოს „არსებით პაკეტს“ დაეფუძნება.

კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არც ნატო ავრცელებს და არც საქართველო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა, ჯერ კიდევ ოქტომბერში, ბელგიაში გამართული შეხვედრის ფარგლებში. ქართული მხარე აცხადებს, რომ ეს დახმარება გამიზნულია „საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისთვის“. ამავე შეხვედრაზე განხილული იყო სწორედ „არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული დახმარებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობა“.
ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში ბულგარელი ექსპერტების მონაწილეობაზე. თავდაცვის სამინისტრომ 29 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მალე ქართულ ჯარი ქვეყნის სამსახურში ნატოს სტანდარტების შესაბამის ბაზებზე იმსახურებს“.

რამდენად ხელშესახები შეიძლება იყოს ახალი დახმარება საქართველოსთვის?

სამხედრო მეცნიერებათა დოქტორს, გადამდგარ გენერალ-მაიორს, გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, ვახტანგ კაპანაძეს პასუხის გაცემა უჭირს, რადგან თუკი შეიარაღებაზეა ლაპარაკი - „ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს ამ შეიარაღებას მიაწოდებენ“; სხვა მხრივ კი, ექსპერტი თვლის, რომ საქართველოს არმია ნატოსთან „უკვე თავსებადია“ და ახლა მხოლოდ გაწევრიანება იქნებოდა რეალურად საჭირო ნაბიჯი.

კაპანაძის შეფასებით, ამ კუთხით, საქართველოსთვის პოლიტიკურად უფრო სასარგებლო იქნებოდა უფრო მკაფიო პოზიციონირება შავი ზღვის აუზის წევრ ქვეყნად, ვიდრე სამხრეთ კავკასიის შემადგენელ ნაწილად.

„ჩვენ უნდა გამოვიდეთ კავკასიის ჩარჩოებიდან. ჩვენს თავზე ყოველთვის უნდა ვისაუბროთ, როგორც ფართო შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის შემადგენელ ნაწილზე, რადგან კავკასიაში იმდენი პრობლემაა, რომ უკვე ტოქსიკურს ხდის ამ პრობლემების განხილვაში ჩვენი მიკუთვნება... ცხადია, გეოგრაფიას ვერავინ შეგვიცვლის და სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ვართ, მაგრამ პოლიტიკურად უფრო სასარგებლო იქნება, თუკი ჩვენ უფრო მკაფიოდ და აქტიურად შავი ზღვის რეგიონის ნაწილად წარმოვჩინდებით“, - გვეუბნება კაპანაძე.

გამოცდილი სამხედრო ექსპერტი სამწუხაროდ თვლის, რომ საქართველოს არა აქვს ძველებურად მჭიდრო ურთიერთობები ნატოს წევრ თურქეთთან, რომლის მოკავშირებობა, მისი თქმით, აზერბაიჯანმა თავისთვის სასარგებლოდ გამოიყენა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ საქართველოსთვის, ისევე როგორც მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის ამ სამიტზე შეთავაზებული იქნება მეტი ერთობლივი წვრთნა, ნატოს მრჩევლების ვიზიტები და კიბერთავდაცვაზე მუშაობის გაძლიერება.

იოზვიაკი ასევე ვარაუდობს, რომ უკრაინის (და, შესაბამისად - საქართველოს) ნატოსკენ მისწრაფებებზე გაცილებით მეტი ლაპარაკი იქნება 11-12 ივლისს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დაგეგმილი ნატოს ლიდერთა სამიტის წინ. ლიეტუვის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩავა.

საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინამ სექტემბერში უკვე გააკეთა განაცხადი ნატოს წევრობაზე, სწორედ იმ დღეს, როდესაც რუსეთმა მისი 4 ოკუპირებული რეგიონის ანექსია გამოაცხადა. მას შემდეგ, უკრაინამ ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი გაათავისუფლა.

როგორია გაწევრიანების პერსპექტივა?

უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპეტივებზე, 29 ნოემბერს, იენს სტოლტენბერგს მედიამ ძალიან ბევრი შეკითხვა დაუსვა. არაერთხელ გაახსენეს, რომ ალიანსმა, 2008 წლის აპრილში, სწორედ ბუქარესტში გამართულ სამიტზე დადო დაპირება უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების შესახებ; მას შემდეგ კი 14 წელი გავიდა.

სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ მაშინ ის სამიტში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის რანგში მონაწილეობდა და დაადასტურა, რომ ნატოს ეს დაპირება ახლაც ძალაში რჩება. თუმცა მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ უკრაინის (შესაბამისად - საქართველოს) ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვას ალიანსი ამ ეტაპზე არ გეგმავს.

„მთავარი ფოკუსია დღეს უკრაინის დახმარება. ჩვენ შუა ომში ვართ და ისეთი არაფერი უნდა გავაკეთოთ, რასაც შეუძლია ძირი გამოუთხროს მოკავშირეების ერთიანობას - [უკრაინის] სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების კუთხით“, - ასეთი იყო მისი პასუხი 29 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.

ამავე კონტექსტში, იმის დასტურად, რომ ნატოს ღია კარი პოლიტიკა „საქმით და არა მხოლოდ სიტყვით“ არის ძალაში, გენერალური მდივანი ალიანსში მონტენეგროსა (2017 წელს) და ჩრდილოეთ მაკედონიის (2020 წელი) გაწევრიანებასა და ფინეთისა და შვედეთის მიწვევას (2022 წელს), ასახელებს.

ნატოში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული მიზანია, მოქალაქეების მხარდაჭერაც განგრძობადად მაღალია და ამას საქართველოს ხელისუფლებაც ხშირად აღნიშნავს.

თუმცა ოპონენტები ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ პასიურობაში და პერიოდულად უმაღლეს დონეზე ისეთი საჯარო განცხადებებიც კეთდება, რასაც ექსპერტები ნატოში გაწევრიანების მიზნისთვის დამაზიანებლად თვლიან. მაგალითად, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებია, რომ ნატოში გაწევრიანების „დამაბრკოლებელი ბარიერი ოკუპირებული ტერიტორიები, ოკუპაციაა.

"რუსეთის თამაშის წახალისებას, რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა“, - ასე აფასებენ მსგავს განცხადებებს ხელისუფლების ოპონენტები.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, 29 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ​ალიანსი საქართველოს ელაპარაკება არა მხოლოდ როგორც სანდო პარტნიორს, არამედ როგორც ალიანსის მომავალ წევრს, რომელსაც აქვს უსაფრთხოების განმტკიცების შესაძლებლობები.

"საქართველო, თავის მხრივ, მზად არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგელობის აღებისთვის. შესაბამისად, აუცილებელია ცალკეული მოკავშირეების გეოპოლიტიკური გამოფხიზლება და ჩვენი ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის გადაწყვეტილების დაჩქარება. ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და ქართული საზოგადოების ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნატომ აღმოსავლეთ ევროპის ფლანგი მნიშვნელოვნად გააძლიერა; მოკავშირეების, მათ შორის - რუმინეთის ტერიტორიაზე - დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანა და პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებაც დღის წესრიგში სწორედ ამის შემდეგ დადგა. ნატოს წევრები აქტიურად ეხმარებიან უკრაინას ჰუმანიტარული, ფინანსური თვალსაზრისით და აწვდიან შეიარაღებას. იენს სტოლტენბერგმა 29 ნოემბერს განაცხადა, რომ სამიტზე განიხილება დახმარების გაფართოება და უკრაინისთვის, მათ შორის - ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის საკითხიც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG