Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო თავის რიგებში ეპატიჟება სახელშეცვლილ მაკედონიას


იენს სტოლტენბერგი და ზორან ზაევი
იენს სტოლტენბერგი და ზორან ზაევი

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა 6 თებერვალს ხელს მოაწერენ ოქმს, საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გზაზე. ამის შესახებ შაბათს ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

„6 თებერვალს ჩვენ დავწერთ ისტორიას: ნატოს მოკავშირეები მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ნიკოლაი დიმიტროვთან ერთად ხელს მოაწერენ ოქმს მომავალი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ალიანსში “, - წერს სტოლტენბერგი.

ალიანსის შტაბ-ბინის ოფიციალური ცნობით, ბრიუსელში გაემგზავრება მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვი, რომელიც ნატოს 29 წევრი სახელმწიფოს ელჩებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ოქმზე ხელის მოწერის ცერემონიაში.

სკოპიეში იმედოვნებენ, რომ საბერძნეთი გახდება ნატოს პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე ადრე მოახდენს გაწევრიანების ოქმის რატიფიცირებას, რის შემდეგაც მაკედონია საკუთარ თავს უწოდებს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას“, როგორც ამას ათენსა და სკოპიეს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს.

ორ ქვეყანას შორის, მრავალწლიანი დიპლომატიური დაპირისპირების შემდეგ მიღწეული შეთანხმებით, მაკედონია დათანხმდა ოფიციალური სახელწოდების შეცვლას კომპრომისული, „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკით“.

ვიმედოვნებთ, რომ ივნისისათვის ევროკომისიას წარვუდგენთ მნიშვნელოვან არგუმენტებს, რათა კონკრეტულად განისაზღვროს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღი.
ზორან ზაევი

1991 წლიდან მოყოლებული საბერძნეთი არ ცნობდა სახელწოდება „მაკედონიას“, რომლითაც მოიხსენიება ასევე საბერძნეთის ჩრდილოეთ პროვინცია.

სახელწოდების შესახებ შეთანხმება, რომელიც პრესპას ხელშეკრულებით არის ცნობილი, დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის ორი სახელმწიფოს მოსაზღვრე პრესპას ტბაზე გამართვის გამო, - წერტილი დაუსვა 27 წლიან საერთაშორისო დაპირისპირებას.

როგორც სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადეს ბრიუსელში, 6 თებერვალს გაწევრიანების ოქმზე ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტის განხილვა და რატიფიკაცია უნდა მოხდეს ალიანსისი წვერი სახელმწიფოების ეროვნული საკანონმდებლო ორგანოებში,

„როდესაც რატიფიკაციის პროცესი დასრულდება, ქვეყანა ნატოს სრულყოფილი წევრი გახდება“, - აცხადებენ ნატოს შტაბ-ბინაში.

30 იანვარს მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა განცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს დააჩქაროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. საბერძნეთთან სახელწოდების თაობაზე არსებული დაპირისპირების მოგვარება სკოპიეს გზას უხსნის ნატოსა და ევროკავშირში.

"ვიმედოვნებთ, რომ ივნისისათვის ევროკომისიას წარვუდგენთ მნიშვნელოვან არგუმენტებს, რათა კონკრეტულად განისაზღვროს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღი“, - განუცხადა ზაევმა ჟურნალისტებს ვენაში.

გარიგებას მაკედონიის სახელწოდების თაობაზე მწვავედ უპირისპირდება ოპოზიცია ორთავე ქვეყანაში. თითოეული მხარე მიიჩნევს, რომ მისმა ხელისუფლებამ უფრო მეტი დათმო.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მაკედონია ვალდებული იქნება ხუთი წლის განმავლობაში განახორციელოს მთელი რიგი პრაქტიკული ცვლილებები, მათ შორის უნდა გამოიცვალოს სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნები და დარიგდეს ახალი პასპორტები.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG