Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაღმები შავ ზღვაში? - კახოვკის კატასტროფის შედეგები


ნოვა-კახოვკის კაშხალი აფეთქების შემდეგ. 6 ივნისი, 2023 წელი.
ნოვა-კახოვკის კაშხალი აფეთქების შემდეგ. 6 ივნისი, 2023 წელი.

კახოვკის ჰესის დანგრევისა და წყალდიდობის შედეგად, საფრთხე შეექმნა შავ ზღვასაც. ეკოსისტემის დაზიანების გარდა, გაჩნდა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკები, მათ შორის - საქართველოშიც.  

ჰესის აფეთქება საერთაშორისო დონეზე უკვე შეფასდა რუსეთის მიერ ჩადენილ ეკოციდად და ომის დანაშაულად, რომლის შედეგადაც რამდენიმე ათეული დასახლება დაიტბორა, ხალხი უსახლკაროდ დარჩა, დაკარგულად მიიჩნევა არაერთი ადამიანი და მასობრივად დაიხოცნენ ცხოველები - მათ შორის - კახოვკის ზოოპარკში.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამ საშინელი აქტით რუსეთმა მოახერხა ერთადერთი - დროებით შეაჩერა უკრაინელების კონტრშეტევა ხერსონის მიმართულებით, საიდანაც უკრაინის სამხედრო ძალებს წვდომა ექნებოდათ ყირიმზე.

ნაღმები ზღვაშიც

როდესაც, ჰესის დამბისა და საინჟინრო კონსტრუქციების ნგრევის შედეგად, წყლის დიდი ნაკადი ხერსონის ოლქის ქალაქებისა და სოფლებისკენ დაიძრა, ექსპერტებმა მალევე დაიწყეს ლაპარაკი ნაღმების დაძვრის დიდ საფრთხეზე, რომლის მოგვარებასაც შესაძლოა ათეულობით წელი დასჭირდეს.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა განცხადა, რომ „წყალდიდობისა და წყლის სწრაფი მოძრაობის გამო“, ნაღმები შესაძლოა მოხვდნენ ისეთ ადგილებში, „რომლებიც ადრე უსაფრთხოდ ითვლებოდა“.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, წლების შემდეგ, მშვიდობიანი ადამიანები აფეთქდნენ კონფლიქტის ზონიდან ძალიან შორს - მინდორში მუშაობისას, საძოვრებზე საქონლის გარეკვისას თუ ზღვის სანაპიროზე დასვენებისას.

კახოვკის ჰესი მდებარეობს ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის (დნიპრო) მარცხენა ნაპირზე, რომელიც, მარჯვენა ნაპირისგან განსხვავებით, საოკუპაციო რეჟიმის ხელშია. კახოვკის ჰესზე წვდომა უკრაინელებს ომის დაწყების შემდეგ, მალევე შეეზღუდათ.

რადგან მდინარე დნეპრი შავ ზღვაში ჩაედინება, ექსპერტების შეფასებით, წყლის ძლიერი ნაკადი ნაღმებს „ზღვაშიც ჩარეცხავს“.

სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გადამდგარი გენერალ-მაიორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე ვარაუდობს, რომ ამ გზით შავ ზღვაში შეიძლება მოხვდეს როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ასევე - ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, თუმცა "ტანკსაწინააღმდეგო მძიმე ნაღმების შორ მანძილზე გადაადგილება ნაკლებად არის მოსალოდნელი" - ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები კი, შესაძლოა შორს წავიდეს და საქართველოს სანაპირო ზოლამდეც მოაღწიოს.

„ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს პლასტმასის კორპუსი აქვთ და უფრო მდგრადი არიან ზღვის მარილიანი წყლის მიმართ, ვიდრე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები [ლითონის კორპუსით]. შესაბამისად, ისინი უფრო დიდხანს გაძლებენ. ღმერთმა ქნას, რომ ისეთ ადგილას ჩაიტანოს, სადაც ადამიანებს არ მოუწევთ ფეხის დაბიჯება. ვფიქრობ, გემებსა და ხომალდებს ის არ შეუშლის ხელს, რადგან ფსკერზე იქნება, მაგრამ ადამიანებისთვის საშიშია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახტანგ კაპანაძე.

თუკი ადამიანი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმს დაადგამს ფეხს, მას შეუძლია სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანება და მაგალითად - ტერფის მოწყვეტა.

1997 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, ე.წ. ოტავის ხელშეკრულება, კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების როგორც გამოყენებას, ასევე წარმოებას, გაყიდვასა თუ შენახვას. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ამ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა 160-ზე მეტმა ქვეყანამ. მათ შორის არ არის რუსეთი.

აქამდე, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, უკრაინისთვის და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებისთვის ე.წ. მცურავი ნაღმების, მოწყვეტილი ნაღმების პრობლემა გამოიკვეთა. ერთი ასეთი ნაღმი, 13 თებერვალს, ბათუმის სანაპიროზეც აფეთქდა.

შავი ზღვის ეკოციდი - ჰიდროდარტყმა

ეკოლოგები შიშობენ, რომ მომხდარი კატასტროფის შედეგად, როცა შავ ზღვაში ერთბაშად მდინარის წყლის ასეთი დიდი ნაკადი ჩაიღვრება, - შავი ზღვის წყალი გამტკნარდება და ზღვის ეკოსისტემას რეალური საფრთხე დაემუქრება. შესაძლოა, განადგურდეს მარილიანი წყლის თევზების თუ წყალმცენარეების არაერთი სახეობა.

მტკნარი წყალია ე.წ. უმარილო წყალი, რომელშიც მარილის შემცველობა არ აღემატება 1%-ს.

მომხდარს „დიდ ჰიდროდარტყმად“ აფასებს გეოსაინფორმაციო სისტემების მონაცემთა მსოფლიო ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელი - სერგეი გაპონი, რადიო „კრიმ რეალიის“ (Радио Крым Реалии) გადაცემაში.

„შავი ზღვა თავის აკვატორიაში გაზავებული იქნება [მტკნარი წყლით] რამდენიმე ათეულ კილომეტრზე. ეს გამოიწვევს მისი ბინადრების ძალიან დიდი რაოდენობით დაღუპვას ათეულობით კილომეტრის დაშორებითაც იმ ადგილიდან, სადაც დნეპრი ეშვება შავ ზღვაში“, - ამბობს ექსპერტი.

„ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ შავი ზღვის ეკოციდზე - საფრთხის ქვეშ არის ეკოსისტემა“, - განაცხადა 7 ივნისს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმა, დარია ზარივნამ.

ექსპერტები ასევე შიშობენ, რომ შავ ზღვაში მოხვდება დიდი ოდენობით - ტოქსიკური ნივთიერებები, საწვავი, ზეთები და ცხოველთა ლეშის ბაქტერიები, რაც შავი ზღვის სანაპირო ზოლს მნიშვნელოვნად დააბინძურებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ტვიტერზე ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც დიდი რაოდენობით მკვდარი თევზია ასახული და აღნიშნავს, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქში ეს ყველაფერი, რუსეთის მიერ „კახოვკის ჰესის ტერორისტულად განადგურებამ“ გამოიწვია.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლები ლაპარაკობენ ასევე დიდ პრობლემაზე მთელი სამხრეთ უკრაინისთვის და მათ შორის - ყირიმისთვის, რომელიც წყლით სწორედ კახოვკის ჰესის რეზერვუარიდან მარაგდებოდა.

სასმელი წყლის გარდა, სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა საირიგაციო სისტემაც, რამაც შესაძლოა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მარცვლეულის დეფიციტი გამოიწვიოს.

გავლენა ომის მიმდინარეობაზე

ერთადერთი, რაც რუსეთის მხარემ ჰესის აფეთქებით მოიგო, ეს დროა - დაახლოებით თვე-ნახევარი, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახტანგ კაპანაძე და განმარტავს, რომ ეს დრო დატბორილი მიწის გამოშრობას დასჭირდება, რაც აუცილებელი პირობაა მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად.

ასევე, ექსპერტის შეფასებით, წყლის დონის მატება უკრაინელ სამხედროებს კონტრშეტევისას დნეპრის გადალახვაში შეუშლის ხელს.

„ახლა მდინარის კალაპოტი ძალიან ფართოა. წყალმა დაფარა კუნძულები მდინარე დნეპრის დელტაში, რომლებსაც უკრაინელები სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების საქმიანობისთვის იყენებდნენ... არის ვერსია, რომ ჰესის აფეთქებისას რუსულ მხარეს სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდა - მაგრამ ვერ გათვალეს - მდინარის წყალი გაცილებით უფრო უხვად წავიდა მარცხენა, შედარებით დაბალი ნაპირისკენ, სადაც თავად იდგნენ“, - გვეუბნება კაპანაძე.

ექსპერტების განცხადებით, წყალდიდობის გამო რუს სამხედროებს პოზიციებთან ერთად, სამხედრო ტექნიკის მიტოვებაც მოუხდათ, თუმცა წყლის დონის დაწევისა და ნიადაგის გამოშრობის შემდეგ, სავარაუდოდ, ისინი კვლავ შეძლებენ ამ ზონაში ძველ ადგილას დაბრუნებას.

BBC წერს, რომ თუკი უკრაინელთა კონტრშეტევის გეგმებში დნეპრის გადალახვა შედიოდა, წყლის დონის მატებამ ვითარება იმდენად შეცვალა, რომ უკრაინელ სამხედროებს გეგმის შეცვლა მოუწევთ.

თუმცა, უკრაინას გაუჩნდა შანსი დაიკავოს კინბურნის ნახევარკუნძული, რომლის დაცვის შესაძლებლობაც რუსეთის არმიას ნაკლებად აქვს, მომარაგების სიძნელეებისა და ახლა, მით უფრო - წყალდიდობის პირობებში. ამის შესახებ ტელეგრამარხებზე კრემლის მხრდამჭერი სამხედრო თუ სამოქალაქო პირებიც მსჯელობენ.

თავად რუსეთი უარყოფს, მაგრამ ვინც კი ომის მიმდინარეობას ადევნებდა თვალს, ეჭვი არავის ეპარება, რომ კახოვკის ჰესის ნგრევის უკან რუსეთი დგას.

რუსმა სამხედროებმა ეს ჰესი, როგორც თავად აცხადებდნენ, ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომაზე დანაღმეს, როდესაც უკრაინელების კონტრშეტევის შედეგად, ოკუპირებული ხერსონის დიდი ნაწილის მიტოვება და გაქცევა მოუწიათ. სავარაუდოდ, არსებობს რამდენიმე თვის წინ გადაღებული ვიდეოკადრებიც, სადაც რუსი სამხედროების მიერ კაშხლის საყრდენი ბურჯებისა და მისადგომი გზის ნაწილის აფეთქებაა ასახული.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG