Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოითხოვა


რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 ივლისს საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის, იმპიჩმენტის საკითხი დასვა, რომელიც საკრებულოს უმრავლესობამ არ გაიზიარა.

ქალაქში და სახელმწიფოში, სადაც ქალის მიმართ არის პატივისცემა და ამაზეა აგებული ქართული კულტურა, ასეთი განცხადებები არის სრულიად მიუღებელი.
ალექსანდრე ბერიძე

„ლევან ონიანის პასუხიმსგებლობის საკითხის დასმას ვითხოვთ იმ კომენტარის გამო, რომელიც მან ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემაში შინაგან საქმეთა მინისტრის სტუმრობის შემდეგ გააკეთა“, თქვა სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბერიძემ. „ბევრმა მოქალაქემ მოგვმართა და გამოხტა გულისწყრომა ამასთან დაკავშირებით“.

ალექსანდრე ბერიძემ თქვა აგრეთვე, რომ იმედი არ აქვს მათი მოთხოვნის მხარდაჭერის, თუმცა საინტერესოა პოზიცია საკრებულოს უმრავლესობის წევრებისა, რომლებმაც ლევან ონიანის ქმედება არ დაგმეს.

„ქალაქში და სახელმწიფოში, სადაც ქალის მიმართ არის პატივისცემა და ამაზეა აგებული ქართული კულტურა, ასეთი განცხადებები არის სრულიად მიუღებელი, მით უფრო, თანამდებობის პირის მხრიდან“, თქვა ალექსანდრე ბერიძემ და დასძინა, რომ ეს არ არის პოლიტიკური თემა.

საკრებულოს თავმჯდომარემ პასუხად განაცხადა, რომ თავმჯდომარის გადაყენების საკითხი მთელ რიგ პროცედურულ ნორმებს ეყრდნობა. გარდა ამისა, მისივე თქმით, მან გააკეთა როგორც სატელევიზიო, ისე სატელეფონო განმარტებები და ბოდიში მოიხადა.

ის, რაც დაწერა ლვან ონიანმა, იყო დისკრიმინაციული და დასაგმობი.
ნინო ქავთარაძე

„ჩემს პირად და ოფიციალურ ფეისბუკგვერდებზეც გამოვაქვეყნე განცხადება, სადაც ამომწურავად გავეცი პასუხი იმ უხერხულობას, რომელიც ჩემი კომენტარის გამო შეიქმნა“, თქვა ლევან ონიანმა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ქავთარაძემ კი განაცხადა, რომ ლევან ონიანის არაკორექტული გამონათქვამი „გუნდმა დაგმო“:

„ის, რაც დაწერა ლვან ონიანმა, იყო დისკრიმინაციული და დასაგმობი. ამას ვამბობ როგორც ქალური სოლიდარობით, ასევე თანამდებობრივი პასუხისმგებლობით“.

მისივე სიტყვებით, „ქართული ოცნების“ ადგილობრივ გუნდში ამაზე მსჯელობა გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ ბოდიში მოუხადა არა მხოლოდ ადრესატს, არამედ საზოგადოებას და თავის პოლიტიკურ გუნდსაც.

ნინო ქავთარაძემ დასძინა, რომ ბოდიშის მოხდით თემაც ამოიწურა.
მისი აზრი საკრებულოს უმრავლესობის სხვა წევრებმაც გაიზიარეს, რის გამოც ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომა დატოვა.
ინგა გრიგოლიას მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო რუსთავის საკრებულოს წინ საპროტესტო აქცია გამართა „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციამ. კომენტარს უარყოფითი შეფასება მისცა შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG