Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნებართვის მიუხედავად, ზოგიერთი სავაჭრო ცენტრი შესაძლოა არ გაიხსნას


ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლის“ ადმინისტრაციას  24 დეკემბრიდან მუშაობის განახლების გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

სავაჭრო ცენტრის დირექტორი ნატო დანელია ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი წესების შესრულება შეუძლებელია, მით უმეტეს, როცა დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ადმინისტრაციას დაეკისრება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავაჭრო ობიექტებმა, რომლებსაც 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მუშაობის უფლება ექნებათ, მომხმარებელთა რიგები უნდა მართონ როგორც სავაჭრო სივრცეში, ასევე მის გარეთ, მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე კი მხოლოდ ერთი მომხმარებელი უნდა იმყოფებოდეს. მაღაზიებში არ იმუშავებს ტანსაცმლის გასახდელი.

„გრანდმოლის“ დირექტორის, ნატო დანელიას, შეფასებით, ამ წესების დაცვა შეუძლებელია, რადგან სავაჭრო ცენტრში განთავსებული ზოგიერთი მაღაზიის ფართი 20 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. ნატო დანელიას თქმით, 20 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვება შეუძლებელია უფრო დიდი მაღაზიებისთვისაც, რომლებსაც რამდენიმე თანამშრომელი ჰყავთ: „თითოეულ მაღაზიას მინიმუმ ერთი კონსულტანტი, მოლარე და ბანკის წარმომადგენელი ჰყავს და ზოგიერთი მაღაზია 20 კვ.მ-ზე ნაკლებია და იქ რა ხდება?! თუ ადამიანი ტანსაცმელს ვერ გაისინჯავს, მაშინ ონლაინ შეიძენს, რაღა უნდა მაღაზიაში?“

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ნატო დანელია ლაპარაკობს, მომხმარებელთა ნაკადის მართვაა. სავაჭრო ცენტრის დირექტორის თქმით, პრაქტიკულად შეუძლებელია მაღაზიებსა და მათ მიმდებარედ მომხმარებელთა მიერ დისტანციის დაცვისა და პირბადის სწორად გამოყენების გაკონტროლება, ადმინისტრაციას არ ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც ამ მოვალეობას შეასრულებენ, მხოლოდ დაცვის თანამშრომლები კი ამას ვერ გასწვდებიან: „რამდენი ადამიანი უნდა ვიქირაო, როდესაც მე მავალებს ქუჩის ნაკადის რეგულაციას? ანუ სახლემწიფო მე „ხელჩართულ ომში“ მტოვებს მომხმარებელთან, მარტო დაცვის სამსახური ვერ გასწვდება კონფლიქტების ჩახშობას. ფაქტობრივად, სახელმწიფომ თავიდანვე იცის, რომ ვერ შევძლებ რეგულაციების დაცვას, მოვა და დამსჯის, ფინანსურ სანქციას დამიწესებს, მაშინ როცა ფინანსები საერთოდ არ არის“, - ამბობს სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლის“ დირექტორი ნატო დანელია.

„გრანდმოლის“ დირექტორის ინფორმაციით, ხვალ შეხვდებიან მაღაზიების მფლობელებს და მოიჯარეებს და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრი 24 დეკემბერს. ნატო დანელიას თქმით, ცენტრში სამ სართულზე განთავსებულ მაღაზიებში 1500-მდე ადამიანია დასაქმებული და მხოლოდ ადმინისტრაცია ვერ აიღებს პასუხისმგებლობას გამკაცრებული წესების შესრულებაზე. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წესების დაცვით მუშაობას აგრძელებენ აგრარული ბაზრები, თუმცა 24 დეკემბრიდან არ გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები. შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება მისაღებია ქუთაისში გამოკითხული რესპონდენტების ნაწილისთვის, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სავაჭრო ცენტრების და ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნა აუცილებელი არ იყო:

„სარისკოა, ჯანმრთელობა და სიცოცხლე პირველია“;

„ჯარჯერობით არ უნდა გაიხსნას, უნდა გავუძლოთ როგორმე“;

„დადგნენ და ნუ შეუშვებენ ხალხს ზედმეტად“;

„ნაწილობრივ უნდა გაიხსნას და ყველაფრის გახსნა არ გამოვა“;

„უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ცხოვრება და ჩაკეტვა არ არის გამოსავალი“, - ამბობენ ქუთაისში გამოკითხული მოქალაქეები.

მოქალაქეთა ნაწილს ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა არც 24 დეკემბერს აღდგება. ამის გამო გლეხებს უჭირთ ქუთაისის აგრარულ ბაზრებამდე პროდუქციის ჩატანა. ე.წ. ნინოშვილის ბაზრის ზოგიერთმა მოვაჭრემ გვითხრა, რომ ბაზრამდე ტაქსით ან ფეხით მიდიან:

„ცარიელია ბაზარი, ვუჭირვებთ თავს, იქნებ რაღაც იქნეს, ამის იმედად, თორე არავინ დადის. უტრანსპორტობა ძალიან აფერხებს ყველაფერს. ტაქსის ფული ვის აქვს სულ?! პროდუქტის საყიდელი ფული არ აქვთ“;

„ფეხით დავდივარ, ობლები მყავს სახლში და საჭმელი უნდა მივუტანო“;

„ტაქსით მოვდივარ, ჩემი მწვანილები მომაქვს, რომ საღამოს პური და საჭმელი წავიღო სახლში“, - გვითხრეს აგრარულ ბაზარში მომუშავეებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG