Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფომ იცოდა, რომ ნერგეეთში ცხოვრება საშიში იყო


სამაშველო სამუშაოები სოფელ ნერგეეთში. 7 თებერვალი, 2024 წ.
სამაშველო სამუშაოები სოფელ ნერგეეთში. 7 თებერვალი, 2024 წ.

ადამიანები ცოცხლად დაიმარხნენ - შოვის შემდეგ ახლა ეს ფრაზა ისმის ბაღდათის რაიონშიც. სოფელ ნერგეეთში 6-დან 7 თებერვლის ღამეს მეწყერი ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა იმავე საღამოს მიწიდან 8 ადამიანის ცხედარი ამოიტანა, 1 დაკარგულს ისევ ეძებენ. ბაღდათის სოფლებში მეწყრის ჩამოწოლის საფრთხეზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2022 წელს იცოდა.

სტატია განახლდა

რობაქიძეების ოჯახის 3 წევრის, დედა-შვილისა და ბებიის ცხედარს მაშველებმა სოფელ ნერგეეთში სამზარეულოს ნანგრევებში მიაკვლიეს. ახლა უკვე მიწასთან გასწორებულ სახლში 20 წლის სტუდენტი ნია რობაქიძე მშობლებსა და ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. მამა გადარჩა - სტიქიის დროს ეზოში იყო. მას ფეხი აქვს დაზიანებული და კლინიკაში იმყოფება. ოჯახის წევრების სავარაუდო სამყოფელზე მაშველებს სწორედ მან მიუთითა.

დამეწყრილ ადგილას საოჯახო ნივთებია მოფენილი
დამეწყრილ ადგილას საოჯახო ნივთებია მოფენილი
სტიქიის ზონაში მაშველები მძიმე ტექნიკის დახმარებით მუშაობენ
სტიქიის ზონაში მაშველები მძიმე ტექნიკის დახმარებით მუშაობენ

მდინარე ხანისწყლის კალაპოტში მიაკვლიეს მაშველებმა მეოთხე გარდაცვლილის, შუახნის ქალის ცხედარს. მაშველები მის ქალიშვილს ეძებენ. მეწყერმა მათი სახლი მთის ფერდობიდან მდინარემდე ჩაიტანა.

მიწის მასამ მოიყოლა სახლი, სადაც კაცი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა: ტყუპი გოგოები მე-9 კლასელები იყვნენ, ვაჟი მე-11 კლასელი. მათი ცხედრები მეწყრიდან უკვე ამოიყვანეს.

მეწყერმა სახლების ნაწილი მდინარის კალაპოტში ჩაიტანა.
მეწყერმა სახლების ნაწილი მდინარის კალაპოტში ჩაიტანა.

მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში 7 თებერვალს გვიან ღამით ჩამოწვა და ერთმანეთის მეზობლად მდგომი ოთხი სახლი ჩაიტანა.

„ვიწექი, ოჯახის სხვა წევრებს ეღვიძათ. ხმაურზე გარეთ გავვარდით... აღარაფერი ჩანდა, ბდღვირი იდგა. ბომბი რომ გავარდება, აი, ისეთი ხმაური იყო. შემდეგ სახლის სახურავების ხმაც გავიგეთ...“, - იხსენებს სტიქიის პირველ წუთებს ადგილობრივი კაცი რადიო თავისუფლებასთან.

ფერდი, რომელიც ჩამოიშალა, ადგილობრივების თქმით, წლებია რამდენიმე მეტრზეა გახსნილი.
ფერდი, რომელიც ჩამოიშალა, ადგილობრივების თქმით, წლებია რამდენიმე მეტრზეა გახსნილი.

მეწყერს გადაურჩა, თუმცა სახლი დაენგრა ნერგეეთელ გია სოსელიას. მან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ღამის 2-ის ნახევარზე დარეკა. მეწყერმა მის სახლს აივნები მოუნგრია. დაბზარულია კედლები.

„აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია, ოჯახთან ერთად სოფლის დატოვებას ვაპირებ. აწი ეს ფერდი რას იზამს, არავინ იცის და ვერ გავრისკავ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გია სოსელია და ამატებს:

„რაც თავი მახსოვს, ბზარი აქვს [ფერდს], მინიმუმ 30 წელია. სიგრძეზე მიჰყვებოდა, მიწა მეტრზე იყო გახსნილი და დაწეული. ალბათ წყლით გაივსო, ქარი დაემატა და დაიძრა“.

მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა, მთის ძირში მცხოვრებლების ნაწილმა გაქცევა მოახერხა
მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა, მთის ძირში მცხოვრებლების ნაწილმა გაქცევა მოახერხა
დანგრეულია სახლები
დანგრეულია სახლები
სამაშველო სამსახურმა მოსახლეობა სტიქიის ზონიდან გაიყვანა
სამაშველო სამსახურმა მოსახლეობა სტიქიის ზონიდან გაიყვანა

მეწყერსაშიში სოფელი

ადგილობრივების ერთი ნაწილი ამბობს, რომ გაოგნებულია იმით, რაც მოხდა, ნაწილი კი ჰყვება, რომ მეწყრის შიშით ერთ-ერთმა მეზობელმა სოფელში გეოლოგებიც კი ჩაიყვანა.

ერთია, რას ამბობენ ადგილობრივები და მეორე, რა წერია ოფიციალურ დოკუმენტებში, ანუ რა ინფორმაცია ჰქონდა სახელმწიფოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი საინფორმაციო ბიულეტენში წერდა, რომ 2023 წლისთვის ბაღდათის სოფლებში მეწყრული პროცესებია მოსალოდნელი. იმ სოფლებს შორის, რომლებიც პოტენციურ სტიქიის ზონადაა მონიშნული, დასახელებულია სოფელი ნერგეეთიც.

მიწით მოსწორებულ ტერიტორიაზე სტიქიამდე საცხოვრებელი სახლები იდგა
მიწით მოსწორებულ ტერიტორიაზე სტიქიამდე საცხოვრებელი სახლები იდგა

2023 წლით დათარიღებული დოკუმენტი საქართველოში სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზებს მოიცავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია იმერეთის რეგიონის შვიდ სოფელში: ობჩა, დიმი, წილეთხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ მოსალოდნელია ქვათაცვენა და ნაპირგარეცხვითი პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის, მდინარე ხანისწყლისა და მისი შენაკადების ხეობებში. ნერგეეთში მეწყერი სწორედ მდინარე ხანისწყლის ნაპირზე მდებარე სახლების თავზე ჩამოწვა.

შეიძლებოდა პრევენცია?

პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოში სტიქიური უბედურება მსხვერპლით მთავრდება. 2023 წლის აგვისტოში საქართველო შეძრა რაჭის ტრაგედიამ, რომლის დროსაც მეწყერ-ღვარცოფმა 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მიწასთან გაასწორა ცნობილი კურორტი შოვი და დატოვა უამრავი კითხვა.

უპასუხო კითხვები დაგროვდა ბაღდათის შემთხვევაშიც:

  • ჰქონდა თუ არა მუნიციპალიტეტებს ინფორმაცია იმ საფრთხისშემცველ ზონებზე, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა?
  • თუ ჰქონდა, რა გააკეთა?
  • ვინმემ უთხრა ადგილობრივებს, რომ სოფელი „წითელ ზონაში“ იყო?
  • რამ მოახდინა გავლენა გეოლოგიურ პროცესებზე?

„ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში იყო, არ გვქონდა“, - თქვა სტიქიის ზონაში ჩასულმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა და ჟურნალისტები სპეციალისტებთან გადაამისამართა:

„აქ ათწლეულები ცხოვრობდნენ ადამიანები და ამდაგვარი არაფერი არ ახსოვთ და ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა, თუმცაღა ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს“.

იგივე გაიმეორა ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემაც.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ მეწყერსაშიშ ზონებზე ინფორმაციას მუნიციპალიტეტებს რეგულარულად აწვდიან, შეხვედრებსაც მართავენ და საინფორმაციო ბროშურებსაც არიგებენ. გაცემული რეკომენდაციების აღსრულების კონტროლი კი მათ უფლებამოსილებას სცდება. ვინააა კონტროლზე პასუხისმგებელი, უწყებას არ უთქვამს.

საპირისპიროს ამტკიცებს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე, რომელიც შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების ინტერესებს იცავს.

ანა თავხელიძე, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი
ანა თავხელიძე, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი

„მხოლოდ კი არ წერენ, რეკომენდაციების აღსრულების პროცესშიც მონაწილეობენ. პირდაპირ დებულებაში უწერიათ, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ფუნქციაა, პროგნოზირება მოახდინონ, შექმნან მონიტორინგის სისტემები, ინფორმაცია მიაწოდონ ადგილობრივ ხელისუფლებას, გააკონტროლონ პროცესები. რისკი რომ შეაფასეს, შემდეგ პრევენციული ზომებიც უნდა გაეტარებინათ“, - ამბობს ანა თავხელიძე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სოფელ ნერგეეთში ნამდვილადაა მეწყერსაშიში ზონა, თუმცა არა ის ადგილი, სადაც მთა მოწყდა.

„თუ ამ სოფელში სხვა რისკის ზონა ჰქონდათ, იქ რა გააკეთეს პრევენციისთვის? მიაწოდეს ადგილობრივებს ინფორმაცია, მეწყერის განვითარების დროს რა უნდა გააკეთონ?“, - სვამს კითხვას იურისტი ანა თავხელიძე და ასკვნის, რომ შოვის ტრაგედიის შემდეგ სახელმწიფომ გაკვეთილი ვერ ისწავლა.

მედიასთან კომენტარზე უარი თქვეს დამეწყრილ ადგილას კვლევისთვის ჩასულმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმაც. მოგვიანებით, უწყების ფეისბუკგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, სადაც არაფერია ნათქვამი 2020 წელს გაკეთებულ პროგნოზზე.

„კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები. უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღწერილია, რა მოხდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს:

„ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება)“.

მოწყვეტილი მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მეტრი, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მეტრი იყო. მეწყრული მასის მოცულობამ 150 000 კუბური მეტრი შეადგინა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სტიქიური უბედურების გამომწვევ მიზეზად 5-6-7 თებერვალს გადაუღებელი წვიმები დაასახელა.

„კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში, მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100 მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

5-8 თებერვალს ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ზოგადი შეტყობინება წინა დღით გაავრცელა. შეტყობინებები ცენტრალური შტაბიდან ღამის 12 საათზე გაიგზავნა.

„აუცილებელია საფრთხის შემცველი ადგილების დავიწროება. ზოგადი შინაარსის გაფრთხილება არ უნდა ყოფილიყო. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში მოსალოდნელ საფრთხეზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გამაფრთხილო“, - ამბობს ანა თავხელიძე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თქვა, რომ 2024 წლის ბოლოს, მთელ საქართველოში 245 ჰიდრომეტეოსადგური იმუშავებს. წყალდიდობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ადგილებში კი ადრეული გაფრთხილების სისტემების მოწყობა იგეგმება.

„გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით 11 მეწყრულ ლოკაციაზე განხორციელდება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების მოწყობა და წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 29-მდე გაიზრდება“, - თქვა შამუგიამ.

სტიქია აჭარაში

6 თებერვალს, სტიქიამ იმსხვერპლა ორი ადამიანი აჭარაში. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი.

ამავე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში კი სოფელ თხილვანაში ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა, მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა მოახერხეს.

რა ხდება სხვა რეგიონებში

საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა ხაშურსა და ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე უბანში შეფერხდა გაზმომარაგებაც. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები.

ზარალის დათვლა დაიწყეს სამეგრელოშიც, ძლიერმა ქარმა 300-მდე სახლს სახურავი ახადა, წააქცია 100-ზე მეტი ხე, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მეწყერი ჩამოწვა ხარაგაულის რაიონის სოფელ მოლითში, რასაც რკინიგზის გაჩერება მოჰყვა. მატარებლის მგზავრები ზესტაფონში ერთი საათზე დიდხანს დაყოვნდნენ.

ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე სარკინიგზო მოძრაობა ჯერ არ განახლებულა. გაუქმებულია საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები ზესტაფონი-ხაშური.

საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს აუნაზღაურდებათ.

საქართველოში ბოლო წლებში მკვეთრად არის გაზრდილი მეწყრული პროცესების გააქტიურების შემთხვევები. მხოლოდ 2022 წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს 1120 მეწყრული პროცესი აქვს აღრიცხული - 2012 წელს ეს რიცხვი 325 იყო.

მუნიციპალიტეტები 6-7 თებერვლის სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. სოფელ ნერგეეთიდან კი ადგილობრივები უკვე გაიყვანეს და გეოლოგიური კვლევების დასრულებამდე დროებით საცხოვრებლებში დარჩებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG