Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მიზანმიმართულად ხდებოდა რეალური სურათის დაფარვა, სახეზე გვაქვს სამოხელეო დანაშაულიც"


ნესტან ლონდარიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი
ნესტან ლონდარიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი

„მან პირველი დღიდანვე იცოდა სრული სიმართლე, რა მოხდა სინამდვილეში. პირველად გუშინ გაუჩნდა ამ ადამიანს რწმენა, რომ შესაძლებელი იყო სიმართლისთვის მიეღწია“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ნესტან ლონდარიძე თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ზაზა სარალიძეზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინდელი გადაწყვეტილება. ბოლო დროს ყოველთვის ვამახვილებდით ყურადღებას იმაზე, რომ სასამართლო იყო ის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც შეიძლებოდა ამოქმედებულიყო და პროკურატურისთვის მიეთითებინა, ეიძულებინა იგი გადაედგა ქმედითი ნაბიჯები. სწორედ ეს ფუნქცია აიღო გუშინ სასამართლომ და გვაჩვენა, რომ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. არ მოექცა პროკურატურის გავლენის ქვეშ და დაანახა მას მთელი მისი ქმედებები მიმართული იქითკენ, რომ დამდგარიყო ის შედეგები, რაც დადგა“.

ასე აფასებს ნესტან ლონდარიძე სააპელაციო სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ სასამართლო ამაზე მეტს ვერ გააკეთებდა:

„სასამართლო ვერ გაცდებოდა ბრალდების არსს. ის ვერ შემოიყვანდა სხვა პირს საქმეში. ერთადერთი გადაწყვეტილება იყო ის, რაც მას შეეძლო მიეღო. მან მიუთითა, რომ დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. ანუ, შემოიყვანა სხვა პირის განსაზღვრება საქმეში“.

ადვოკატის შეფასებით, საგამოძიებო ორგანოები, თითქოს, ელოდებოდნენ სააპელაციოს გადაწყვეტილებას. დამოკიდებული იყვნენ მასზე. თუკი სასამართლო ვერ გაცდებოდა პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ბრალდებას, იყვნენ თუ არა უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოები სააპელაციოს გადაწყვეტილებამდე ემოქმედათ სიმართლის დასადგენას?

„უფლებამოსილება ჰქონდათ ამისი და ჰქონდათ შესაძლებლობა, მაგრამ პროკურატურა ყველა ღონეს ხმარობდა, რომ პირვანდელი ბრალდება გაეტანა, ანუ სასამართლოზე მიგვეღო ის სურათი, რაც პროკურატურას სურდა. ეს ნიშნავს იმას, რომ გ.ბ., რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, უნდა შემოსულიყო საქმეში და დავით სარალიძის ეპიზოდშიც ის გვყოლოდა მონაწილის სახით. ეს მისცემდა პროკურატურას შესაძლებლობას აღარ გადაედგა ნაბიჯები და ეთქვა, რომ, კი ბატონო, ჯგუფური დანაშაულია, ოღონდ, სახეზე გვყავს ორივე მონაწილე პირი“.

ნესტან ლონდარიძე ხაზგასმით ამბობს, რომ მისი და ზაზა სარალიძის ინტერესში არ იყო დაეშვათ როგორც ვინმესთვის ხელის დაფარება, ისე ვინმეზე ხელის შეწმენდა:

„გ.ბ.-ს - არასრულწლოვას, რომელიც მონაწილეობდა ხორავას ქუჩაზე განვითარებულ მოვლენაში, მიუძღვის დანაშაული და გამოაშკარავებულია - სასამართლოსაც აქვს დადგენილი - ლევან დადუნაშვილის ეპიზოდში. დავით სარალიძის ეპიზოდში ის სრულიად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას იმ მხრივაც ჰქონდა მნიშვნელობა, რომ საზოგადოებამ დაინახოს - თუ საგამოძიებო ორგანოები შეეცდებიან საქმის შეკერვას და გარკვეულწილად რეალობის მიჩქმალვას, სასამართლო იდგება თავის სიმაღლეზე და ის არ დაუშვებს არც უდანაშაულო პირის მსჯავრდებას და არც პირიქით - დამნაშავისთვის ხელის დაფარებას“.

ნესტან ლონდარიძე თვლის, რომ სასამართლომ თავისი როლი შეასრულა და იმედს გამოთქვამს, რომ ეს საქმე არ იქნება გამონაკლისი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ყურადღებას ამახვილებს ერთ მიმართულებაზე, რომელიც ამ ეტაპზე გარკვეულწილად ჩრდილში მოექცა:

„ყოველთვის ვამახვილებდით ყურადღებას იმაზე, რომ თუ გვექნებოდა სახეზე მცირედი დარღვევები - ერთი, ორი, რამდენიმე დარღვევა, შეიძლება გვემსჯელა, რომ ეს იყო შეცდომით, არაგანზრახ ჩადენილი დარღვევები, მაგრამ როცა სახეზე გვაქვს არა ერთი, არამედ დარღვევათა ჯაჭვი, არაერთი დანაშაული, რომელიც ქმნიდა სურათს, რომ მთლიანად დაფარულიყო რა მოხდა საქმეში, ეს უკვე აღარ არის შეცდომა და ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მიზანმიმართულად ხდებოდა საქმეში რეალური სურათის დაფარვა.

სასამართლოს გადაწყვეტილება აიძულებს საგამოძიებო ორგანოებს, გაეცეს პასუხი კითხვას - ვინ მოკლა დავით სარალიძე. მაგრამ, მოდით შევხედოთ სხვა კუთხით: თუ ვამბობთ იმას, რომ საქმეში მიზანმიმართულად ხდებოდა რეალური სურათის დაფარვა, დამნაშავეებზე ხელის დაფარება და ა.შ., სახეზე გვაქვს სამოხელეო დანაშაულიც, რომელიც უნდა იყოს გამოკვლეული, შესწავლილი და სხვათა შორის, რეკომენდაცია საგამოძიებო კომისიას ამაზეც ჰქონდა. ვიხილეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციებიც ამ კუთხით და მისი წერილიც გავრცელდა, რომ არ აძლევენ წვდომას სრულ მასალაზე, ვინაიდან ჩვენ ვიცით და არაერთხელ იყო განცხადებული, რომ ამ კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება და საქმის შესწავლა. ეს ნაწილიც არ უნდა დარჩეს დაფარული. ამ ნაწილს არ ეხება სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ნაწილიც არ უნდა დარჩეს დაფარული, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ამ საქმესთან კავშირში ყველა საქმე იყოს ცნობილი და ნათელი.

ეს შეიძლება ჩავთვალოთ მესამე ნაწილად ამ საქმის. ავიღოთ თუნდაც მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერები, რომლებმაც ბევრი კითხვის ნიშანი დაბადა და მისი სასჯელიც მიუახლოვდა იმას, რაც მან დააანონსა ამ ჩანაწერებში. ის სულ მალე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. არის თუ არა შესწავლილი ფარული ჩანაწერები? ამასთან, მისმა მონაწილეებმა დაადასტურეს ასეთი საუბრების არსებობა“.

ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ სრულფასოვან გამოძიებას წლები არ დასჭირდება და სინანულით ლაპარაკობს იმაზეც, რაც დროთა განმავლობაში გაფუჭდა:

„ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც თავის დროზე უნდა ჩატარებულიყო და არ ჩატარებულა, მათი აღდგენა თითქმის შეუძლებელია. განსაკუთრებით - სოციალური ქსელით ბავშვების მიწერა მნიშვნელოვანი იყო ცხელ კვალზე ამოღებულიყო. ეს მხოლოდ კომისიის მუშაობის შემდეგ იყო მოთხოვნილი და დღემდე ველოდებით ინფორმაციას. ამ ჩანაწერებს თეორიულად შეეძლო განსხვავებული პირების შემოყვანაც საქმეში“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG