Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქმეზე უკვე სხვა მოსამართლეა გამწესებული. ჩნდება შესაძლებლობა საქმის განხილვა დაიწყოს თავიდან"


ნესტან ლონდარიძე, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი
ნესტან ლონდარიძე, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი

ორი წელი შესრულდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდთა შორის ფიზიკური დაპირისპირებიდან, რომელსაც ორი მოზარდის - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ გრძელდება სასამართლო პროცესი -„2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე“, რომელშიც დაზარალებული მხარის - დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს იცავს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და მისი იურისტი ნესტან ლონდარიძე. 2 დეკემბერს რადიო თავისუფლების ეთერში ნესტან ლონდარიძემ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია მიმდინარე საქმეში, რომელიც გასცდა კონკრეტულ ოჯახებს და მთელი ქვეყნის პრობლემად იქცა:

„ძალიან მნიშვნელოვანია, საქმე იყოს მიყვანილი ბოლომდე ისე, რომ კითხვის ნიშნები არ არსებობდეს. ეს არის საქმე, რომელმაც მთლიანად გააშიშვლა საგამოძიებო სისტემა საქართველოში და ყველა მოქალაქემ დაინახა ის მანკიერი მხარე, რაც ამ სისტემას ახასიათებდა და ნდობის ის მცირე ხარისხი, რაც კი საზოგადოებაში არსებობდა, ამ საქმემ თითქმის მინიმუმამდე დაიყვანა“.

ახლა პროცესი მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. გასულ კვირაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა - შეიცვალა საქმის განმხილველი მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ნესტან ლონდარიძეს აღელვებს ის, რომ ეს შეიძლება გახდეს საქმის თავიდან დაწყების საფუძველი, თუკი ამას მოითხოვს ბრალდებულის დაცვის მხარე:

„3 დეკემბრისთვის არის გადადებული სასამართლო პროცესი. დაცვის მხარისთვის ვადა მიცემულია სწორედ ხვალამდე, რომ მათ წარმოადგინონ თავიანთი პოზიცია. თუ დაცვის მხარე აირჩევს პოზიციას, რომ თავიდან დავუბრუნდეთ საქმის განხილვას, მივიღებთ სურათს, რომ დაზიანდება საქმე. თუნდაც სწრაფი მართლმსაჯულება ამ საქმეზე უკვე ვეღარ იქნება მიღწეული და ბევრ პრობლემას წარმოშობს“.

ხორავას ქუჩაზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეს გიორგი არევაძე გაუძღვება, რომელიც სათადარიგო მოსამართლე იყო ამ საქმეზე და თვალყურს ადევნებდა მას. ნესტან ლონდარიძე თვლის, რომ სრულიად შესაძლებელია პროცესის გაგრძელება და გაუგებარია რას მოიტანს თუნდაც, უკვე დაკითხული მოწმეების თავიდან დაკითხვა. მოწმეების ჩვენებების ნაწილზე ნესტან ლონდარიძეს არაერთი კითხვა აქვს:

„ყოველთვის ვცდილობდი მომეწოდებინა ყველა იმ პირისთვის, ვინც საქმეში ჩართული იყო, რომ ეს იყო ბოლო შესაძლებლობა მიეცათ სწორი ჩვენება და ეთქვათ, რაც კი მათ იცოდნენ, სრული სიმართლე.

თუმცა, ვუსმენთ მხარეებს და ვხვდებით, რომ ნაწილობრივ არასწორ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს. თუნდაც, 51-ე სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი როცა ბრძანდებოდა სასამართლოში, მან მხარეების დახასიათების დროს (ვინმემ შეიძლება უმნიშვნელოდ ჩათვალოს ბავშვები როგორ დახასიათდებიან სასამართლო პროცესებზე, მაგრამ ეს ბევრის მანიშნებელია), მან კონფლიქტში მონაწილე პირებს მისცა დადებით დახასიათება და განსაკუთრებით იმ პირს, რომელიც იყო ინიციატორი ამ შეკრების და ვინც უზრუნველყო ხორავას ქუჩაზე თავისი ახლობლების მიყვანა და ე.წ. „ქქუჩური გარჩევა“ მოაწყო. სწორედ ამ არასრულწლოვანს მისცა დადებითი დახასიათება, რომ ის იყო გამორჩეული და თქვა, რომ არანაირი გადაცდომა არ ჰქონდა.

თუმცა, თუ გადავხედავთ საპარლამენტო კომისიის დასკვნის მე-40 გვერდს, იქ გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე სრულად წერია, რომ საპირფარეშოში მომხდარში მონაწილე 4 არასრულწლოვანს არაერთხელ მიუღია შენიშვნა/საყვედური. მათ ქმედებებში იყო მასწავლებლისთვის შეურაცხყოფის მიყენება, სკოლის თვითნებური დატოვება, მოსწავლეზე ფიზიკური ზემოქმედება, არაეთიკური ქცევა. ეს ის ჩამონათვალია, რისი დათოსთვის მიწერასაც ცდილობდნენ გარკვეული პირები. თუმცა, როცა საგამოძიებო კომისია ამ წერილობით მტკიცებულებებს სწავლობდა, არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა დათოს მიმართ. სამაგიეროდ, დაფიქსირდა საქმეში ჩართული პირების მიმართ. განსაკუთრებით ა.ს. გამოირჩეოდა“.

ნესტან ლონდარიძე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობას:

„რომ არა ეს საგამოძიებო კომისია, ძალიან ბევრ დეტალს ფარდა არ აეხდებოდა და დარჩებოდა დაფარული. რა რეკომენდაციაც კი ჰქონდა ამ კომისიას, სწორედ ის რეკომენდაცია გახდა შესასრულებელი და სასამართლომ სწორედ ამაზე მიუთითა“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი შენიშნავს, რომ თავდაპირველი გამოძიებისდროინდელი და მიმდინარე პროცესის ხარვეზების გამო, საქმის მნიშვნელოვანი დეტალები შეიძლება დაფარული დარჩეს:

“[მიხეილ კალანდიას გარდა] სხვა პირთა მიმართაც შესაძლებელი იქნებოდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დასმულიყო, რომ არა ის ხარვეზები, რომლებიც გამოძიებაში იყო მტკიცებულებათა მოპოვების ეტაპზე. არაერთხელ მითქვამს, რომ სოციალური ქსელით მიწერმოწერა არ იყო ამოღებული თავის დროზე და „ფეისბუკის“ ადმინისტრაციას მიემართა მხოლოდ მაშინ, როცა საგამოძიებო კომისიამ გაამახვილა ამაზე ყურადღება. დღეს მივიღეთ სურათი, რომ 1 დეკემბრის ჩანაწერები წაშლილია. ჩანს, რომ არსებობდა, თუმცა მითითებულია, რომ შიგთავსი წაშლილია...

ბევრი კითხვის ნიშანია ამაზეც, როგორ არის წაშლილი. დაზარალებულ მხარეს არ გააჩნდა არანაირი ბერკეტი ამის წაშლის და კითხვა - ვინ წაშალა ეს ინფორმაცია, არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

ნესტან ლონდარიძე კვლავაც აღნიშნავს, რომ ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბოლომდე აპირებენ მისდიონ სამოხელეო დანაშაულის გამოვლენის საქმეს:

„სამოხელეო დანაშაული არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ საქმეში და ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ გაჩერებას იქამდე, სანამ არ მივაღწევთ შედეგს ამ ნაწილშიც. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ამ საქმეზე დადგა ეს შედეგი სწორედ იმიტომ, რომ თავის დროზე არ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ამ არჩატარებასაც თავისი საფუძველი აქვს. რატომ არ ჩატარდა? ვისი ზემოქმედება იყო? არ ვთვლი, რომ ვიღაცას გამოცდილება არ ჰქონდა და იმიტომ. გარკვეული ზემოქმედება იყო. არ შეიძლება ეს დანაშაული დარჩეს ასე დასჯის გარეშე“.

ადვოკატი ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად თვლის იმ მოწმეების გამოჩენას, რომლებიც, მისი რწმენით, არსებობენ და ჯერაც არ უთქვამთ სათქმელი:

„მთლიანად ვართ დამყარებული მტკიცებულებებზე, რაც უკვე არის საქმეში წარმოდგენილი. ერთადერთი შესაძლებლობა არის მოწმეთა დაკითხვა და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც კი გაქვთ ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო შესაძლებლობა გაქვთ ამ სასამართლო პროცესზე, რომ ეს სიმართლე წარმოაჩინოთ და თქვათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი!“.

ზაზა სარალიძე კვლავაც თავს იკავებს საჯარო გამოსვლებისა და პროტესტის გამოხატვისგან. ნესტან ლონდარიძე განმარტავს:

„დაცვის მხარე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მიხეილ კალანდია არის პოლიტიკური პატიმარი. სწორედ ამ გარემოების გამოა, რომ ზაზა ცდილობს არ მისცეს ამას გარკვეული საფუძველი. ის მთლიანად განერიდა აქტიურ საპროტესტო გამოსვლებს, სანამ განაჩენი არ იქნება. სურს მოხსნას საფუძველი, რომ ვითომ გარკვეულ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე, საზოგადოებრიც აზრზე. მშვიდად ველოდებით და ვადევნებთ თვალყურს სასამართლო პროცესებს. ამის შემდეგ რა განვითარდება, დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG