Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოცა, წინდა, შეშის ფრაგმენტი, ნივთები ელისაშვილის ჩანთიდან - ტერორიზმის საქმეზე გამომძიებელს მოუსმინეს 

ალეკო ელისაშვილს პროკურატურის მოთხოვნით ისევ აკრძალული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, ოჯახის წევრებთან დარეკვა და წერილობითი კორესპონდენცია (ფოტოკოლაჟი).
ალეკო ელისაშვილს პროკურატურის მოთხოვნით ისევ აკრძალული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, ოჯახის წევრებთან დარეკვა და წერილობითი კორესპონდენცია (ფოტოკოლაჟი).

ტერორიზმის მცდელობაში ბრალდებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის სასამართლოზე დღეს, 14 მაისს, გამომძიებელმა იულონ კორძაიამ ისაუბრა. თავდაპირველად, მან გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო და მოგვიანებით პროკურატურამ ამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა.

„შემოვიდა შეტყობინება, რომ პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი აპირებდა სასამართლოს გადაწვას, გავემართე შემთხვევის ადგილზე“, - ასე დაიწყო ჩვენების მიცემა იულონ კორძაიამ, გამომძიებელმა ექვსწლიანი სტაჟით.

მან თანმიმდევრობით აღწერა ყველა ნაბიჯი, რაც შემთხვევის ადგილზე მისულმა გადადგა - დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზები, გამოკითხა ელისაშვილის დაკავების დროს დაშავებული მანდატური.

სასამართლოში მისულს მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი და ის სამი მანდატური დახვდათ, რომლებმაც პროკურატურის თქმით, პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი შებოჭეს, იარაღი წაართვეს და დააკავეს.

იულონ კორძაიას თქმით, შემთხვევის ადგილი დიდ ფართობზე იყო გაშლილი, დაზიანებული დახვდა კანცელარიის შენობის მარცხენა გარეთა მხარე, მოქალაქეების მისაღები სივრცე და საქმის მასალების გასაცნობი ოთახი.

„როდესაც მივედი, იატაკზე იდო იარაღი და ხელთათმანები. მაგიდებზე და იატაკზე დასხმული იყო, სავარაუდოდ, ბენზინი. ასევე, იქვე იყო დიდი ჩანთა, საიდანაც ბევრი ნივთი იქნა ამოღებული: რევოლვერი, მჭიდი, ხელთათმანები, სანთებელა, მცირე ჩანთა, სადაც შეშის ფრაგმენტები იყო ჩალაგებული. იქვე იდო ბენზინით სავსე ბოცები და ცარიელი ბოთლები. ასევე იყო წინდა, რომელშიც თმა იდო... იარაღი კი მთავარ ოთახში იყო იატაკზე მოთავსებული, რომელშიც იდო მჭიდი, მასში კი ტყვიები იყო მოთავსებული“, - გაიხსენა ილონ კორძაიამ.

მისი ვარაუდით, პატარა ჩანთაში ჩალაგებული ნივთები, „ლოგიკურად“ სწორედ ცეცხლის წაკიდების განზრახვას ადასტურებდა.

„პატარა ჩანთაში ნივთები ცალ-ცალკე იყო დალაგებული ლოგიკის მიხედვით, ისეთი ქსოვილის წინ იდო, ცეცხლი რომ ადვილად წაეკიდება“, - გამომძიებლის ეს ვარაუდი, ალეკო ელისაშვილის ადვოკატებმა გააპროტესტეს, თავად პოლიტიკოსმა კი გამომძიებელს „სიტყვების წარმოთქმისას მეტი დაკვირვებისკენ მოუწოდა“.

ასეთივე სადავო სიტყვად იქცა ბენზინის „ბოცა“, რომელიც გამომძიებელმა შემთხვევის ადგილის აღწერისას ახსენა.

მოსამართლე გიორგი გელაშვილის თქმით, ბოცა „მინიმუმ 20 ლიტრი ტევადობის ჭურჭელთან ასოცირდება“ და დაზუსტება მოითხოვა.

ბენზინის რაოდენობა მნიშვნელოვანი დეტალია დაცვის მხარისთვის, რადგან ისინი ცდილობენ მოსამართლეს დაუმტკიცონ, რომ ალეკო ელისაშვილს სასამართლოს გადაწვის განზრახვა არ ჰქონია და რომც ჰქონოდა, ამას „მცირე ოდენობის აალებადი ნივთიერებით ვერ მოახერხებდა“.

ადვოკატების შეფასებით, მოწმე „ვითარების გამუქებას ცდილობდა“ ამიტომ გამოიყენა „ბოცა“ ბოთლის ნაცვლად და „ივარაუდა, რომ შეშის ნატეხები და წინდა“ პოლიტიკოსს ცეცხლის წასაკიდებლად უნდოდა.

საქმის მასალების თანახმად, შემთხვევის ადგილას მისულ პოლიციას სამი - ლიტრ-ნახევრიანი პლასტმასის ბოთლი დახვდა, საიდანაც სამი ლიტრი უკვე დაღვრილი იყო.

ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა გამომძიებელს ჰკითხა, მიაჩნდა, თუ არა არასწორ კვალიფიკაციად მუხლი [სხვისი ნივთის დაზიანება], რომლითაც თავდაპირველად გამოძიება დაიწყო.

„არასწორი კვალიფიკაცია არ იყო, გამოძიება იწყება იმის მიხედვით, რაც გვქონდა სახეზე, სახეზე კი გვქონდა დაკავებული ალეკო ელისაშვილი, რომელიც ცეცხლის გაჩენას ცდილობდა და თან ჰქონდა შესაბამისი ნივთები... შემდგომ გამოძიება იმისთვის არსებობს, რომ მუხლი დაზუსტდეს ან შეიცვალოს, ან არა. პროკურატურასთან მუხლთან დაკავშირებით საუბარი არ მქონია“.

პოლიტიკოსის ადვოკატები ტერორიზმის კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ სხვისი ნივთის დაზიანებით დაწყებული გამოძიება ტერორიზმის მცდელობის მუხლით, მას შემდეგ დაამძიმა, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პოლიტიკურ განცხადებებში ალეკო ელისაშვილის ქმედება ტერორიზმად მოიხსენიეს.

2025 წლის 29 ნოემბერს სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა: „ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში“.

აქედან ორ დღეში პოლიტიკოსს პატიმრობა შეუფარდეს.

მთავარ გამომძიებელს შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეომტკიცებულებებზეც ჰკითხეს, საიდანაც, დაცვის მხარის მტკიცებით, ელისაშვილის სახიდან ნიღბის მოხსნის ეპიზოდია ამოჭრილი. ვიდეო სასამართლოს სათვალთვალო კამერები ჩანაწერია.

გამომძიებლის თქმით, ვიდეოს შინაარს არ იცნობს, რადგან სხვა გამომძიებელმა შეისწავლა.

ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი ვარაუდობს, რომ პროკურატურამ მიზანმიმართულად დაამახინჯა ვიდეოკამერის ჩანაწერები და ამოჭრა ეპიზოდი, სადაც გამოჩნდებოდა „როგორ გაუსწორდნენ მანდატურები ფიზიკურად პოლიტიკოსს“.

პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი ბრალდებებს უარყოფს და კითხვაზე, რატომ არ მიიჩნიეს მნიშვნელოვნად ნიღბიანი უცნობის სახიდან ნიღბის მოხსნის ეპიზოდი, ასე პასუხობს:

„ამ საქმეზე ნებისმიერი მტკიცებულება მოპოვებულია კანონის ზედმიწევნით დაცვით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, და ნებისმიერი კადრია იმგვარი, რომ ობიექტური დამკვირვებელი ვერ გააკეთებს შეფასებას, რაიმე ჩარევაზე… ვიდეოჩანაწერში ასახულია, როგორ ჩაიდინა დანაშაული ალეკო ელისაშვილმა, სხვა კადრები მე არ მაქვს ნანახი… ნიღბის მოხსნის კადრში, არ ვიცი, რას გულისხმობთ… ელისაშვილის იდენტიფიცირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოახდინეს და კითხვის ნიშანი აღარ იყო, ვინ იდგა ნიღაბს მიღმა“.

მისივე თქმით, მათ ვიდეოჩანაწერების სრული ვერსია მოიპოვეს და საპასუხოდ, სვამს კითხვას: დაცვის მხარემ რატომ არ გამოითხოვა ჩანაწერები?

გამომძიებლის დაკითხვის შემდეგ პოლიტიკოსმა სიტყვა მოითხოვა, რის უფლებასაც მოსამართლე გიორგი გელაშვილი ზედიზედ მეორე სასამართლო სხდომაა, არ აძლევს.

„რატომ არ მალაპარაკებთ? რატომ არ მაძლევთ სიტყვის თქმის უფლებას? პროკურორს მინდა ვკითხო, ზაქარია ჩოხელი რატომ არ არის დაკავებული, რომელიც მონაწილეობდა ჩემს წამებაში? - ბარემ დამხვრიტეთ პირდაპირ, მაინც იმას გააკეთებ, რასაც გეტყვიან, ჩამომახრჩვეთ ბარემ“, - თქვა ბრალდებულმა პოლიტიკოსმა იმ დროს, როცა ბადრაგი ხელბორკილს ადებდა და, მოსამართლის მოთხოვნის შესაბამისად. დარბაზიდან გაჰყავდა.

ალეკო ელისაშვილს პოლიციამ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციების მიმდინარეობისას, 2024 წლის პირველ მაისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სცემა. პოლიტიკოსს ძალადობის კვალი ეტყობოდა სახეზე და სხეულზეც. ამ საქმეზე ვინმეს დაკავების შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

„ნუ სარგებლობთ იმით, რომ ხმას არ ვიღებ“, - გაისმა მოსამართლის პასუხი.

პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს „ტერორიზმს“, უფრო ზუსტად კი, ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. გამოძიების თანახმად, მან სასამართლოს შენობის დაწვა სცადა და ამ მიზნით, 30 ნოემბრის შაბათ დილას, 04:00 საათისთვის, შენობასთან მივიდა „ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული“, ჩაამტვრია შუშა, შევიდა შენობაში, მოასხა საწვავი, ცეცხლის წაკიდებაში კი ხელი მანდატურებმა შეუშალეს.

პროკურატურის თანახმად, ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე ელისაშვილი მას „თავს დაესხა და დაუწყო ცემა“;

პროკურატურა ამბობს, რომ სამი მანდატური ცდილობდა ელისაშვილის „განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას“.

„თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას“, - წერია 30 ნოემბერს პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ალეკო ელისაშვილს პროკურატურის მოთხოვნით ისევ აკრძალული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, ოჯახის წევრებთან დარეკვა და წერილობითი კორესპონდენცია.

ტერორიზმში ბრალდებული ელისაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:29 0:00
კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG