Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვარაცხელიას საქმეზე გამოჰკითხეს დაპატიმრებული პოლიციელი, რომელიც ამბობს, რომ „კილერები“ პირველმა გამოჰკითხა

ადვოკატი ამბობს, რაზე ესაუბრა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი გამომძიებლებს - თუმცა დეტალები ჯერ არ საჯაროვდება.
ადვოკატი ამბობს, რაზე ესაუბრა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი გამომძიებლებს - თუმცა დეტალები ჯერ არ საჯაროვდება.

მას შემდეგ, რაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით ძმებ კაკულიებსა და ბესარიონ ჟვანიას ბრალი წაუყენეს, პატიმრობაში მყოფმა პოლიციის ყოფილმა ჩინოსანმა თქვა, რომ ამ საქმეზე აქამდე უცნობი დეტალები იცის - დღეს იგი გამომძიებლებმა გამოჰკითხეს.

საუბარია წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსზე, დიმიტრი ქვაჭრელიშვილზე, - რომელიც 2024 წლის 26 იანვარს დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით.

ქვაჭრელიშვილი ამბობდა, რომ მისი საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და გავლენიანი პირების ინტერესებს, მათ შორის, სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება.

რა როლი აქვს ქვაჭრელიშვილს ამ საქმეში?

დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის „ადამიანი, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილეები - ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე - დააკავა“.

ეს ინფორმაცია ჯერ საგამოძიებო უწყებას არ დაუდასტურებია.

  • ალეკო (აკო) ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ბრალდებით 16 და 17 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი;
  • 17 თებერვალს გამოძიებამ ოფიციალურად დაასახელა მკვლელობის შემკვეთებად ძმები დავით და გურამ (გუგა) კაკულიები და მათი მეგობარი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია. კაკულიები 2001 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას შვილები არიან, ბუსა ჟვანია კი - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟი.

ადვოკატ მიგინეიშვილის თქმით, ქვაჭრელიშვილი იყო ის, ვინც „პირველი გაესაუბრა [ჭელიძე-კავილაძეს] და მოისმინა ისტორია: ინფორმაცია დანაშაულში მონაწილე პირების შესახებ, გარემოებები, რომლებიც ობიექტური გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი“.

რა უთხრა ქვაჭრელიშვილმა გამოძიებას?

19 თებერვალს მიგინეიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მათ არ დაჰკავშირებია. მან თქვა, რომ პარასკევს, 20 თებერვალს, დღის ბოლომდე აძლევდა ვადას გამომძიებლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „კონკრეტულ პირთა სახელებისა და გვარების გახმაურებით“ დაიმუქრა.

ქვაჭრელიშვილი პარასკევს, 20 თებერვალს, საპატიმროში გამოჰკითხეს სამართალდამცავებმა. პროცესი, ადვოკატის თქმით, რამდენიმე საათს გაგრძელდა.

მიგინეიშვილის თანახმად, გამოკითხვის შედეგად გამოძიებას აქვს შემდეგი ინფორმაცია:

  • „მკვლელების მიერ მოყოლილი სრული ისტორიის შესახებ.
  • ლოკაციები, სადაც მკვლელობაში მსჯავრდებულები იმყოფებოდნენ.
  • ტერიტორია, სადაც მკვლელობა იგეგმებოდა.
  • სახელები და გვარები ყოფილი და ამჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ წყნეთის პოლიციაში საათების განმავლობაში.
  • საუბრების შინაარსი, რომელსაც ისმენდა დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მაღალი თანამდებობის პირებისგან.
  • დამატებით ფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის“.

თუმცა მას ეს ყველაფერი არ დაუზუსტებია. უცნობია, როგორ უყურებს პროკურატურა ქვაჭრელიშვილის მონათხრობს.

„იმ ადამიანების სახელებისა და გვარების ხსენება, რომლებიც ჯერ კიდევ არიან მაღალ თანამდებობებზე, არ არის უსაფრთხო“, - წერს ქვაჭრელიშვილი საზოგადოებისთვის გამოგზავნილ წერილში.

იქვე დასძენს, რომ ამის მიუხედავად, „ხალხის მხარდაჭერის და ობიექტური გამოძიების“ იმედი აქვს.

რას ამბობს კვარაცხელიას დედა?

„მადლობა ბატონ დიმიტრის, რომ რისი გაგებაც გვინდოდა ყველაფერი თქვა, ასეც მჯეროდა, რომ იტყოდა“, - დაწერა ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ, ფეისბუკზე.

ქვაჭრელიშვილის წერილთან დაკავშირებით მან ასევე დაწერა, რომ სჯერა, მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე კარგად იზრუნებენ.

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან, რომელთაც დამიდასტურეს მზაობა, რომ ყველა დამნაშავე შესაბამისად კანონისა დაისჯება“.

რა არის სიახლე კვარაცხელიას საქმეზე?

სოციალური მედიის კომპანია „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს მოკლეს.

ხუთ-ნახევარი წლის შემდეგ, 2026 წლის 17 თებერვალს, პროკურატურამ განაცხადა, რომ მკვლელობა 2021 წელს ძმებ დავით და გურამ (გუგა) კაკულიებისა და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ორგანიზებული იყო.

მკვლელობის ორგანიზების ბრალდება წაუყენეს სხვა კრიმინალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფ ძმებ კაკულიებს და დაუსწრებლად წაუყენეს მათს მეგობარს, ბუსა ჟვანიას.

სამივენი უარყოფენ ბრალდებას. ჟვანიას დედა ბრალს „სრულიად მიუღებელს“ უწოდებს. ბუსა ჟვანია საზღვარგარეთაა და ამჟამად უკვე იძებნება.

ნიკო კვარაცხელიას საქმის პროკურორი იყო გიორგი შაიშმელაშვილი, - რომელიც ასევე იყო „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორი.

ჯანგველაძის საქმის ორგანიზების ბრალდებით ყოფილ გენერალურ პროკურორს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს, აქვს დაუსწრებლად ბრალი წარდგენილი. ის ბრალდებას უარყოფს.

ჟვანია-კაკულიების ოფიციალურად დადანაშაულების შემდეგ, ნიკო კვარაცხელიას დედამ განაცხადა, რომ გაუგებარია, რატომ დასჭირდა სახელმწიფოს 5 წელი ამ დასკვნის გასაკეთებლად.

ის ამბობს, რომ აქვს „გარკვეული ფაქტები“ დანაშაულის „მფარველზე“:

„მაქვს გარკვეული არგუმენტები, მაქვს გარკვეული ფაქტები, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ მკვლელობის მფარველი. მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი“, - განაცხადა მან "ტვ პირველთან".

„ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში ვებრძოდით ცხრათავიან დევს. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ცხრათავიან დევს ორი თავი წავაცალეთ. ყველა თავი დასცვივდება გველეშაპს“, - თქვა მან.

ვინ არის ქვაჭრელიშვილი?

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი არის წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც თავის მოადგილესთან, ამირან ნაჭყებიასთან ერთად უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს.

„გამწირეს“, - ასე ამბობს პოლიციის ყოფილი უფროსი. მართალია „მცირე გადაცდომები მქონდა“, თუმცა რომ არა „გავლენიანი პირების ფარული ინტერესები“, ვერავინ დამაკავებდაო, - ციტირებდა მას რადიო თავისუფლება 2025 წლის ნოემბერში.

„როცა პროკურატურას დახმარება სჭირდებოდა, ისეთი საქმეები გამიკეთებია მე და ჩემს თანამშრომლებს, რომ დასაჭერად შესაძლოა მქონოდა მომავალში საქმე“, - უთხრა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა გამოძიებას.

ქვაჭრელიშვილის მტკიცებით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მასთან, მინდობილობებით ხელში, მივიდოდა ოთარ ფარცხალაძის შვილი, რომელიც მამის იარაღებს გადაიფორმებდა.

ქვაჭრელიშვილის თქმით, შეიტყო, რომ საუბარი იყო სულ 35 ცეცხლსასროლ იარაღზე, საიდანაც ხუთი დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა იარაღები ამ დეტალის შეუმჩნევლად უნდა გადაფორმებულიყო.

„მე ვუთხარი, კაცი დასანქცირებულია... შეიძლება იმ იარაღით დანაშაული იყოს მომხდარი და გამოძიების გარეშე რომ გადავაფორმო, მეც დამნაშავე გამოვდივარ-მეთქი...არაო, ეს არ უნდა გააკეთოო“, - ამბობს ქვაჭრელიშვილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG