Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუსა ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს - მას ბრალი ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ედება

ბუსა ჟვანია
ბუსა ჟვანია

ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალი ედება კომპანია „ფიდსის“ დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში.

როგორც წესი, დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება.

პატიმრობის მოთხოვნის დასასაბუთებლად საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა თქვა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ბუსა ჟვანია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახალი გათავისუფლებული იყო და ნასამართლობა მოხსნილი არ ჰქონდა.

პროკურატურამ დღევანდელ, 18 თებერვლის, სხდომაზე მოითხოვა ძმებ დავით და გურამ კაკულიებისთვის წინასასამართლო სხდომის განსაზღვრაც - ისინი უკვე იმყოფებოდნენ პატიმრობაში. მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა, სხდომა 8 აპრილს დაინიშნა.

ძმები კაკულიები ბრალს არ ეთანხმებიან

ძმები კაკულიები წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ და იმედი აქვთ, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება.

„კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გაიგებს ამას და სარჩელს გაიტანს“, - როგორც „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოზე დამსწრე პირებს ბრალდებულმა დავით კაკულიამ, რომელიც დისტანციურად ერთვებოდა.

ვინ არის ბუსა ჟვანია

ბუსა ჟვანია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ვაჟია. ის მეგობრობს ნიკო კვარაცხელიას საქმეში ბრალდებულის სტატუსის მქონე ძმებ კაკულიებთან. ამას ადასტურებს დედამისი ნინო ქადაგიძეც. თუმცა ბრალდება მისთვის „სრულიად მიუღებელია“.

ჟვანიას როლი

გამოძიების ვერსიით, ბუსა ჟვანიამ „დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება“ და ამ მიზნით დაუკავშირდა თავის ნაცნობებს, ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს.

  • ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდადებულები სწორედ ჭელიძე და კაველაძე არიან.
  • ჭელიძეს 17 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, კავილაძეს კი - 16 წლით პატიმრობა.

პროკურატურის თანახმად, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე „ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ“, რათა იქ ძმებ კაკულიებს შეხვედროდნენ.

გამოძიების ვერსიითვე, სომხეთში გაიცა „მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელი მითითებები“.

ნიკო კვარაცხელიას დედის ვერსია

მოკლული კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე, წლებია აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობას ჰყავდა დამკვეთი. ძმები კაკულიების სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავების შემდეგ მან თქვა, რომ „დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები“.

პროკურატურამ ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას საქმესთან გუშინ, 17 თებერვალს, დააკავშირა.

„მადლობა ღმერთს და თქვენ, ჩემო მეგობრებო. არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით“, - დაწერა პროკურატურის განცხადების მოსმენის შემდეგ იზა ომაძემ ფეისბუკში.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა

2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16:20 საათზე თბილისის ცენტრში, ფიქრის გორაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელია მოკლეს.

პროკურატურის ვერსიით, ძმებმა კაკულიებმა 2021 წლის „სექტემბრის დასაწყისში“ „უკანონოდ გადმოკვეთეს“ საქართველოს საზღვარი, რაზეც ჟვანიაც ფლობდა ინფორმაციას.

გამოძიების ვერსიითვე, ჟვანიამ ისინი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, საკუთარი ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. პროკურორის მტკიცებით, „აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე“.

პროკურატურის ინფორმაციით:

  • ჭელიძემ და კავილაძემ შეიძინეს პისტოლეტი და ვაზნები;
  • დაადგინეს ნიკო კვარაცხელიას სახლის მისამართი და „ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს“.
  • მკვლელობამდე ერთი დღით ადრე კი იქირავეს „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილი;
  • „ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას.
  • ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა“.
  • შემდეგ ორივენი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ნიკო კვარაცხელია მიყენებული მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG