Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის ორი წლისთავი - ნიშნავს თუ არა უკრაინის გამარჯვება რუსეთის დამარცხებას?


უკრაინაში რუსეთის ომის ორი წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისში, სასტუმრო სტამბა. 23 თებერვალი, 2024 წელი.
უკრაინაში რუსეთის ომის ორი წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისში, სასტუმრო სტამბა. 23 თებერვალი, 2024 წელი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე, როცა ფრონტის ხაზი თითქმის არ იცვლება და უკრაინა საბრძოლო მასალების მწვავე დეფიციტს უჩივის, დასავლელი პარტნიორები ახლებური და მეტი დახმარების საჭიროებაზე მსჯელობენ.

უკრაინის აწმყოსა და მომავალზე, 23 თებერვალს, თბილისში გამართულ კონფერენციაზე, აშშ-ის, ევროკავშირისა და ექვსი ევროპული ქვეყნის ელჩები ლაპარაკობდნენ.

ნათელი და ერთიანია პოზიცია, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს რუსეთთან ომში, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი პასუხი შეკითხვაზე - რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის და უნდა დამარცხდეს თუ არა რუსეთი უკრაინასთან ომში.

უკრაინაში რუსეთის ომის ორი წლისთავთან დაკავშირებული დისკუსია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის (რონდელის ფონდი) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

„პუტინის შეტევა, 2022 წლის თებერვალში, მიზნად ისახავდა უკრაინის სახელმწიფოს განადგურებას დღეებისა და კვირების განმავლობაში. მაგრამ ორი წლის შემდეგ, უკრაინა კვლავ რჩება მედეგი, დგას ფეხზე და იბრძვის“, - მიმართა შეხვედრის მონაწილეებს უკრაინის დროებითი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ოლექსანდრ შულჰამ და თქვა ასევე, რომ „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლა ოკუპირებული ტერიტორიის ნახევარზე მეტი“, „გაანადგურა 390 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი“ და „გაარღვია რუსეთის ბლოკადა შავ ზღვაზე“, - ეს ყველაფერი კი უკრაინის მოკავშირეების გლობალური კოალიციის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი.

„გამძლეობა და სამხედრო დახმარება“ - უკრაინელი დიპლომატი ომში გამარჯვების ორ ძირითად ფაქტორს ასახელებს და რადგან პუტინი ომის შეწყვეტას არ აპირებს და მასთან საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია, „აგრესორი უნდა დამარცხდეს“.

უკრაინის საელჩოს ინფორმაციით:

  • ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინისკენ ისროლა 7500-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის - 900 ბალისტიკური რაკეტა და 3800-მეტი კამიკაძე-დრონი - „შაჰიდი“;
  • ჯერ მხოლოდ 2023 წელს, უკრაინაში 600-ზე მეტი საჰაერო განგაში გამოცხადდა.

„ერთობა“, „კოორდინაცია“, „მეტი დახმარება“ - ეს სიტყვები ხშირად ისმოდა დისკუსიის მონაწილე ამერიკელი და ევროპელი ელჩების გამოსვლებში.

დიპლომატები ხაზს უსვამდნენ, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარი დემოკრატიისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის არ იბრძვის, ხოლო რუსეთი ახალ-ახალი მეთოდებით ცდილობს მოკავშირეების ერთმანეთისგან გათიშვასა და, სამხედრო იარაღის პარალელურად, დეზინფორმაციის იარაღის გამოყენებას.

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი
აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი

„უკრაინამ და უკრაინელებმა უჩვენეს მსოფლიოს, რა უნდა გააკეთო, როცა თავისუფლებისთვის იბრძვი“, - თქვა შეხვედრაზე აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა.

50-ზე მეტი ქვეყნისგან შემდგარმა მხარდამჭერთა კოალიციამ უკრაინას ათობით მილიარდი დოლარის დახმარება უკვე აღმოუჩინა, აქედან 75 მილიარდი - აშშ-ის სათვალავზე მოდის.

ელჩი დანიგანი აღნიშნავს, რომ აშშ-ში უკრაინის მიმართ შენარჩუნებულია „მეტად ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა“ და, შესაბამისად, დიდი იმედი აქვს, რომ აშშ-ის კონგრესი საბოლოოდ მაინც დაამტკიცებს თვეების განმავლობაში გაჭიანურებულ დახმარებას [60 მილიარდ დოლარზე მეტს], რაც უკრაინელებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში - პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უკრაინას 90 მილიარდი ევროს დახმარება გაუწიეს - საიდანაც 28 მილიარდი სამხედრო დახმარებაა. ამას ემატება მიმდინარე თვეში დამტკიცებული 50 მილიარდი ევრო, რომლის ათვისება 2027 წლამდე უნდა მოხდეს.

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი

„როგორც ვიცით, სამხედრო ვითარება უკიდურესად რთულია და უნდა გაიზარდოს სამხედრო დახმარების მასშტაბი“, - ელჩი ჰერჩინსკის ჩამონათვალშია ტანკები, შორი მოქმედების რაკეტები, დრონები, სხვადასხვა სახის ამუნიცია.

ტრადიციულად, თავიანთ გამონათქვამებში უფრო კატეგორიულები იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელი ელჩები.

ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ გაიხსენა, ომის დასაწყისში, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ნათქვამი სიტყვები - „არ მინდა ქვეყნიდან გამგზავრება, მინდა ამუნიცია“, - და დასძინა, რომ ახლაც, ომის ორი წლის თავზე, საბრძოლო მასალები უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება.

ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა
ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა

„გასული წლის ივნისის შემდეგ, ჩვენ გვქონდა რუსული გაზის, ნავთობისა და ელექტროენერგიის 0% და მზად ვართ იმავე საფასურის გადახდისთვის. ჩვენ ვცდილობთ შევაჩეროთ რუსეთის აგრესია, თუკი ეს შესაძლებელია და ვიდრე გვიანი არ არის“, - ამბობს ლიეტუვის ელჩი.

ჩეხეთის ელჩმა - პეტრ კუბერნატმა განაცხადა, რომ „თუკი რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, რუსეთის სამხედრო მანქანა არ გაჩერდება და უფრო გაძლიერდება“ და „ასეთ შემთხვევაში, დასავლეთის საფასური შეუდარებლად მაღალი იქნება, ვიდრე ამჟამინდელი დახმარება უკრაინის მიმართ“.

მისი შეფასებით, უკრაინის დახმარება წარმოადგენს ინვესტიციას ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოებაში.

ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი
ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი

დასავლეთის მიზანი

ნათელი და ერთიანია პოზიცია, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს რუსეთთან ომში, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი პასუხი შეკითხვაზე - რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის და უნდა დამარცხდეს თუ არა რუსეთი ამ ომში.

უკრაინის გამარჯვება, ელჩების თვალთახედვით, შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

  • ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა, 1991 წლის საზღვრებში - ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით;
  • რუსეთის მიერ პასუხისგება უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე;
  • რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინის დანგრეული ნაწილის აღდგენისთვის.

„შეკითხვა შეეხება ომის დასასრულის გაგებას, მშვიდობისა და უკრაინის თავისუფლების გაგებას. არის ამაზე კონსენსუსი?

რაში დებს ინვესტიციას დასავლეთი დღეს - არის ეს უკრაინის დახმარება მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს თუ დაამარცხოს რუსეთი?“ - რადიო თავისუფლების მიერ დასმულ შეკითხვას ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა უპასუხეს.

ევროკავშირის ელჩმა კონფერენციის მონაწილეებს პირადი პოზიციაც გაუზიარა.

„თქვენ მიერ წამოწეული საკითხი კვლავ დისკუსიების, უნდა ვაღიარო - ცხარე დისკუსიების საგანს წარმოადგენს. მაშინ, როცა ყველანი ვთანხმდებით, რომ ომი უნდა დასრულდეს უკრაინის გამარჯვებით და ყველას გვესმის, რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება...

მაგრამ საკითხი - რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის - ვფიქრობ, კვლავ ღიაა, ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისთვის ეს ღია საკითხია.

პირადად მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინის გამარჯვება ავტომატურად უნდა გულისხმობდეს რუსეთის დამარცხებას ისე, როგორიც იყო ნაცისტური გერმანიის დამარცხება 1945 წელს - არავის სურს მოსკოვში რაიმე დროშის დაკიდება და მკვდარი პუტინის ნახვა.

რასაც ჩვენ გვინდა, რომ მივაღწიოთ, ეს არის: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა, 1991 წლის საზღვრებში - რაც, რა თქმა უნდა, მოიცავს ყირიმსაც; მინიმუმ, უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში - ამ ეტაპზე მაინც, უფრო შორს წასვლა არ გვსურს“.

ევროკავშირის ელჩს დაეთანხმა აშშ-ის ელჩი - რობინ დანიგანი და თავის მხრივ დაამატა, რომ რუსეთს ძალის ხელახლა მოკრების საშუალება არ უნდა მიეცეს.

„ამ ომის დასრულება დღეს ერთ ადამიანს შეუძლია და ეს არის პრეზიდენტი პუტინი. მას შეეძლო მიეღო ეს გადაწყვეტილება დღეს და დაესრულებინა ეს ომი, მაგრამ ამას არ აკეთებს.

ჩვენ ვიცით, როგორ გამოიყურება მშვიდობა უკრაინისთვის, მაგრამ როგორ გამოიყურება იგი რუსეთისთვის?!

მე ვიტყოდი, რომ უკრაინისთვის მშვიდობა უნდა მოიცავდეს ისეთ ელემენტს - რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს გადაჯგუფება, გადაიარაღება და იმავეს გაკეთება ერთ წელიწადში, 5 წელიწადში, 10 წელიწადში.

ასევე უკრაინის მშვიდობის საკვანძო საკითხია, რომ რუსეთმა გადაიხადოს თავისი დანაშაულებისთვის და უკრაინის განადგურებული ნაწილების აღდგენისთვის", - განაცხადა ელჩმა დანიგანმა.

დიპლომატი ასევე ამატებს, რომ ყველამ უნდა გააგრძელოს "ინვესტირება იმაში, რომ, როცა უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინელებს ჰქონდეთ ქვეყანა, რომლისთვისაც ღირდა ბრძოლა". ფული უნდა ჩაიდოს რეფორმების მხარდაჭერაშიც, რომლებსაც უკრაინის მთავრობა ახორციელებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG