Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელიანტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში ჩამოდის


ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა, 82 წლის პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი თბილისში ჩამოდის. მწერალი საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერვანტესის ფონდის მოწვევით ჩამოდის. ვიზიტის მიზანი და დეტალები ცნობილი გახდება პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართება სასტუმრო "რუმსში", 24 იანვარს.

"კითხვა ხუთი წლისამ ვისწავლე. არაფერი ამაზე განსაკუთრებული, ჩემს ცხოვრებაში აღარ მომხდარა"...

მარიო ვარგას ლიოსა

ცოცხალი კლასიკოსის მცირე ბიოგრაფიული დეტალები

მარიო ვარგას ლიოსა 1936 წელს დაიბადა პერუში, ქალაქ კოჩაბამბაში. მოგვიანებით მშობლებთან ერთად ის პერუს დედაქალაქ ლიმაში დასახლდა და მამის დაჟინებული თხოვნით სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა. თუმცა, სწავლა მიატოვა და ერთ-ერთ პროვინციულ გაზეთში „La Industria“ ჟურნალისტად დაიწყო.

1953 წელს ლიოსა აბარებს ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სან-მარკოს უნივერსიტეტში, თუმცა, მადრიდის უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვების შემდეგ, ევროპაში მიდის და იცავს დისერტაციას რუბენ დარიოს შემოქმედების შესახებ.

1960 წელს ლიოსა პარიზში გადადის საცხოვრებლად და უმეგობრდება არგენტინელ პოეტსა და მწერალს, ხულიო კორტასარს. პარალელურად რადიოსა და ტელევიზიაში ჟურნალისტად იწყებს მუშაობას.

მარიო ვარგას ლიოსა ახალგაზრდობაში კასტროს რეჟიმის მხარდამჭერი იყო, თუმცა, კომუნისტურმა იდეებმა მას ნელ-ნელა იმედები გაუცრუა. 1971 წელს ლიოსა იცავს დისერტაციას გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედების შესახებ, რომელთანაც შემდგომ არაერთხელ მოუწია ოპონირება როგორც პოლიტიკურ ისე ლიტერატურულ საკითხებში. ორ კლასიკოსს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ 1976 წელს, ლიოსამ მარკესს ჟურნალისტების თანდასწრებით სილა გააწნა. მათ შორის გაჩენილმა ყინულმა მხოლოდ 2007 წელს დაიწყო დნობა.

1975 ლიოსა საერთაშორისო პენ-კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. სამ წელში ის პერუში დაბრუნდა, თუმცა, კვლავაც აგრძელებდა მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო.

80-იან წლებში ლიოსა აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში და 1990 წელს გახდა პერუს პრეზიდენტობის კანდიდატი. არჩევნების პირველ ტურში მან ამომრჩეველთა ხმების 34% დააგროვა. თუმცა, მეორე ტურში დამარცხდა ინჟინერ-აგრონომთან ალბერტო ფუხიმორისთან, პერუს მომავალ დიქტატორთან. ამ მარცხის შემდეგ ლიოსამ დატოვა პერუ და ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. არჩევნების გამოცდილების შესახებ მან დაწერა თავის რომანში „თევზი წყალში“.

ლიოსა 10-ზე მეტი რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს ლიოსას გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ლიოსას პირველივე რომანმა, „ქალაქი და ძაღლები“, რომელიც 1963 წელს გამოიცა, ცხადი გახადა, რომ ლიოსა უდიდეს პოპულარობას მოიპოვებდა ახალგაზრდა ინტელექტუალებში. რომანი დაფუძნებულია მწერლის რეალურ შთაბეჭდილებებზე, რომელიც მას სამხედრო სასწავლებელში ყოფნისას დაუგროვდა. რომანში აღწერილია ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებლის კადეტების სასტიკი და წინააღმდეგობებით სავსე ყოფა. რომანის ეკრანიზაცია გადაიღეს ამერიკასა და საბჭოთა კავშირში. წიგნი პერუში მალევე აიკრძალა.

ლიოსას ქართული თარგმანები

„ქალაქი და ძაღლები“ ქართულ ენაზე 2017 წელს, გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ „ინტელექტია“ მარიო ვარგას ლიოსას მთავარი ქართული გამომცემლობა.

ქართველ მკითხველში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლიოსას რომანი „ცუდი გოგოს ოინები“. რომანში მწერალი მოგვითხრობს ქალისა და მამაკაცის რთული, წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობების შესახებ, რომელიც ადრეულ სიყმაწვილეში იწყება და თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში სდევს პერსონაჟებს. რომანის გმირების მღელვარე ცხოვრება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის პარალელურად ვითარდება. წიგნს ვრცელი გეოგრაფია აქვს – ლიმა, პარიზი, ლონდონი, ტოკიო, მადრიდი.

გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა ლიოსას კიდევ ორი გახმაურებული რომანი „ვაცის ნადიმი“ და „ხუთი კუთხე“.

კიდევ ერთი რომანი „დეიდა ხულია და სცენარისტი“ 2013 წელს გამოსცა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“. "დეიდა ხულია" ავტორის ბიოგრაფიულ მომენტებზე დაფუძნებული რომანია.

მარიო ვარგას ლიოსას ცხოვრების წესები

გამოცემა „ესქუაერი “ (esquire), 2012

მოზარდებისთვის დამახასიათებელი თავდაუჯერებლობა ჩემი ცხოვრების ჩვეული მდგომარეობაა

მე ვწერ იმიტომ, რომ უბედური ვარ. წერა ნიშნავს ბედნიერებისთვის ბრძოლას.

მწერალი, რომელიც კაპიტალიზმს იცავს და კუბურ რეჟიმს აკრიტიკებს? დარწმუნებული ვიყავი, რომ ნობელის პრემიას არ მომცემდნენ.

ვფიქრობდი, რომ ნიუ-იოკში სიმშვიდე იქნებოდა. მინდოდა რამდენიმე ლექციის წაკითხვა, დასვენება, თეატრში წასვლა, მუზეუმების დათვალიერება. და უცებ - ნობელის პრემია.

იმისათვის, რომ ნამდვილად შეიტყო, ლამაზია თუ არა ქალი, უნდა ნახო, როგორ იღვიძებს დილით. მწერლებთან კი ყველაფერი სხვანაირადაა. მწერალს რომ გაუგო, ის აუდიტორიის, ჟურნალისტებისა და თაყვანისმცემლების გარემოცვაში უნდა ნახო.

გულის სიღრმეში მწერალმა არასდროს იცის, გაიმარჯვა თუ წააგო.

არიან მწერლები, რომლებიც ნაადრევად დუმდებიან. ალბათ ისინი რაღაც შეთანხმებას დებენ სამყაროსთან. მე ასე ვერ ვიზამ.

კითხვა ხუთი წლისამ ვისწავლე. არაფერი ამაზე განსაკუთრებული, ჩემს ცხოვრებაში აღარ მომხდარა.

მამა პირველად ათი წლისამ ვნახე. ერთადერთი ემოცია, რომელიც მასთან მაკავშირებდა, იყო შიში. ის ჩემი ლიტერატურული ცდების წინააღმდეგი იყო.

მე ყოველთვის ვიყავი ჩართული პოლიტიკაში, მაგრამ როგორც ინტელექტუალი. 80-იანების ბოლოს გადავწყვიტე, რომ დრო იყო თეორიებიდან პრაქტიკაში გადავსულიყავი. ეს იყო შეცდომა.

დიქტატორები გაუნათლებელი ჩინოვნიკები არიან. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ლიტერატურა შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ქვეყნებში, სადაც ინფორმაციისადმი წვდომა შეზღუდულია, ლიტერატურას უდიდესი როლის შესრულება შეუძლია.

პოლიტიკაში ვისწავლე ერთი რამ - ძალაუფლება ანადგურებს გონებას, ანგრევს პრინციპებს და ადამიანებს აქცევს პატარა ურჩხულებად.

ყველამ იცის, რომ ცუდია შავკანიანების, ჩინელების, ებრაელების, ინდიელების მიმართ დისკრიმინაცია. მაგრამ ყველას შეუძლია, რომ ძალიან მშვიდად დაამცირონ გეები, ლესბოსელები და ტრანსსექსუალები. ეს კარგად გვაჩვენებს, თუ რაოდენ შორსაა სამყარო ცივილიზაციისაგან.

ელექტრონული ფოსტა - ეს არის მიმოწერის კარიკატურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG