Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ მუჟავასა და ჭალეში გზის დაგებას ითხოვენ


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალესა და მუჟავაში გზების დაგების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ორივე სოფელი ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება და, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, მრავალწლიანი მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებამ მათ, თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით, პრობლემა არ მოუგვარა.

სოფელ ჭალეს მცხოვრებლები ჭალე-ფახულანის დამაკავშირებელი 5-კილომეტრიანი გზის, ხოლო მუჟავაში ჯვარი-მუჟავას დამაკავშირებელი 12-კილომეტრიანი გზის დაგებას ითხოვენ. შეკრებილთა თქმით, განსაკუთრებით ცუდი ამინდის დროს ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს. პრობლემაა სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროულად მოსვლაც.

„ტაქსი რომ აიყვანო, არ გამოვა. იქ, სადაც 5 ლარი ღირს, 20-ს გამოგართმევენ. ძალიან უჭირს აქ ხალხს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მუჟაველმა გურამ არონიამ.

„ვინც მოვიდა, ყველა ამბობდა, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებო, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა. არჩევნების წინ მოგვატყუეს. თითქოს მანქანა მოიყვანეს, გადაიტანეს ის, ასფალტირებული რაც იყო, დაყარეს ხრეში, რომელიც ისევ მოსახლეობამ გაშალა, თორემ მთავრობის ხალხს ისიც არ გაუშლია“, - თქვა ზოია არქანიამ.

ალექსანდრე მოწერელია
ალექსანდრე მოწერელია

საპროტესტო აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან გასაუბრების შემდეგ დასრულდა. ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობას გზების პარალელურად სოფელში არსებული სხვა პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას შეჰპირდა. თქვა, რომ ექნება ხშირი კომუნიკაცია ხალხთან და ადგილზე შეისწავლის მათ საჭიროებებს.

„მუჟაველებს გუშინ საღამოსაც ვესაუბრე, ვიყავი აქ მოსული. დღესაც შეიკრიბნენ და შევატყობინე ის, რისი გაგებაც სურდათ, თუ როდის გადაწყდება ეს საკითხი. ეს უკვე გადაწყვეტილია. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი და დასრულების შემდეგ დაიწყება მუშაობა“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

აქციის მონაწილეების ნაწილს მისი დაპირების არ სჯერა, თუმცა სექტემბრამდე მაინც დაელოდებიან, დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, პრეზიდენტის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას გეგმავენ. შესაბამისი განცხადება სოფლის ახალგაზრდებისგან შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა დღეს აქციაზე გააკეთა.

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

ჯგუფის წევრის, გიორგი არქანიას, განცხადებით, დღეს ხელისუფლებას მისცეს „ბოლო შანსი“ და ამით დაასრულებენ მათთან კონსტრუქციულ საუბარს.

„ამით ჩვენ, ფაქტიურად, მშვიდობიან, კონსტრუქციულ და დემოკრატიულ საუბარს დავასრულებთ, თუ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება შესრულებული. თუ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩვენი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, ჩვენ გვაქვს ხელმოწერები უკვე შეგროვებული და ამ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოვუცხადებთ აბსოლუტურ ბოიკოტს“, - განაცხადა გიორგი არქანიამ.

გუბერნატორმა მუჟავადან სოფელ ჯვარში გადაინაცვლა, სადაც ასევე გზის პრობლემაა. მისი განცხადებით, ანალოგიური საკითხები ბევრ მუნიციპალიტეტს აწუხებს და ეს ეტაპობრივად მოგვარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG