Accessibility links

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვის სისტემის კრიზისი: ცხინვალში კოვიდჰოსპიტლის მოწყობას გეგმავენ


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 შემთხვევა დაადასტურეს, რაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო კომიტეტის, „ოსპოტრებნადზორის“, ხელმძღვანელმა მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ პანდემიის დაწყებიდან სულ აღრიცხულია 173 შემთხვევა, მათგან 83 რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან.

13 ოქტომბერს დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანმა დინა გასეევამ განაცხადა, რომ კორონავირუსი აქვს. მისივე ინფორმაციით, თავად ბიბილოვის ტესტირების პასუხი უარყოფითია.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ცხინვალის ორ სკოლაში და ზნაურისა და ჯავის საბავშვო ბაღებში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა.

ოკუპირებული რეგიონის ჯანდაცვის სისტემა რომ რთულ მდგომარეობაშია, ამის შესახებ ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოების წარმომადგენლები და თავად ექიმებიც ხშირად ლაპარაკობენ. ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა კი უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს სისტემას, რომელიც არც აქამდე მუშაობდა გამართულად. ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში გადმოყვანილი პაციენტების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. კორონავირუსის პანდემიის დროს ოკუპირებული აფხაზეთიდან სულ უფრო მეტი ადამიანი გადმოჰყავთ სამკურნალოდ, ერთეული შემთხვევები უკვე ცხინვალის რეგიონიდანაც ფიქსირდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალიზებული მანქანები ერგნეთის საგუშაგოსთან უკვე ყოველდღიურად ჩნდებიან. დე ფაქტო ხელისუფლება კი ინფიცირების სტატისტიკის ზრდის პარალელურად იმედს რუსეთის ფედერაციაზე ამყარებს, სადაც ასევე შეინიშნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა. ადგილობრივი ექიმები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ სპეციალისტების დეფიციტია და თუ ზრდის მაჩვენებელი ასეთი ტემპით გაგრძელდა, საწოლფონდის პრობლემებიც შეიქმნება. დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ექიმი-ანესთეზიოლოგი ალექსანდრ პლიევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემა კრიზისშია და აუცილებელია რუსეთის ფედერაციიდან დახმარება. მისი თქმით, მთავარი პრობლემა მაინც სპეციალისტების დეფიციტია:

„არ გვყოფნის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები, თუმცა გარკვეული სამუშაო გავწიეთ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციიდან და დონეცკის რესპუბლიკიდან დაგვეხმარონ. გიორგი ტოჩიევი (დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი) რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს მოელაპარაკა და ცხინვალში ჩამოვა პროფესორი ანდრეი კოლესნიკოვი და ჩვენი საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში იმუშავებს“.

ალექსანდრ პლიევი იმასაც ამბობს, რომ ჩრდილოეთ ოსეთიდან შესაბამისი პროფილის სპეციალისტები ჰყავდათ მოწვეული, რომლებმაც ადგილობრივი ჯანდაცვის ობიექტები შეამოწმეს და ყველაზე მეტად ბავშვთა საავადმყოფო მოიწონეს, რომელიც კოვიდცენტრად გადაკეთდება. კოვიდჰოსპიტალში ინფიცირებულებისთვის 130 საწოლი იქნება განკუთვნილი.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო აცხადებს, რომ, მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა, ადგილობრივი ხელისუფლება მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე უარს არ ამბობს. გარდა ამისა, ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის მეოთხე სამხედრო ბაზაზეც ჯარისკაცებს კოვიდ-19-ით ინფიცირება დაუდასტურდათ, მაგრამ, ამის მიუხედავად, სამხედრო სწავლებები არ შეწყვეტილა.

„ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ჯანდაცვის მდგომარეობას და იმას, რომ მასობრივი ღონისძიებები არ შეწყვეტილა. აქ სტატისტიკას ყოველდღიურად აქვეყნებენ, მაგრამ ნდობა ამ ციფრების მიმართ დაკარგულია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემას არ ენდობა იმის გამო, რომ იქ როგორც პროფესიონალი ექიმების, ასევე საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის დეფიციტია. ამიტომ როცა გვეუბნებიან, რომ 21 შემთხვევა გამოვლინდა, საზოგადოება ვარაუდობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა 2-3-ჯერ მეტია. ელემენტარული ანალიზების გასაკეთებლად ხალხი ვლადიკავკაზში ან თბილისში გარბის. ეს ხომ სწორედ ადგილობრივი სისტემის მიმართ უნდობლობაზე მეტყველებს, ამიტომ აქ, ცხინვალში, თავს დაცულად არავინ გრძნობს და ამიტომ ყურადღებით თვითონ მოსახლეობა უნდა იყოს“, - გვეუბნება ცხინვალელი წყარო.

ამ ყველაფრის ფონზე დე ფაქტო პროპაგანდისტული მედია მთავარ საფრთხედ კვლავ ლუგარის ლაბორატორიას და თითქოს იქ მიმდინარე კვლევებს ასახელებს. როგორც კი ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, პროპაგანდა მაშინვე ხელს ლუგარის ლაბორატორიისკენ იშვერს და ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობა ვირუსის ხელოვნურ გამოყვანაში დაარწმუნოს. ამ ყველაფრის დემონსტრირებას კი ხშირად კომიკური ხასიათი აქვს, როცა საქართველოს მოქალაქეს თითქოს ღამურების მოპოვების მცდელობის ბრალდებით აკავებენ და ადგილობრივი კაგებეს თანამშრომლები ჩერნობილისდროინდელი აღჭურვილობით ე.წ. საზღვართან ბუზების, კოღოებისა და წყლის სინჯების მოპოვებით არიან დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG