Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დამატებითი საწოლების მობილიზაცია ხდება და ლოკდაუნის გამოცხადებას ითხოვენ


ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

შემოდგომის დასაწყისიდან დღემდე, პირველი ანტირეკორდიც დამყარდა - 120 ინფიცირებული 24 საათში. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო, კოვიდჰოსპიტალში, დამატებით საწოლებს ამზადებს. ხოლო სანიტარული სამსახური, გართულებული ეპიდვითარების გამო, ახალი, მკაცრი შეზღუდვების ინიციატივით გამოდის.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მარინა კოჩიევას თქმით, ინფიცირებულთა ნახევარი სოფლების მცხოვრებლებია. აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი, სადაც კოვიდ-19-მა არ შეაღწია. ამიტომ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული სამსახური, საკოორდინაციო საბჭოს უსაფრთხოების ზომების გამკაცრების რეკომენდაციით მიმართავს.

ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდის გათვალისწინებით, ოკუპირებული რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა, სოსლან ნანიევმა რეზერვების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. ცხინვალის საავადმყოფოს მესამე სართულზე დამატებით 120 საწოლი განთავსდება. როგორც დე ფაქტო მინისტრმა, საინფორმაციო სააგენტო „რესთან“ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, მეოთხე სართულის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება და ის ასევე აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით, რაც კოვიდინფიცირებულების მკურნალობისთვის არის საჭირო.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა, ალექსანდრე პლიევმა, „ეხო კავკაზასთან“ საუბარში განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა.

ოქტომბერში ავადობის ზრდა მოსალოდნელი იყო. ვერ ვიტყვი, რომ ავადმყოფებს ვირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ, ვიდრე ეს იყო გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში. მაგრამ პანდემიის მასშტაბი იზრდება და ეს შესამჩნევია. ჩვენი მთავარი სანიტარული ექიმი ამბობს, რომ ეს არის "დელტა" შტამი, მაგრამ კლინიკური სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის არ არის უფრო აგრესიული, ვიდრე ის, რაც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერში. რა თქმა უნდა, არსებობენ მძიმე პაციენტები, ადამიანები კვდებიან, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ ის ახლა იმაზე უარესია, ვიდრე ეს ერთი წლის წინ იყო. ჩვენ გვაქვს პერსონალის სერიოზული დეფიციტი. ექიმები დაღლილები არიან. ვცადეთ ვლადიკავკაზიდან სპეციალისტების მოწვევა, მაგრამ მათი საავადმყოფოები გადატვირთულია პაციენტებით და არც იქ არის საკმარისი მედპერსონალი. ერთი დღის წინ ვესაუბრე ჩრდილოეთ კავკასიის მთავარ რეანიმატოლოგს, ვიტალი სლეპუშკინს. მან თქვა, რომ შეეცდება ცხინვალში ჩამოვიდეს ამ კვირაში და ჩვენს ექიმებს კონსულტაცია გაუწიოს”.

ალექსანდრე პლიევის თქმით, ექიმების თავდაუზოგავი შრომის ფონზე, ეპიდემიური ვითარების მიმართ, ხელისუფლების გულგრილობას და დაუდევრობას ამჩნევს. საბავშვო ბაღების და სკოლების დახურვის გარდა არაფერი გაკეთებულა - არანაირი შეზღუდვა, არანაირი განმარტებითი და საინფორმაციო სამუშაო არ ჩატარებულა. შემოდგომის განმავლობაში, არცერთი სადღესასწაულო ღონისძიება არ გაუქმებულა მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით.

ალექსანდრე პლიევი აცხადებს, რომ გადაღლილი ექიმები მთავრობის უპასუხისმგებლობით გაბრაზებულები არიან.

მე ვესაუბრე ექიმებს, ისინი უკიდურესად აღშფოთებულნი არიან იმით, რომ რესპუბლიკაში ანტიკოვიდური ღონისძიებები არ ტარდება. ჩვენი მონაცემებით, ჩვენი კლინიცისტების აზრით, აუცილებელია გამოცხადდეს ლოკდაუნი, ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო. შემთხვევები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან, როგორც ვხედავთ, ყოველ შაბათ-კვირას ქორწილები გვაქვს. მაგალითად, გასულ შაბათ-კვირას იყო ორი. ერთ ქორწილს 1000 სტუმარი ჰყავდა, მეორეს - 1200. ინკუბაციის პერიოდი დაახლოებით ერთი კვირაა და ისევ ჩვენ ველოდებით ინფიცირებულთა ახალი ტალღის შემოდინებას. რა აზრი აქვს სკოლების კარანტინს, როცა ასეთი უზარმაზარი ქორწილებია?!“ - ამბობს ალექსანდრე პლიევი.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი, აცხადებს, რომ ვითარება ყოველდღიურად მძიმდება.

„ბოლო სამ დღეში უკვე ოთხი ადამიანი დაიღუპა. უამრავი ინფიცირებულია და ჩვენი მთავრობა მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე უარს არ ამბობს, ხალხს იმისკენაც კი არ მოუწოდებენ, რომ ნიღბები ატარონ. მე პირადად ვიცი, რომ ინფიცირებულები სახლშიც არ ჩერდებიან და გარეთ დადიან და ამით სხვებსაც საფრთხეს უქმნიან. ექიმები ამ ვითარებას ვერ უშველიან, თუ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ თავად არ მოინდომეს. აუცილებელია უკვე ლოკდაუნის გამოცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ რუსეთისთვის მოგვიწევს საველე ჰოსპიტლის და სპეციალისტების გამოგზავნის თხოვნა“.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა სამსახურმა უკვე მოამზადა რეკომენდაციები უსაფრთხოების და საპრევენციო ზომების გამკაცრების მიზნით. ამ რეკომენდაციებს დე ფაქტო რესპუბლიკის საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG