Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება


საპროტესტო აქციის მონაწილეები. 2020 წლის 11 სექტემბერი
საპროტესტო აქციის მონაწილეები. 2020 წლის 11 სექტემბერი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ისევ მწვავე პოლიტიკური კრიზისია. მიუხედავად იმისა, რომ ბიბილოვის ოპოზიცია რამდენიმე დღის წინ პარლამენტში შევიდა და ბიუჯეტის ცვლილებებს მხარი დაუჭირა, ამით ვითარება არ განმუხტულა.

დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა ეს იმით ახსნეს, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ოპოზიციური უმრავლესობა უკან დახევას არ აპირებს და დე ფაქტო პრეზიდენტს გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენებას სთხოვს. ჯაგაევმა კი თავისი ნაბიჯით ოპოზიცია კიდევ ერთხელ აღაშფოთა.

17 ნოემბერს მილიციის დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში მან მიულოცა ეს დღე და სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს, იგორ ნანიევს. არადა, ოპოზიცია სწორედ ნანიევს მიიჩნევს რეპრესიული სისტემის ჩამომყალიბებლად და მთავარ პასუხისმგებლად ინალ ჯაბიევის ციხეში სასტიკ მკვლელობაზე. ნანიევი სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ჯერ თანამდებობას დროებით ჩამოაცილეს, მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომის შემდეგ კი მანაც დატოვა ეს პოსტი. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გენერალურმა პროკურორმა ამ მილოცვით საზოგადოებას სახეში შეაფურთხა. დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური „სახალხო პარტია“ ბიბილოვს კიდევ ერთხელ მოუწოდებს გადააყენოს ჯაგაევი და „რესპუბლიკა“ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნოს.

დე ფაქტო პრეზიდენტი კი დაჟინებით აცხადებს, რომ ჯაბიევის საქმის გამოძიება სამართლიანად მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება. ბიბილოვმა აღნიშნა, რომ საქმე მალე სასამართლოში წავა, მისი გაჭიანურება კი გამოიწვია მრავალმხრივი ექსპერტიზის საჭიროებამ, ექსპერტიზისა, რომელიც რუსეთის თავდაცვის უწყების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა ჩაატარეს, თუმცა ოპოზიციას ჯაგაევის მიერ ჩატარებული სამართლიანი გამოძიების არ სჯერა. დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით სანაკოევი, მიიჩნევს, რომ ჯაგაევმა საზოგადოებას შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენა, როცა ცინიკურად ნანიევის ქება-დიდება დაიწყო, იმ ნანიევის, რომელიც ჯაბიევის მკვლელობაზე თანამდებობრივად პასუხისმგებელი იყო. სანაკოევმა საკუთარი მოსაზრებები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც წერს:

„ჩვენ დღეს მივიჩნევთ, რომ სამართალდამცავი სისტემა ჩავარდნილია, როცა იქ ადამიანებს აწამებენ, ადამიანებს სცემენ და ამ ყველაფერს პროკურატურა მალავს. ეს მონაცემები კი სახეზეა და ჩვენ ამ მონაცემებს სისხლის სამართლის საქმეებში ვერ ვხედავთ. ეს რომ ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეში მოხვედრილიყო, ჩვენ ამ საქმის სხვა კვალიფიკაციას მივიღებდით და სხვა მუხლები ამოქმედდებოდა. ვფიქრობ, ნაცვლად იმისა, რომ ყველა დამნაშავე დასაჯონ, პირიქით, ცდილობენ ხელი დააფარონ ამ უკანონო ქმედებების ზოგიერთ მონაწილეს. ამ საქმიდან რამდენიმე ადამიანი გამოყვეს და ყველაფერში დამნაშავეები ისინი იქნებიან, ნამდვილი დამნაშავეები კი - ისინი, ვინც ბრძანებებს გასცემდა, ვინც არ აკვირდებოდა, უწყებაში რა ხდებოდა - ხალხისა და კანონის წინაშე არ აგებენ პასუხს“.

სანაკოევის აზრით, გენერალურ პროკურატურას არაერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

„აქ ერთი მთავარი კითხვაცაა: შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმის საქმეს რატომ იძიებს გენერალური პროკურატურა, როცა საპროცესო კოდექსი პირდაპირ ამბობს, რომ ეს საქმე უშიშროების კომიტეტის გამოსაძიებელია? აქ ბევრი კითხვაა, რაზეც პასუხები ხელმძღვანელებმა უნდა გასცენ. შემსრულებლები - გამომძიებლები, პროკურატურის თანამშრომლები და შსს - ამ საკითხებით არ არიან აკავებული, ამ საკითხებით დაკავებულია ხელმძღვანელობა: პრეზიდენტი, გენერალური პროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი“.

დე ფაქტო დეპუტატის განცხადებებს დე ფაქტო გენერალური პროკურატურა ასევე განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ დეპუტატებს მორალური უფლება არა აქვთ პროკურატურისა და ნანიევის მიმართ შენიშვნები გამოთქვან, რადგან ნანიევს სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურებები აქვს.

„ისედაც რთულ პოლიტიკურ და კოვიდ ვითარებაში, დეპუტატების ხელშეუხებლობის სტატუსს ამოფარებულები, უფრო მეტად ძაბავენ ვითარებას რესპუბლიკაში. ადანაშაულებენ პროკურატურას მოქალაქეების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებაში, თვითონვე კი საკუთარი გამოსვლებით და მოწოდებებით საზოგადოების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ“, -წერია დე ფაქტო გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

მილიციის დღეს დე ფაქტო პრეზიდენტმა სამართალდამცავებს მიმართა და მათ მოქალაქეების მიმართ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„თქვენ ბევრი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მოქალაქეების ნდობა დაიბრუნოთ. ჩვენ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში ვაგზავნით ახალგაზრდა გამომძიებლებს, ოპერატიულ თანამშრომლებს და კარგად ვიცით, რომ დანაშაულის გასახსნელად ფიზიკური ზემოქმედების აუცილებლობა არ არის. მილიციელის ღირსებაა დააკავოს დამნაშავე და დაამტკიცოს მისი დანაშაული, მაგრამ ოფიცერს ღირსებას არ მატებს ის, რომ დამნაშავე გარკვეულ ვითარებაში მსხვერპლი გახდეს. ამ მიმართულებით, ძვირფასო კოლეგებო, ბევრი გაქვთ სამუშაო“, - ნათქვამია ანატოლი ბიბილოვის განცხადებაში.

სამოქალაქო აქტივისტებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა იმასაც მიაქციეს ყურადღება, რომ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მინისტრად ისევ ნანიევია მოხსენიებული, მოადგილედ კი - ასევე გადაყენებული ანდრეი ცხოვრებოვი. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო ამბობს:

„სამი თვე გავიდა, რაც ეს ხალხი უწყებიდან გაუშვეს და რით ვერ ჩამოხსნეს ვებგვერდიდან? ეს არის მოქალაქეების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება. პროკურორის მილოცვამ ყოფილი მინისტრის, ნანიევის მიმართ კი არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ საზოგადოებაც და მოკლული ჯაბიევის ჭირისუფლებიც აღაშფოთა. ხელისუფლება კრიზისს ამ დამოკიდებულებით კიდევ უფრო აღრმავებს. აქ უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ საქმის გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობს, კვალიფიკაციაც ამაზე მეტყველებს. უფლებამოსილების გადაჭარბება, რამაც სიკვდილი გამოიწვია - ესაა ამ საქმის მუხლი, როცა მკვლელობა მოხდა წამებით. ხომ ცხადია, რომ დაკავებულებისთვის სასჯელის შემსუბუქებაზე მიდიან. ვიდრე ჯაგაევი იქნება პროკურორად, ამ საქმის სამართლიანი გამოძიების იმედი არა გვაქვს“, - აცხადებს რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო.

30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინალ ჯაბიევი მილიციელებმა აწამეს და სცემეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას და სოციალური ქსელებით ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა ე.წ. მთავრობა დაეთხოვა. მიუხედავად ამისა, 28 აგვისტოს შემდეგ ცხინვალში არ წყდებოდა საპროტესტო გამოსვლები თავად ბიბილოვისა და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ჯაგაევის, გადადგომის მოთხოვნით. მესამე თვეა, დე ფაქტო პარლამენტის უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG