Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის მოადგილე: ახმეტის ბაღებში მდგომარეობა საგანგაშოა


ახმების მეხუთე საბავშვო ბაღი
ახმების მეხუთე საბავშვო ბაღი

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ახმეტის საბავშვო ბაღების ერთ ნაწილში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ, ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, ბაღებში არასაკმარისია საწოლების რაოდენობა, რის გამოც ყველა ბავშვს ვერ აძინებენ. პრობლემად სახელდება კადრების სიმცირეც, რის გამოც სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთ ჯგუფში ირიცხებიან. პრობლემებს ნაწილობრივ აღიარებენ ახმეტის მერიაში. აპირებენ თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაითვალისწინონ სახალხო დამცველის რეკომენდაციები?

„ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ნაწილში აღსაზრდელები არასათანადო პირობებში და, ზოგჯერ, საფრთხის შემცველ გარემოში იმყოფებიან“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა. ომბუდსმენის ანგარიშს თან ერთვის ფოტომასალა, საიდანაც ირკვევა, რომ სოფლების ქისტაურისა და ზემო ხოდაშნის, ასევე ახმეტის მე-5 და მე-6 საბავშვო ბაგა-ბაღებში მოუწესრიგებელია სასწავლო და სააღმზრდელო გარემო, არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ფიზიკურ-ინფრასტრუქტურული და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები.

სახალხო დამცველი ადგილობრივ მერიას მიმართავს რეკომენდაციით, აუცილებლად სასწრაფოდ მოწესრიგდეს საბავშვო ბაგა-ბაღების ფიზიკური გარემო, აღიჭურვოს ის სათანადო ინვენტარით და მოვიდეს ბავშვთა საჭიროებებთან შესაბამისობაში:

„ბაღებში - როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ზოგადად - მდგომარეობა არის საგანგაშო და საჭიროებს გამოსწორებას. კერძოდ, ახმეტის ბაღებთან დაკავშირებით პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არის კადრების სიმცირე, არასაკმარისია სააღმზრდელო ჯგუფები და, რიგ შემთხვევაში, სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთ ჯგუფში ირიცხებიან. ასევე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა საჭიროებს გამოსწორებას. ასევე ბავშვებისთვის არ არის საკმარისი საწოლები“.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საწოლების ნაკლებობის გამო ქისტაურის # 2 საბავშვო ბაღში ყველა ბავშვს ვერ აძინებენ, ზოგს კი იატაკზე დაგებულ ლეიბზე სძინავს. ამ ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს ბაგა-ბაღის გამგე ია შლაპაშვილი. ის იმასაც ამბობს, რომ იშვიათად არის შემთხვევა, როდესაც ბავშვებს ვერ აძინებენ.

„2-3-წლიან ბავშვს ყველას ვაძინებთ. იშვიათი დღე იქნება, რომ დარჩეს ამ ჯგუფიდან რამდენიმე ბავშვი დასაძინებელი. არ ვეთანხმები იმ ფაქტს, რომ ჩვენ ბავშვებს ვაძინებთ იატაკზე. ეს არის ყოვლად გამორიცხული“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში რომ იდეალური მდგომარეობა არ არის, ამას აღიარებს მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი, თუმცა ამბობს, რომ პრობლემებს ეტაპობრივად აგვარებენ. ახმეტაში სულ 37 ბაღია და, როგორც ნასყიდაშვილმა გვითხრა, 10-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება. გამოცხადებული აქვთ ტენდერები. მერის მოადგილის თქმით, მომავალ წელს ახმეტაში სამი ახალი ბაღიც აშენდება:

„10 ბაღის რეაბილიტაციას ვგეგმავთ ნაწილობრივ - ისე, რომ ელემენტარული პირობები დავაკმაყოფილოთ. წელს 21 ბაღში მოხდა სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება. მომავალ წელს, მთლიანობაში, 3 ახალი ბაღი კეთდება“.

სახალხო დამცველის აპარატი არ არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ახმეტის ბაღებში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს. მიმდინარე წლის მაისში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახმეტის სამ ბაღში კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა და საწარმოო პროცესი შეუჩერა. მაშინ ბაღების ადმინისტრაცია 1000-1000 ლარითაც დააჯარიმეს. აი, რას ამბობდა იმ დროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი კახეთში ნანა ახალმოსულიშვილი:

რაც შეეხება ახმეტას, ქვემო ალვანის მე-2 საბავშვო ბაღში, ფიჩხოვანისა და აწყურის ბაღებშიც კედლებზე ხდებოდა ობის წარმოქმნა და ნაწილაკების ცვენა ჭერიდან. ეს კი ითვალისწინებს საწარმოო პროცესის შეჩერებას, ვინაიდან არსებობს მაღალი რისკი სურსათის დაბინძურებისა“.

აღსანიშნავია, რომ სანიტარიულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, კახეთის როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა არასახარბიელოა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG