Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: საქართველო თავშესაფრის მაძიებლებს უარს დაუსაბუთებლად ეუბნება


საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ამცირებს თავშესაფრის მაძიებელი პირების განაცხადების დაკმაყოფილებას. თავის მხრივ იკლებს საქართველოში თავშესაფრის მსურველთა რაოდენობა. ამასთან, უარის მიზეზს ქართული მხარე ძალიან ხშირად არ ასაბუთებს. ამ საკითხებზე სახალხო დამცველი 19 ივნისს შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ესაუბრა.

საქართველოში თავშესაფარზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში 2014-2015 წლებში იყო. მხოლოდ 2015 წელს 11262-მა პირმა ითხოვა საერთაშორისო დაცვა. აქედან 315 პირს ყოველგვარ სტატუსზე უარი უთხრეს. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ რამდენიმე ხარვეზს გამოყოფს:

· უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე არ უშვებენ, რიგ შემთხვევებში კი მიზეზებს არ განუმარტავენ.

· ხშირად თავშესაფრის მაძიებლებს არ საბუთებენ უარის მიზეზებს

· ქვეყანაში არსებობს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პრობლემა.

საქართველო სამის სახის საერთაშორისო დაცვას სთავაზობს პირებს, ესენია: ლტოლვილის სტატუსი, ჰუმანიტარული სტატუსი, დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.

ომბუდსმენის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე ირკვევა, რომ ხშირად უარი თავშესაფარზე, არ არის სათანადოდ განმარტებული და უარის მიმღებ პირებს კითხვებს უტოვებს.

„დღეს, მთავარი პრობლემა, რასაც ეს ადამიანები და მათი უფლებადამცველები აყენებენ, არის ის, რომ ხშირად სტატუსის მინიჭებაზე ადამიანებს სახელმწიფო უარს ეუბნება უსაფრთხოების არგუმენტებით, ასევე იგივე არგუმენტი მოქმედებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. თუმცა, ამ ადამიანებს არ აქვთ პასუხი რამდენად დასაბუთებულია სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით ეს უარი, თუ სახელმწიფო უბრალოდ თავიდან იცილებს მათთვის არასასურველ პირებს“, - ამბობს ნინო ლომჯარია.

ომბუდსმენის თქმით, უარის საფუძველს ხშირად არ მიუთითებენ იმ პირებსაც, რომლებსაც უარს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზევე ეუბნებიან. სახალხო დამცველის თქმით, ასეთი ქმედება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.

2018 წლის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე 1382 ადამიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ერაყიდან, უკრაინიდან და რუსეთიდანაა.

დღეს, მსოფლიოში 78 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია. აქედან, 25 მილიონი ლტოლვილის სტატუსით სარგებლობს. მსოფლიოში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე 20 ივნისს აღინიშნება.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG