Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის შიში - მსგავსი სიტყვები, განსხვავებული შინაარსი სომხეთსა და საქართველოში

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მარტში, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ თუკი საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დადგება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მარტში, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ თუკი საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დადგება.

თუკი არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ომი დაიწყება - სომხეთის ხელისუფლების ამ განცხადებამ ბევრს მოაგონა "ქართული ოცნების" რიტორიკა საქართველოს ომში არჩართვისა და მმართველი პარტიის მშვიდობის დამცველად წარმოჩენის შესახებ. ვერბალური მსგავსებების მიუხედავად, ექსპერტები ძირეულ განსხვავებას ხედავენ.

  • “ცოტა ხანში იმასაც იტყვიან - აბა, ომი გინდათ?!”
  • “ყველა ომის შიშს თესავს, ანუ [ხელისუფლების] ცვლილება ომს ნიშნავს ყველგან?!”
  • “რატომაა გასაკვირი? ეს პროპაგანდისტული სვლაა”
  • “ტრენინგებზე იყო ფაშინიანი ჩამოსული?!”

ფეისბუკზე თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მარტის ვიზიტსაც იხსენებენ.

რა განსხვავებებია მსგავს განცხადებებში?

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მარტში, არაერთხელ გაიმეორა, რომ თუკი საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ძალები გაიმარჯვებენ, ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დადგება და “ეს იქნება ომი არა მხოლოდ ტერიტორიის, არამედ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაკარგვით“, იმ დროს როდესაც, „ყარაბაღისთვის ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდა”.

19 მარტს, ერევანში, მთავრობის ყოველკვირეული სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ფაშინიანმა ოპონენტები - „გარე ძალების ზეგავლენით“, აზერბაიჯანთან მიღწეული მშვიდობის დარღვევის სურვილში დაადანაშაულა.

„ყველა ეს ძალა ემხრობა მშვიდობის გადახედვას, რაც არჩევნების შემდეგ ძალიან მალე, ყველაზე გვიან შემოდგომაზე, გარდაუვალ ომს ნიშნავს... ისინი ამზადებენ ახალ სექტემბრის ომს, მძიმე შედეგებით“, - თქვა ფაშინიანმა

იგივე გაიმეორა მან 25 მარტსაც, პარლამენტში გამოსვლისას.

ასევე 25 მარტს, სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ოპოზიციურ პარტიებს “ომის პარტიები” უწოდა და თქვა, რომ ოპოზიციონერებს ომზე ლაპარაკი სჭირდებათ, “რათა შემდეგ ამაზე რაიმე ააგონ პოლიტიკურად”, “მაგრამ ახლა ომი არ არის. ახლა მშვიდობაა“. სიმონიანიც თვლის, რომ ოპოზიციურ პარტიები „გარე ძალების ზეგავლენით” მოქმედებენ.

ვის გულისხმობენ “გარე ძალაში” და რას ეფუძნება სომხეთის ხელისუფლების განცხადებები?

პოლიტიკის საკითხების სპეციალისტი ერევნიდან, დავით სტეპანიანი გვეუბნება, რომ ფაშინიანის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები “წინასაარჩევნო კონტექსტში”კეთდება და “ეს აშკარაა”, თუმცა - ომის რისკი მართლაც არსებობს:

“თუკი სომხეთში ხელისუფლება შეიცვლება და თუკი სათავეში მოვლენ ძალები, ოლიგარქები, რომლებსაც აქვთ მჭიდრო კავშირი რუსეთთან, არ არის გამორიცხული, რომ მართლაც დაიწყოს საომარი ესკალაცია აზერბაიჯანთან. მოსალოდნელია, რომ ისინი მოემსახურებიან მოსკოვის ინტერესებს; ხოლო მოსკოვის ინტერესები უცვლელია 1991 წლიდან, როდესაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო და შემდეგ ომში გადაიზარდა. რუსეთს ყოველთვის სურდა, რომ არ ყოფილიყო მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის”, - რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სტეპანიანი ასევე ამბობს, რომ “რუსეთი ყოველთვის პარაზიტირებდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე” და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ეს მართლაც იყოს პრორუსული ოპოზიციური ძალების სურვილი.

სომხური წყაროები პრორუსულ ოპოზიციურ ძალებად თვლიან:

  • სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსს“ , რომელსაც 101-წევრიან პარლამენტში 29 მანდატი აქვს;
  • დაპატიმრებული ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის პარტიას „ძლიერი სომხეთი“. კარაპეტიანს თავად ხშირად “რუს ოლიგარქს” ეძახიან.
  • ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის „აყვავებულ სომხეთს“. თებერვალში ლაპარაკი იყო ბლოკის შექმნაზე ანდრანიკ ტევანიანის პარტია „დედა სომხეთთან“ ერთად.


სომხეთის პრორუსულ ოპოზიციას ჩვენთან საუბრისას “მეხუთე კოლონად” არქმევს ერევნელი პოლიტოლოგი - რუბენ მეჰრაბიანი და ხაზს უსვამს, რომ პრორუსული ძალების მიზანი - “სომხეთის შიდა და საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის სრული განადგურებაა”.

“ეს ძალები ამბობენ, რომ უნდა აღდგეს სამოკავშირეო ურთიერთობები რუსეთთან, რომ ყარაბაღის საკითხი არ არის ამოწურული და რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი სხვა პრინციპით უნდა გაივლოს და არა უკვე შეთანხმებული დეკლარაციის პრინციპით. TRIPP-ს ისინი განიხილავენ საფრთხედ სომხეთისთვის, თუკი ამ პროცესში არ ჩაერთვება რუსეთი და ჩინეთი. არსებული დღის წესრიგის დარღვევა - გზაა ახალი ომისკენ”, - ამბობს მეჰრაბიანი.

რობერტ ქოჩარიანი ღიად უპირისპირდება „TRIPP-ს [„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“] - შემუშავებულს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დამყარებული მშვიდობის საფუძველზე. ამ პროექტის წყალობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს.

ამ ეტაპზე ორივე ქვეყანა - სომხეთიც და აზერბაიჯანიც - აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან. რუსეთს აღიზიანებს სომხეთის სწრაფვა ევროკავშირისკენ - რა მიმართულებითაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ძვრებია.

რა განსხვავებაა ერევნისა და თბილისის განცხადებებს შორის?

სომხეთის ხელისუფლების რიტორიკა ნაცნობია საქართველოს მოქალაქეებისთვის - რომლებსაც “ქართული ოცნება“ ხშირად უმეორებდა და უმეორებს, რომ ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული ჯგუფები “გარე დავალებით” იმართებიან, გეგმით - შეიცვალოს ხელისუფლება, აირიოს ქვეყანა და გაიხსნას “მეორე ფრონტი” რუსეთთან. ეს რიტორიკა განსაკუთრებით მძაფრი იყო 2024 წლის არჩევნების წინ.

ოპოზიციურ პარტიებს "ქართული ოცნება" "გლობალური ომის პარტიის" მიერ მართულ "ლოკალურ ომის პარტიად" 2022 წლიდან მოიხსენიებს.

ფრაზეოლოგიური მსგავსების მიღმა ექსპერტები ბევრ განსხვავებას ხედავენ.

„მთავარი განსხვავება ის არის, რომ სომხეთის ხელისუფლებაში არ არიან პრორუსული ძალები; საქართველოსგან განსხვავებით - იქ ოპოზიციაა პრორუსული... სომხეთში ომის სურვილი რუსეთს აქვს, საქართველოს ხელისუფლება, პირიქით, დასავლეთს აბრალებს ომის სურვილს - ამ დროს კი, რუსეთ-საქართველოს, რუსეთ-უკრაინის ომმაც და სხვა შემთხვევებმაც ყველგან გვაჩვენა, რომ ომის მსურველი თუ ვინმეა, ეს რუსეთია“, - ეუბნება პოლიტოლოგი ზურაბ ბატიაშვილი რადიო თავისუფლებას. მისი თქმით, თუ სომხეთში ხელისუფლება შეიცვლება და პრორუსული ძალები მოვლენ ხელისუფლების სათავეში, ეს კვლავ გააჩენს აზერბაიჯანთან დაპირისპირების რისკს.

„სომხეთს ყარაბაღის პრობლემა სიმძიმედ ეწვა, ერთგვარად მძევალი იყო ამ პრობლემის და ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსეთზე ჩამოკიდებული. სომხეთმა სულ ახლახან დაასრულა ომი აზერბაიჯანთან და მშვიდობის, განვითარების გზით წავიდა“, - ამბობს ბატიაშვილი.

„განსხვავებული სიტუაციები და განსხვავებული მოტივაციებია“ - თბილისისა და ერევნის განცხადებებს შორის განსხვავებებს სომეხი ექსპერტებიც ხედავენ.

„შესაძლოა, ჩვეულებრივი სკამი ელექტრონულ სკამს შეადარო - ორივე სკამია, მაგრამ უბრალოდ, აბსოლუტურად სხვადასხვა სკამი“, - რუბენ მეჰრაბიანი გვეუბნება, რომ სომხეთის ხელისუფლება „თითით აჩვენებს“ და "ზუსტად ხსნის", საიდან არის მოსალოდნელი ომის საფრთხე.

დავით სტეპანიანისთვის მსგავსება ის არის, რომ ორივე შემთხვევაში განცხადებებს ხელისუფლებათა წარმომადგენლები აკეთებენ და განცხადებები წინასაარჩევნო კონტექსტში კეთდება და შესაძლებელია ლაპარაკი - „ამომრჩევლების შეშინებაზეც“; მაგრამ - „სომხეთის შემთხვევაში ომის საფრთხე რეალურად არსებობს“; ხოლო „დღეს რუსეთს არ სჭირდება ახალი ომი, რომელშიც თავად მიიღებს მონაწილეობას“.

  • სომხეთში არ ახსენებენ „გლობალური ომის პარტიას“, იგივე „დიპ სტეიტს“ - რომელიც „ქართულ ოცნებას“ არა რუსეთში, არამედ დასავლეთის ქვეყნებში ეგულება [ბევრისთვის ეს კვლავ ბუნდოვან შეთქმულების თეორიად რჩება].
  • სომხეთში ლაპარაკობენ - აზერბაიჯანთან ომის რისკებზე და არა რუსეთთან ომში ჩართვაზე, რაზეც აქცენტს აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როდესაც „მეორე ფრონტის“ გახსნაზე ლაპარაკობდა.

შეკითხვაზე - რა შანსები აქვს ფაშინიანის პოლიტიკურ ძალას მომავალ არჩევნებზე? რუბენ მეჰრაბიანი გვპასუხობს, რომ - “გადამწყვეტია თავად სომხეთის საზოგადოების განწყობები”.

“სომხეთის საზოგადოება სწორებას აკეთებს მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე. სომხურ საზოგადოებას არ სურს, რომ კვლავ თავს მოგვახვიონ რუსეთის უღელი და ეს ბინძური “რუსული სამყარო”. ეს არის სომხეთის ნება და არჩევნებზეც ეს ნება გაფორმდება”.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG