Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მეორე ტურში გაერთიანებული საარჩევნო შტაბებით იბრძოლებს


„გაერთიანებული ოპოზიციის“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბები გაერთიანდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რათა კოორდინირებულად იმოქმედონ. რუსთავში 15 ნოემბერს ჩამოსულმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭოც, რომელიც უხელმძღვანელებს პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას.

„საკოორდინაციო საბჭოები იმუშავებენ ადგილობრივ დონეზეც, ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა სოფელში“, - თქვა გიგი უგულავამ „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის ოფისში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის რეგიონული ლიდერებიც იმყოფებოდნენ.​

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

უგულავას თქმით, კოორდინირებული მოქმედება უფრო ეფექტური გახდება ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დასამარცხებლად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან შექმნილი „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 10 პროცენტზე ოდნავ მეტი დააგროვა და საარჩევნო მარათონს გამოეთიშა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის ლიდერმა, დავით კირკიტაძემ, რომელიც ასევე „ევროპული საქართველოს“ ოფისში იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე დაისახა ქვემო ქართლში განსახორციელებელი სამოქმედო სტრატეგია.

დავით კირკიტაძე
დავით კირკიტაძე

„კარდაკარ მივალთ ჩვენს ყველა მხარდამჭერთან, საერთოდ, ამომრჩევლებთან, რათა გავამყაროთ პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვება“, - თქვა დავით კირკიტაძემ, რომლის თქმითაც, გრიგოლ ვაშაძემ მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს რუსთავში 11 ათასი ხმით მოუგო.

დავით კირკიტაძემ დასძინა, რომ სამოქმედო გეგმა ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტისთვის შემუშავდა, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 14 ნოემბრის განკარგულებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG