Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორიოდ სიტყვა


ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

პრეზიდენტის დღევანდელი სიტყვა იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის სიტყვა - ღირსეული და ამაღელვებელი.

სალომე ზურაბიშვილი არტისტად რომ არ დაბადებულა და მაინცდამაინც არც ქართულად მეტყველება ეხერხება, კარგად ვიცით, მაგრამ დღეს არ ყოფილა ეს მთავარი. მთავარია, რა თქვა მან. დღეს იყო სიტყვის ზეიმი. დღეს მისი კოსტიუმიც კი, ქართული დროშის ფერებში, ახდენდა ეფექტს. თითქოს თვით დროშა ჰყვებოდა თავისი ქვეყნის ისტორიას და თითოეულს შეგვახსენებდა ჩვენ ვალს - წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე.

პრეზიდენტის შემდეგ ყველა გამომსვლელი უცებ ძალიან დაპატარავდა. დღეს, როგორც არასდროს, მათი პატრონიც კი ქონდრის კაცად გამოჩნდა, თავისი ვიწრო თვალსაწიერითა და ბნელი აზრებით. რაც უნდა იყოს, ოღონდაც ეს ჭირი მოგვშორდეს და მერე თუნდაც გადაგვიჭამია ერთმანეთი, როგორც გვჩვევია.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა, გეგონება, მთელი ცხოვრება გავიდა. 2024 წლის 29 აპრილს რუსთაველზე ერთი სიტყვა ითქვა, დღეს კი, 2024 წლის 26 მაისს, თავისუფლების მოედანზე ითქვა სხვა სიტყვა. ეს ორი სრულიად განსხვავებული სიტყვაა, როგორც ერთმანეთის ანტონიმები, და მათ შორის მთელი ეპოქა ეტევა.

პირადად მე ორივეს დიდ მადლობას ვუხდი. იმასაც, ვინც „ქართული ოცნების“ პატრონს დაუწერა სიტყვა 29 აპრილისთვის, და იმასაც, ვინც საქართველოს პრეზიდენტს დაუწერა სიტყვა 26 მაისისთვის. ასეთ ლუსტრაციას ვინ მოახერხებდა? სიტყვამ შეიძლება გაგაშიშვლოს კაცი და სიტყვამ შეიძლება შეგმოსოს. ჯერ არასდროს გამოკვეთილა ასე მკაფიოდ შავი და თეთრი. მგონი, ახლა მაინც გაიგო ყველამ ყველაფერი. იმანაც კი, ვისაც არაფერი გაეგება, და იმანაც, ვისაც არაფრის გაგება უნდა.

ორი თარიღი. 29 აპრილი და 26 მაისი. ორი სიტყვა. თუკი პირველი სისხლს გიწამლავს, როგორც შენი ქვეყნის დაცემული დროშა, მეორე ისე გიდუღებს იმავე სისხლს, რომ გინდა, დაცემული დროშა ხელში აიღო და პირადად შენ გაუძღვე შენს ქვეყანას გამარჯვებისკენ.

მადლობა სიტყვებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG