Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი მთავარი სიტყვა ფრანკფურტის ბაზრობაზე და ქართული პავილიონი


ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

ფრანკფურტი საქართველომ მოიცვა. ქართულმა ლიტერატურამ, ქართულმა წიგნმა, ქართულმა კულტურამ. 9 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს - საპატიო სტუმარი ქვეყნის - პავილიონი. საქართველო მსოფლიოს ქართულ პროგრამას წარუდგენს კონცეფციით - Georgia Made by Characters (“ანბანით მოთხრობილი საქართველო”), რომელიც, ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი, ქართულ ხასიათსა და პერსონაჟებს ეფუძნება. ქართული ლიტერატურის ისტორიის, ქართული ანბანის, 33 ასოს შესახებ ფრანკფურტში შეკრებილ აუდიტორიას მწერალმა აკა მორჩილაძემ 10 წუთში უამბო:

ჩემი, როგორც ქართველის ჭკუით, ძალიან ჯიუტი, უცნაური, ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული, მაგრამ კულტურა გვაქვს, ამას ვეძახით ჩვენ ქართულ კულტურას. ასეთი ისტორიაა საერთოდ. ძველი, სისხლით და სიმძიმით სავსე. თავის შენახვის და გადარჩენის ამბავია ჩვენი ამბავი საერთოდ...
აკა მორჩილაძე

„არსებობს დავიწყებული კულტურები, ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში, მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც, მაგალითად, სჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის. მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი, ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე. ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ და ამაზე ორი სიტყვის თქმა შეგიძლია... ეგებ რაღაც შორეული უცნობი კულტურა ვინმესთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ქართველებს ასეთი სიტყვა გვაქვს „რაღაცას“ ვეძახით ბევრ რამეს და ეს მარტო „რაღაც“ არ არის ჩვენთვის, არამედ სიცოცხლესაც ნიშნავს. აი, ასეთ სრულიად უცნობ, უმეტესად პოლიტიკურად გაგებულ საქართველოს ისტორიაში ყოფილა უგრძესი პერიოდები, საუკუნოვანი დროები, როცა ამ ქვეყნის არსებობა-არარსებობა სწორედ მისი კულტურა განსაზღვრავდა. ჩემი, როგორც ქართველის ჭკუით, ძალიან ჯიუტი, უცნაური, ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული, მაგრამ კულტურა გვაქვს, ამას ვეძახით ჩვენ ქართულ კულტურას. ასეთი ისტორიაა საერთოდ. ძველი, სისხლით და სიმძიმით სავსე. თავის შენახვის და გადარჩენის ამბავია ჩვენი ამბავი საერთოდ. ამ ამბის სიკეთე სხვა არამატერიალურ რაღაცებთან ერთად იყო სწორედ ჩვენი კულტურა. მოკლედ რომ ვთქვა, დრამით რომ არ დაგღალოთ, (არ არის აქ ამის ადგილი), დღეს აქ არის ქართული ლიტერატურა, რომელიც, როგორც იცით, ძალიან ძველია, მრავალი საუკუნის. ჩვენ ვამბობთ - 1500 წლის, ვიღაც მეცნიერები ამბობენ, 2000-ის, 2500-ის... ჩვენ ამ საუკუნეებში ასე ვოპერირებთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს საუკუნეები არ არის პატარა დრო იმისთვის, რომ იმსჯელო რა არის ღირებული და არა. როგორც ყველა ლიტერატურა, ქართული ლიტერატურაც ადამიანების გარშემო ტრიალებს.

აი, ის ჩვენი პირველი მოთხრობა, რომელშიც მეხუთე საუკუნის ამბავია აღწერილი, (ჩვენ უფრო გვიანდელი ხელნაწერიც გვაქვს) ძალიან გასაგები და სამსჯელო იქნებოდა სამყაროში მაშინაც და ახლაც, სკოლაში ისწავლება ჩვენთან, იმ ენით, რომლითაც დაწერილია მეხუთე საუკუნეში. ეს არის მოთხრობა ქალზე და კაცზე, ოჯახზე, ერთგულებაზე, პოლიტიკაზე, ღმერთზე, რწმენაზე, პატიოსნებაზე, ათას რამეზე. ეს ყველაფერი ისეა აღწერილი, რომ იოლად მიხვდები, ადამიანის გულში და სულში ეს თხუთმეტი საუკუნეა არაფერი დიდად არ შეცვლილა. თქვენ იცით, რომ ჩვენი კულტურის მეორე ნაწილი არის ანბანი, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, ამით ვწერდით წიგნებს ქართველები. ფუფუნებაა, ასეთი რაღაც რომ გაქვს ადამიანს. თქვენ უყურებთ გაოცებული და ჩვენ ვკითხულობთ. ამ დროს ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, ეს უპირატესობა გვაქვს დამალული. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრს ვთარგმნიდით, განსაკუთრებით აღმოსავლური ენებიდან, სანამ შეგვეძლო, სანამ მშვიდობა იყო. ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ. ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ - არაფერს ჩვენსას. წარმოიდგინეთ ესეც რამხელა უპირატესობაა.

ახლა ასე ლამაზადაც არაა ყველაფერი. რადგან აქ ვართ დღეს, უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები ყოველთვის უპირატესი და საყვარელი გმირები იყვენ საქართველოში. ყოველთვის იყვნენ, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, ცნობადი სახეები. მაგრამ ამას მათთვის არც ყოფითი ნუგეში მოუტანია, და ამ ხელობას არასოდეს არ დაუცავს ძნელბედობისგან...
აკა მორჩილაძე

ჩვენ ვწერთ პროზას, ისტორიასაც ვწერთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველო არის პოეზიის ქვეყანა. აქ პროზაიკოსი რომ გამომიყვანეს, ვარ უხერხულ მდგომარეობაში. მე არ ვარ პირველი კატეგორიის ადამიანი ამ ხელობაში, რასაც მწერლობა ჰქვია. ჩვენი ქვეყანა არის პოეზიის. ხუმრობაა ძველ წიგნებში დარჩენილი, რომ რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალდი... ამ დროს ომია, უბედურებაა და ლექსი იწერება მუხლზე დადებულ ქაღალდზე. უცბად. აი, ეს შეგინახეთ. უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც ლექსად წერდნენ. რომანებსაც წერდნენ ლექსად, სახელმწიფო ქაღალდები გვაქვს ჩვენ ლექსად დაწერილი. ხეებზე, ცხვირსახოცებზე, სასმისებზე, მერხებზე, ეს არის უცნაური ტრადიცია, რომელიც ახლა რომ გითხრათ, მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე პროზის წერა, პროზა ისეთია - დაჯექი და ცოტა მოცლილი ადამიანის საქმეა. ნუ, სტანდარტი ასეთია, პოეზია მაღალია. პოეზიით ცხოვრება ვიცით რაცაა - კიდევ უფრო მაღალია. სულ ბოლო დრომდე პოეტი ისეთი ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა. არწმუნებდა იმაში, რომ მისი ფიქრი მართალი, წრფელი ფიქრია და ხელოვნება დიადი რამეა. შენ იცოდი, რომ თვითონ არ შეგიძლია და არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ნაცვლად შენს ფიქრებს გამოხატავს. გადმოსცემს, გამოიცნობს, და ამას მეტი სისრულით და ოსტატობით აკეთებს. პოეტი ისეთი ვინმე იყო ქვეყანაში, რომ 20 საუკუნოვანი ლამის აბსოლუტური მონარქიის ტრადიცია აქვს ამ ქვეყანას და გვყავს ბევრი მეფე, რომელთა საუკეთესო მიღწევაც არის მათი პოეზია.

საქართველოს გაცნობა, რა თქმა უნდა, შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობს ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი, იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, იუმორი და ტრაგედია ისევე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს. ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაცაა, ჩვენი ოცნებაცაა ა.შ.

ახლა ასე ლამაზადაც არაა ყველაფერი. რადგან აქ ვართ დღეს, უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები ყოველთვის უპირატესი და საყვარელი გმირები იყვენ საქართველოში. ყოველთვის იყვნენ, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, ცნობადი სახეები. მაგრამ ამას მათთვის არც ყოფითი ნუგეში მოუტანია, და ამ ხელობას არასოდეს არ დაუცავს ძნელბედობისგან.

როგორც სამოცდაათი ან ორასი წლის წინათ, დღესაც ქართველი მწერალი შეიძლება გადაყვეს თავის ნაწერს. ან აქაც არაშემოქმედებითი გამოსავალი ეძიოს, ან უცხოეთს შეაფაროს თავი, შეიძლება მუშტიც მოხვდეს, შეიძლება ქუდიც ჩამოიფხატოს, რომ საზოგადოების გულისწყრომას მოერიდოს. აი, ამ დიდი ისტორიული, როგორ გითხრათ, დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, მწერალი მაინც რჩება საქართველოში გამორჩეულ ფიგურად, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავდროულად იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს. ეს არის ჩვენი, ქართველი მწერლების ამბავი“.

პავილიონის გახსნის ცერემონიალის ერთ-ერთი მთავარი სიტყვა ერგო გერმანულენოვან, წარმოშობით ქართველ ავტორს ნინო ხარატიშვილს. სწრაფვა ევროპისკენ, საზღვრების რღვევა, მცოცავი ოკუპაცია - მისი სიტყვა კარგად აღწერს თანამედროვე ქართულ ყოფას, ლიტერატურის მნიშვნელობას, რომელიც ხშირად იმ პოლიტიკურ თუ სოციალურ რეალობაშია გადაჯაჭვული, რომელშიც გვიწევს ცხოვრება:

„მე გერმანულად ვწერ, იმიტომ, რომ მიყვარს ეს ენა და მჯერა, რომ ქართული ამბების მოყოლა გერმანულად უფრო ზუსტად შემიძლია. ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ მე მომცეს საშუალება, მესწავლა ეს ენა და გავხდი ამ კულტურის ნაწილი. ამ ყველაფერზე ლიტერატურამ ძალიან დიდი გავლენა იქონია. წიგნები, რომლებსაც მე ვკითხულობდი, არ იყო ჩემთვის უცხო. კითხვის დრო მე ვიყავი ამ კულტურის ნაწილი. კი მე მჯერა, რომ ლიტერატურა არ არის საზღვრებში მოქცეული. ჩვენ სხვა ადამიანის ცხოვრება შეგვიძლია ვიგრძნოთ. ჩვენ შეგვიძლია წიგნებში საკუთარი თავი თავიდან აღმოვაჩინოთ. ადამიანის უნარი იყოს ემპათიური, ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნებს კი შეუძლიათ ამ ემპათიის გაღვიძება ადამიანებში.

საქართველოს ძალიან ბევრი ისტორია აქვს მოსაყოლი. ეს ისტორიები ტრაგიკულიცაა, ალბათ, საშინელიც, ეს არის დაპყრობის ისტორიები, სიკვდილის ისტორიები, გადარჩენის ისტორიები, ომის და დაკარგვის ისტორიები, მწუხარების და უპერსპექტივობის ისტორია და ამასთანავე, იმედისა და შესანიშნავი ადამიანების ისტორია...
ნინო ხარატიშვილი

მე რომ წერა დავიწყე, ვიყავი ქართველი ავტორი, მერე გავხდი გერმანელ-ქართველი ავტორი და ბოლოს - გერმანელი ავტორი. უცნაურია, მაგრამ წიგნი, რომელიც გერმანულად დავწერე, 1300 გვერდის განმავლობაში საქართველოს შესახებ ჰყვებოდა... საქართველო უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში ცდილობს ბრძოლით დაიბრუნოს თავისი იდენტობა, რომელიც მას ანტიკური ხანიდან მოსდგამს და რომელსაც საუკუნეების მანძილზე ყველა დამპყრობლისგან იცავდა. მაგრამ საქართველოში ბევრს ავიწყდება, რომ ეს იდენტობა არ წარმოადგენს ვიწრო ჩარჩოებში მყოფ უცვლელ ფორმას, ავიწყდებათ, რომ დრო და ვითარება იცვლება. რომ კულტურის სიმდიდრე იქიდან წარმოიშვა, რომ ის გამტარუნარიანი იყო და გაბედული. ის მზად იყო, გადაეღო და აეთვისებინა უცხო კულტურაც...

საქართველოს ძალიან ბევრი ისტორია აქვს მოსაყოლი. ეს ისტორიები ტრაგიკულიცაა, ალბათ, საშინელიც, ეს არის დაპყრობის ისტორიები, სიკვდილის ისტორიები, გადარჩენის ისტორიები, ომის და დაკარგვის ისტორიები, მწუხარების და უპერსპექტივობის ისტორია და ამასთანავე, იმედისა და შესანიშნავი ადამიანების ისტორია. ამიტომ მინდა დავასრულო ჩემი სიტყვა ასეთი ისტორიით: საქართველო-რუსეთის ე.წ. საზღვარზე, ცხინვალის რეგიონში, რომელიც საქართველოს შემადგენელი ნაწილია, მაგრამ კონტროლდება რუსეთის მიერ, რუსული მავთულხლართები ყოველ კვირას ავიწროებს საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას, ცხოვრობს კაცი, რომელმაც ერთ დღეს გაიღვიძა საკუთარ სახლში და აღმოჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აი, ამ ადამიანის ისტორიამ, რომელმაც უცებ გაიღვიძა მტრის ტერიტორიაზე, არ დატოვა სახლი, არ დატოვა შვილის საფლავი, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე წარმოვიდგინე ეს გლეხი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რომ ის ვერ მოიგებდა ამ ომს, მაინც გადაწყვიტა ბრძოლა. მე წარმოვიდგინე ადამიანი, რომელსაც წვიმამ და ქარმა დაატყო თავისი კვალი, რომელიც დგას რუსი ჯარისკაცის წინაშე და რომელიც ცდილობს, რომ მას აუხსნას, რატომ არ შეუძლია იმ მიწიდან წასვლა, სადაც მისი შვილია დასაფლავებული. ის ამას მშვიდად აკეთებს. ყოველთვის იმეორებს თავის სათქმელს. ის არ აღიარებს ამ საზღვარს. და ის აჩვენებს, რომ ეს საზღვარი სინამდვილეში სასაცილოა და ჯარისკაციც ერთ მშვენიერ დღეს ნებდება. შეიძლება ის ფიქრობს, რომ ჯანდაბას, დარჩეს ეს შეშლილი მოხუცი აქ, მაგრამ, ალბათ, იმასაც ვერ ხვდება, რომ ამავე დროს, მისმა ავტომატმა დაკარგა ძალა. მე არ ვიცი, მართალია თუ არა ჩემი წარმოდგენილი ამბავი... იმედი მაქვს, რომ აქ ფრანკფურტში ძალიან ბევრი ამბები საქართველოდან გადალახავენ საზღვარს“.

ნინო ხარატიშვილი ფრანკფურტის ბაზრობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:05:04 0:00

ანბანით მოთხრობილი ქართული პავილიონი

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ქართული პავილიონი 1800 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და შვიდ სივრცედ იყოფა: მთავარი სცენა, მცირე სცენა, კაფე-ბარი, წიგნების ზონა, ფოტოგრაფიის ოთახი, ტიპოგრაფის ოთახი, აუდიო/ვიდეო სივრცე. პავილიონის დიზაინი გაჯერებულია როგორც ქართული ორნამენტებით, ასევე სპეციალურად ამ პავილიონისთვის შექმნილი ქართული შრიფტით.

პირველი სივრცის, მთავარი სცენის, დეკორაციის ინსპირაცია ძველი ქართული - ხევსურული - ორნამენტია. სწორედ ეს სცენა არის მასპინძელი მთავარი კულტურული და ლიტერატურული ღონისძიებებისა და 160 სტუმარს დაიტევს. პავილიონის მეორე სივრცეა მცირე სცენა. ეს სცენაც ლიტერატურასა და საგამომცემლო ღონისძიებებს ეთმობა. სივრცე 24 სტუმარს მიიღებს. მესამე სივრცეა კაფე. იქ მისული სტუმრები იპოვიან კერძებს როგორც ადგილობრივი სამზარეულოდან, ისე კერძებს ქართული სამზარეულოდან. კაფეტერიის სივრცეში რვა მაგიდა დგას და ის ერთდროულად 32 სტუმრისთვისაა გათვლილი. მეოთხე სივრცეა წიგნების ზონა. ამ სივრცეში განლაგებული თაროები 800 წიგნზეა გათვლილი. აქვე იქნება გამოყოფილი სივრცე ბავშვებისთვის, სადაც ქართველი ილუსტრატორები მათ არაერთ საინტერესო და თავშესაქცევ აქტივობას შესთავაზებენ. მეხუთე სივრცე ფოტოგრაფიის ოთახია. ეს არის ძველი ქართული დარბაზის არქიტექტურის ელემენტებისგან შემდგარი სივრცე. ამ სივრცეში დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს თბილისის ფოტოები. მეექვსე სივრცეა ტიპოგრაფი. შეიძლება ითქვას, რომ ამ სივრცეში ყველაზე ახლოს და ხელშესახებად გაიცნობენ სტუმრები ქართულ ანბანს, თითოეულ ასო-ბგერას. საბეჭდი მანქანა, ე.წ. პლოტერი, სამახსოვრო ბარათზე მათ თვალწინ მოხაზავს და დაბეჭდავს მათთვის სასურველ ასო-ბგერას ქართული ანბანიდან. მეშვიდე სივრცე აუდიო/ვიდეო ოთახს ეთმობა. ამ სივრცეში შესულ სტუმარს საშუალება აქვს მოისმინოს როგორ ჟღერს ქართული ანბანი. პავილიონის დიზაინი გაჯერებულია როგორც ქართული ორნამენტებით, ასევე სპეციალურად ამ პავილიონისთვის შექმნილი ქართული შრიფტით.

9-14 ოქტომბერს ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება. ამ დღეებში გამოიფინება უცხოეთში გამოცემული რამდენიმე ასეული ქართული წიგნი - მათ შორის, 300 უახლესი თარგმანი. ბაზრობის კვირეულზე ქართულ ლიტერატურას 72 ავტორი წარადგენს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გასული საუკუნის შუა წლებიდან იღებს სათავეს. რამდენიმე წლიანი წყვეტის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს, ის ხელახლა გაიხსნა და გააგრძელა ომამდელი ტრადიცია. მაშინ, ბაზრობაში,დაახლოებით, 100 წიგნის გამომცემლობა იყო ჩართული. ახლა კი ბაზრობა 7 200-ზე მეტ გამომცემლობას, 100-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ქართველი გამომცემლობები ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში 90-იანი წლების მიწურულიდან მონაწილეობენ, თუმცა მასშტაბური ეროვნული სტენდით საქართველო ფრანკფურტის ბაზრობაზე 2008 წლიდანაა წარმოდგენილი.

XS
SM
MD
LG