Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორჯერ დაჭერილი წითელი ცირკულარით ძებნილი ყახაზეთის მოქალაქე


კარვები რუსთაველის გამზირზე, 11 ივნისი
კარვები რუსთაველის გამზირზე, 11 ივნისი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც შსს-მ 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე დააკავა, გენერალური პროკურატურის ცნობით, თავდაპირველად 2014 წლის 5 სექტემბერს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა ექსტრადირებულიყო ყაზახეთის რესპუბლიკაში:

„2014 წლის 5 სექტემბერს პროკურატურის შუამდგომლობით უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო ბ.ლ.-ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადირება, თუმცა ის მიიმალა და ამ დრომდე იძებნებოდა ქართველი სამართალდამცველების მიერ. ამჟამად ბ.ლ. დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. მის მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიება, რათა გადაეცეს ყაზახეთის მხარეს და წარდგეს ადგილობრივი მართლმსაჯულების წინაშე".

პროკურატურა რადიო თავისუფლების შეკითხვებზე, თუ რომელ წელს შემოვიდა ბ.ლ. საქართველოში, როდის დააკავეს თავდაპირველად ან როგორ მოახერხა მიმალვა საექსტრადიციო პირობებში მყოფმა, იყო თუ არა ამ წლების განმავლობაში დასახელებული პიროვნება საქართველოს ტერიტორიაზე, იძებნებოდა თუ არა საქართველოში ჩადენილი რაიმე დანაშაულისათვის, პასუხს არ იძლევა.

ამას გარდა, ზოგმა მედიამ, თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ შსს-ს მიერ 11 ივნისს რუსთველზე დაკავებული ყახაზეთის მოქალაქე ბ.ლ.-ს სახელი და გვარი ბესლან ლორსანოვია, რომლის დაკავების თაობაზე 2013 წელს იუწყებოდა შსს, და ის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის, გარემოცვასთანაა დააკავშირებული. მედიაში გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციის თანახმად, ყახაზეთის მოქალაქე ეთნიკური ჩეჩენია. ეს ცნობა მალხაზ მაჩალიკაშვილმა თავისი შვილის სახელით გახსნილ ფეისბუკგვერდზე უარყო და აღნიშნა, რომ დასახელებულ პიროვნებასთან მის ოჯახს არავითარი კავშირ არ აქვს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის, ინფორმაციით, 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 8 პირი. მათ გარდა, შსს-სავე ცნობით, იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე დააკავეს ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი, რომელიც აქციას უერთდებოდა, პიროვნების იდენტიფიცირებისას კი პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. შსს-ს ინფორმაციით, ამ პირს შემოწმებისას დანა აღმოუჩინეს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG